საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ პოლიციამ არ დაუშვა, ეს ყველაფერი გადაზრდილიყო სერიოზულ დაპირისპირებაში:
“მე ვფიქრობ, პოლიცია იდგა მოწოდების სიმაღლეზე, რომ არ დაუშვა, ეს ყველაფერი გადაზრდილიყო სერიოზულ დაპირისპირებაში. ძალიან დიდი აგრესია იყო იქ შეკრებილი საზოგადოებიდან გამოვლენილი ლგბტ პირების მიმართ. მე ვფიქრობ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი უფრო დიდ დაპირისპირებაში არ გადაზრდილიყო. ჩვენ რამდენადაც გვაქვს ინფორმაცია, ლგბტ ადამიანები ტრანსპორტით გარიდებული არიან მასობრივი შეკრების ადგილს. იქ შეკრებილმა საზოგადოებამ კი სამებაში გადაინაცვლა მეუფე იაკობის თხოვნით და მოთხოვნით. ამჟამად სიტუაცია განმუხტულია. ეს აქცია კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ხელისუფლების პასუხისმგებლობას და ხაზს უსვამს ხელისუფლების პასუხისმგებლობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე. ჩვენ გუშინ, გუშინწინ მივეცით პირობა საზოგადოებას, ყველაფერს გავაკეთებდით იმისთვის, რომ სამოქალაქო მშვიდობა ამ აქციაზე ყოფილიყო დაცული. გავაკეთეთ ყველაფერი, რაც ჩვენს ძალებში იყო.”
მისივე თქმით, ესმის, რომ ბევრი ადამიანი იყო აქციის წინააღმდეგი:
“მე მესმის, ძალიან ბევრი ადამიანი იყო წინააღმდეგი ამ აქციისა. მე კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, საქართველოს კონსტიტუცია მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიოტორიაზე. კანონის წინაშე არის ყველა თანასწორი. ადამიანებს აქვთ უფლება შეიკრიბონ თავისუფლად და გამოხატონ თავისი ნება. საქართველოს ყველა ხელისუფლება, ამჟმინდელი და მომავალი, ვალდებულია უზრუნველოყოს სამოქალაქო მშვიდობა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ეს არის ჩვენი ვალდებულება და ჩვენ ამ ვალდებულებას შევასრულებთ, ვიდრე ვართ ხელისუფლებაში“.