როგორც საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თბილისში გამართული დემონსტრაცია ტრაგიკულად დასრულდა, რადგან ინდივიდუალური პირები დაშავდნენ.
“თავის განცხადებაში მინისტრი ტიმერმანსი ხაზს გაუსვამს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებს, რადგან ეს ფუნდამენტური უფლებებია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიცვას”, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ნიდერლანდების საელჩო ყურადღებას ამახვილებს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კეტრინ ეშტონის მიერ დღეს, 17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე:
“2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიის და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მსურს კიდევ ერთხელ დავადასტურო ევროკავშირის მხრიდან თანასწორობისა და არადისკრიმინაციის მტკიცე მხარდაჭერა. მრავალ ქვეყანაში გენდერული იდენტობა და სექსუალური ორიენტაცია კვლავ რჩება ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების საბაბად. გეები, ბისექსუალები, ტრანსგენდერები და ინტერსექსუალები (“ლგბტი”) დღესაც ხდებიან დევნის, დისკრიმინაციის, ცუდი მოპყრობისა და ხშირად უკიდურესი ძალადობის მსხვერპლნი.
ევროკავშირი აწარმოებს დაუღალავ კამპანიას სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მიუხედავად ადამიანის უფლებათა პატივისცემის ხელშესაწყობად. ლგბტ უფლებათა პატივისცემის საკითხები ჩვენ მიერ წამოიჭრება
ადამიანის უფლებების თაობაზე დიალოგის ფარგლებში, ვაკეთებთ საჯარო განცხადებებს და ჩვენი წარმომადგენლობების მეშვეობით არაოფიციალურ საქმიანობას ვეწევით სამართლისა და ადამიანის უფლებების დასაცავად. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის ევროპული ინსტრუმენტის მეშვეობით ევროკავშირი მხარს უჭერს ლგბტ უფლებათა დამცველებს მთელ მსოფლიოში.
ჩვენ მივესალმებით გაეროს მიერ სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიადაგზე არადისკრიმინაციის პრინციპის მიმართ მხარდაჭერას, კერძოდ, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე 2011 წლის 17/19-ე რეზოლუციას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ სფეროში ძალისხმევის გაგრძელებასა და
გაძლიერებას.”