17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ (IDAHO). 1990 წლის ამ დღეს მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა ავადმყოფობათა საერთაშორისო კლასიფიკაციიდან ამოიღო.
წელს თბილისში ჰომოფობიისა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ორგანიზაცია “იდენტობისა” და “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” ორგანიზებით, მშვიდობიანი აქციისთვის მზადება დიდი ხანია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორებმა ამასთან დაკავშირებით შეტყობინება ქალაქ თბილისის მერიასაც გაუგზავნეს. აქციის დაწყება პარლამენტთან 13.00 საათზეა დაგეგმილი.
აღნიშნული დემონსტრაციის წინააღმდეგ კი ალტერნატიული აქციის გამართვას გეგმავს რამდენიმე ჯგუფი. ისინი შეკრებას 17 მაისს, დილიდან რამდენიმე ადგილზე დაიწყებენ.
დილის 9 საათიდან პარლამენტის შენობის წინ ორი დამოუკიდებელი ჯგუფი შეიკრიბება. ერთის შემადგენლობაში 12 არასამთავრობო ოგანიზაციის წარმომადგენლები შედიან. მათი მთავარი მოთხოვნაა ქვეყანაში განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება აეკრძალებათ.

პარლამენტის წინ იქნება 10–მდე კაცისგან შემდგარი დამოუკიდებელი ჯგუფიც, რომლებიც აქციის კონკრეტულად პარლამენტის წინ გამართვას აპროტესტებენ, რადგან ეს არის “წმინდა ადგილი”. ამ მოთხოვნით აღნიშნული ჯგუფის ერთმა წევრმა, ბესო მიქავამ, დღეს, 16 მაისს შიმშილობა დაიწყო.
ლგბტ პირების მხარდასაჭერი აქციის მოწინააღმდეგეთა რამდენიმე ჯგუფი 10 საათიდან ფილარმონიის წინაც დაიწყებს შეკრებას. მათ შორის იქნებიან პირები, რომლებიც საკუთარ თავს ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის ვეტერანებს უწოდებენ. მათ დღეს წერილით პრემიერ–მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს მიმართეს და რეაგირებისკენ მოუწოდეს.
დაახლოებით 11 საათისთვის ფილარმონიასთან შეკრებილი ხალხი პარლამენტის მიმართულებით მსვლელობის გამართავს. აქციის მონაწილეთა ნაწილის განცხადებით, მათი მიზანია დაიკავონ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, რათა ლგბტ პირთა უფლებების დამცველ ადამიანებს აქციის გამართვის საშუალება აღარ მიეცეთ.

17 მაისს დაგეგმილი აქციების მონაწილე არც ერთი მხარე შესაძლო დაპირისპირებას არ გამორიცხავს.
ხვალინდელ დემონსტრაციასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა პატრიარქმა:
“თბილისის მერიამ და ხელისუფლებამ უნდა გააუქმოს ჰომოსექსულებისათვის მიცემული ნებართვა დემონსტრაციისა” – ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.
პრემიერ–მინისტრის თანაშემწე თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციით და სახელმწიფოს არ აქვს მანდატი, ეს უფლება ვინმეს შეუზღუდოს. მისი თქმით, პარტიარქის დღევანდელი მოწოდება, რომ ლგბტ პირებს ამის უფლება არ მიეცეთ, სამართლებრივად არასწორია:
“როგორც ერთ ჯგუფს, ასევე მეორეს აქვს უფლება, რომ შეიკრიბოს, თუმცა აუცილებელია, რომ ძალადობრივი ფორმები არ მიიღოს აღნიშნული აქციის ორგანიზებამ. სახელმწიფოს როლი ამ შემთხვევაში გამოიხატება იმაში, რომ, ერთი მხრივ, ხელი არ შეუშალოს თავისუფალ, მშვიდობიან შეკრებას, ხოლო, მეორე მხრივ, თუკი აქცია მშვიდობის ფარგლებს გასცდა, უფრო აქტიური როლის შეასრულოს. მე როგორც ვიცი, შსს საკმაოდ მომზადებულია და აქტიურად ემზადება, რომ უსაფრთხოება იქნეს სრულად დაცული”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ხვალინდელ აქციას დააკვირდება სახალხო დამცველის აპარატიც. აპარატის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსი სოფო ბენაშვილი აცხადებს, რომ თუკი რაიმე დაპირისპირება მოხდა, ამაზე პასუხისმგებლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრება:
“ყველა ადამიანს აქვს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება, შეიკრიბოს და გამართოს აქცია, ამავდროულად, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოს და შესაბამისი ღონისძიებები გაატაროს ნებისმიერი ინციდენტის პრევენციისთვის და მონაწილეებს ბოლომდე მიეცეთ აქციის ჩატარების შესაძლებლობა. თუ წარმოიშვა რაიმე დაპირისპირება, რა თქმა უნდა, ამაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება შინაგან საქმეთა სამინისტროს”, – აცხადებს სოფო ბენაშვილი.
ორგანიზაცია “იდენტობის” იურისტი ნინო ბოლქვაძე აცხადებს, რომ დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, თუკი საჭირო გახდება, აქცია ზუსტად პარლამენტის წინ არ გაიმართება:
“ჩვენ არ გვინდა დაპირისპირება, მათ შეიძლება დაიკავონ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, მაგრამ ისინი არ არიან იმდენი, რომ დაიკავონ ყველა ქუჩა და ყველა მოედანი ქალაქში, ამიტომ აქციის გამართვას მოვახერხებთ. თუმცა მე არ მგონია, რომ აქციის სხვაგან გამართვის საჭიროება გახდეს აუცილებელი. ჩვენ არ ვართ იმდენი, რომ ვერ დავეტიოთ, გადავკეტოთ გზა, ან დაგვჭირდეს ფეხბურთის მოედანი”, – აცხადებს ნინო ბოლქვაძე.
17 მაისს დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა თომას ჰამერბერგმაც. მან იმედი გამოთქვა, რომ უმცირესობის წარმომადგენლებს მიეცემათ საშუალება მშვიდობიანად ჩაატარონ აქცია:
“მე ვიმედოვნებ, რომ ხვალ არ იქნება არანაირი ძალადობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველას შეეძლოს საკუთარი აზრის გამოხატვა. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ნებისმერი ადამიანის უფლებებს, ვინც გინდა იყვნენ ისინი და უარი უნდა ვთქვათ დისკრიმინაციაზე”, – განაცხადა ჰამერბერგმა.
შარშან,, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით “იდენტობის” მიერ ორგანიზებული მსვლელობა, რომელიც ლგბტ ადამიანების მიმართ არსებული სტიგმისა და უარყოფითი განწყობის შეცვლისკენ იყო მიმართული, ჩაიშალა იმის გამო, რომ მსვლელობის მონაწილეებს გზა გადაუკეტეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ეს ფაქტი სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშშიც მოხვდა.
