ახალი ამბები

კობახიძის თქმით, კონსტიტუციის პროექტის საბოლოო ვარიანტში 4 ცვლილება იქნება ასახული

5 სექტემბერი, 2017 • 2276
კობახიძის თქმით, კონსტიტუციის პროექტის საბოლოო ვარიანტში 4 ცვლილება იქნება ასახული

საშემოდგომო სესიის გახსნამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იმ ცვლილებების შესახებ ისაუბრა, რომლებიც კონსტიტუციის პროექტში მეორე მოსმენის შემდეგ შევიდა. როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, ცვილებები პროექტში დოკუმენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისას გამოთქმული შენიშვნების მიხედვით შევიდა. კობახიძის თქმით, საშემოდგომო სესიის დროს განსახილველ საკითხებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სწორედ კონსტიტუციის მესამე მოსმენით მიღეებაა.

კობახიძის თქმით, დოკუმენტში შეიცვალა რამდენიმე მუხლის ფორმულირება:

„არის ოთხი ცვლილება შეტანილი დოკუმენტში. ეს დოკუმენტი განსხვავდება, ბუნებრივია, მეორე მოსმენით განხილვის დროს დარიგებული ვარიანტისგან. ოთხივე ცვლილება არის შეტანილი პროექტში იმ შენიშვნების მიხედვით, რომლებიც გამოითქვა პლენარულ სხდომაზე. ერთი ეხება ღირსების უფლების შესახებ მუხლის სათაურს  -შესაბამის მუხლს დაერქვა ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა. ეს არის ერთი ცვლილება. ამ შემთხვევაში ბატონი ანრი ოხანაშვილი იყო შესაბამისი შენიშვნის ავტორი.  მორიგი შენიშვნა ეხებოდა ჯანმრთელობის დაცვის უფლებას. აქ ბატონი აკაკი ზოიძის ინიციატივა იყო ფორმულირების დახვეწა და ამ ინიციატივის შესაბამისად შეიცვალა შესაბამისი ფორმულირება. ასევე შეიცვალა ფორმულირება, რომელიც ეხებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევის წესს. აქ იყო ბატონი გიორგი ხატიძის ინიციატივა, რომ ორგანული კანონის დათქმა დაკონკრეტებულიყო, ანუ მითითება დაემატა ნორმას იმის თაობაზე, რომ ორგანული კანონით დადგენილი წესით აირჩევა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე”- ამბობს კობახიძე.

მეოთხე ცვლილება კი თამარ ხულორდავას ინიციატივას უკავშირდება, რომ არჩეული პრეზიდენტის უფლებამოსილება ექვსი წლის ვადით განისაზღვროს:

“ეს ცვლილება ეფუძნებოდა იმ მოსაზრებას, რომ  პროპორციული წესით  საქართველოში საქართველოს პარლამენტი პირველად 2024 წელს ირჩევა და სასურველი იყო, ამის შემდეგ არჩეულიყო პრეზიდენტი უკვე ახალი, არაპირდაპირი წესით, 300 ხმოსნის მიერ. ეს იყო ოთხი შენიშვნა, რომელიც გამოითქვა პლენარულ სხდომაზე და რომელიც გაზიარებულ იქნა ჩემ მიერ, როგორც მომხსენებლის მიერ. აქედან გამომდინარე, მხოლოდ და მხოლოდ ეს ოთხი შესწორებაა შეტანილი იმ დოკუმენტში, რომელიც მეორე მოსმენისთვის დარიგდა“- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

კობახიძის თქმით, მესამე მოსმენის დროს დოკუმენტში რედაქციული ცვლილებები არ იქნება:

„ წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც მესამე მოსმენის დროს არა რედაქციული ცვლილებები შეჰქონდათ დოკუმენტში და როდესაც აპარებდნენ დოკუმენტში გარკვეულ ცვლილებებს. თქვენ გახსოვთ 2010 წელს, როდესაც მიიღო მაშინდელი მოწვევის პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები, მესამე მოსმენის დროს შევიდა არაერთი არასარედაქციო ცვლილება დოკუმენტში, ფუნდამენტურად გადაისინჯა თითქმის დოკუმენტი მესამე მოსმენისთვის. ეს არის ის რეალობა, რომელიც ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს. ასეთი მანიპულაციები არ არის დამახასიათებელი ჩვენთვის, პარლამენტის მოქმედი ხელმძღვანელობისთვის, მოქმედი შემადგენლობისთვის. შესაბამისად, ჩვენ დავდეთ ზუსტად ის დოკუმენტი, რომელიც დამტკიცდა მეორე  მოსმენით საქართველოს პარლამენტის მიერ“- თქვა ირაკლი კობახიძემ.

მმართველი გუნდის წევრის, ზვიად ძიძიგურის თქმით, პარლამენტი კონსტიტუციის პროექტის საბოლოო ვარიანტს სექტემბრის მეორე ნახევარში უყრის კენჭს. ამის შესახებ მან დღევანდელი ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი