ახალი ამბები

რატომ არ აღნიშნავენ უფლებადამცველები ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს

17 მაისი, 2013 • 966
რატომ არ აღნიშნავენ უფლებადამცველები ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს

ამ დროისთვის ჩვენ ორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან მოვახერხეთ დაკავშირება.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ მათი ორგანიზაცია დღევანდელ აქციას მხოლოდ დააკვირდება, თუმცა ორგანიზაციის ცალკეულ წევრებს, სურვილის შემთხვევაში, აქციაში მონაწილეობა არ ეზღუდებათ:

 

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას აქციაზე ეყოლება დამკვირვებლები და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ ყველა ზომა გამოიყენოს, რათა დღევანდელმა დღემ ჩაიაროს მშვიდად და ექსცესებს არ ჰქონდეს ადგილი. საიას თითოეული თანამშრომლის გადასაწყვეტია, მიიღონ მონაწილეობა, როგორც მონაწილეებმა, ეს მათი უფლებაა, მაგრამ ორგანიზაცია ამ შემთხვევაში დამკვირვებლებს წარადგენს და მათგან მიიღებს ინფორმაციას”, – აცხადებს კოჟორიძე.

 

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” წარმომადგენელი ვახუშტი მენაბდე აცხადებს, რომ მისი ორგანიზაციაც  მონიტორინგის მისიით შემოიფარგლება დღევანდელ აქციაზე:

 

“ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, გვაქვს მონიტორინგის მისია, სადაც უნდა დავაკვირდეთ პოლიციის მოქმედებას, რამდენად შეასრულებს მასზე დაკისრებულ მისიას. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს შეკრება კონსტიტუციასთან შესაბამისია, მისი შეწყვეტის უფლება არავის აქვს, მათ შორის არც სახელმწიფოს და მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ უზრუნველყონ შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლება დღევანდელი დღისთვის. რაც შეეხება კონტრდემოსნტრაციას, რა თქმა უნდა, ადამაინებს აქვთ უფლება გამოხატონ საკუთარი პოზიცია, თუნდაც ის მცირე ჯგუფის საწინააღმდეგო იყოს, თუმცა ამან არ უნდა გამოიწვიოს უფლებების რეალიზაციაში ხელშეშლა,” – აცხადებს ვახუშტი მენაბდე.

 

კითხვაზე, თუ რატომ არ მონაწილეობს ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია, რომელსაც ის წარმოადგენს, დღევანდელ აქციაში, ვახუშტი მენაბდე პასუხობს:

 

“ჩვენ გვაქვს მონიტორინგის მისია. ამ შემთხვევაში ჩვენთვის მნიშნელოვანია შევამოწომოთ, რამდენად შეასრულებს ვალდებულებას პოლიცია. მონიტორინგის მისია სწორედ ამ მიზნით შევქმნით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოცემულ მონეტში პირველი რიგის პრიორიტეტი არის, სახელმწიფომ უზრუნველყოს ნებისმიერი ჯგუფის უფლებების რეალიზაცია და ჩვენი ფუნქცია არის, გავაკონტროლოთ”.

 

გუშინ საქართველოში მოქმედმა ექვსმა ადამიანის უფლებების დამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციამ – საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) – განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ისინი დღევანდელ აქციას დააკვირდებიან მხოლოდ.

 

ანალოგიური განცხადება გააკეთა გუშინ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა, თუმცა ამ დრომდე ჩვენ ვერ მოვახერხეთ მოქმედ და ყოფილ სახალხო დამცველებთან დაკავშირება, რათა გაგვერკვია, მიიღებენ თუ არა ისინი მონაწილეობას დღევანდელ აქციაში, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვას ეძღვნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი