ახალი ამბები

უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის რეგულაციების დაწესებაზე მუშაობა იწყება [Video]

16 მაისი, 2013 •
უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის რეგულაციების დაწესებაზე მუშაობა იწყება [Video]

დღეს, 16 მაისს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს კანონში „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ იმსჯელეს. აღნიშნული ინიციატივა უცხოელებზე მიწის მიყიდვისთვის რეგულაციების დაწესებას ითვალიწინებს. საკანონმდებლო წინადადების ავტორები ანა ფირცხალაიშვილი,  პაატა კოღუაშვილი დაზაურ ჯინჯოლავა არიან. კომიტეტის გადაწყვეტილებით, წინადადება საკანონმდებლო ინიციატივად არ დარეგისტრიტდა, თუმცა კომიტეტი წერილობით მიმართავს ხელისუფლებას, რომ მიწების გაყიდვაზე მორატორიუმი გამოცხადდეს და პარლამენტს მიეცეს გონივრული ვადა, რათა მან კომპლექსური განხილვა დაიწყოს პრობლემის. 

 

კომიტეტის თავმჯდომარის, გიგლა აგულაშვილის თქმით,  წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება უცხოელებზე მიწის მიყიდვის  შეზღუდვას კი არა, ფაქტობრივად, აკრძალვას ითვალისწინებდა:

 

“კომიტეტმა მიიჩნია, რომ საკითხი არის კომპლექსური და მათი გადაჭრისთვის უფრო დიდი მუშაობაა საჭირო. კომიტეტის სხდომაზე, რომელშიც მთავრობის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, უმრავლესობა ფიქრობდა, რომ გარკვეული შეზღუდვების დაწესება არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მოთხოვნებს. ჯამში, კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს წინადადება არ იქნას დარეგისტრრებული, როგორც საკანონმდებლო ინიციატივა, მაგრამ, ამავდროულად, შემუშავებული იქნა რეკომენდაცია მთავრობის მიმართ და პარლამენტის მიმართ, რომ რაც შეიძლება სწრაფად და ოპერატიულად ამუშავდეს ისეთი მექანიზმი, რომელიც ამ პროცესს გარკვეული ვადით შეაჩერებს და მიეცეს შესაძლებლობა მთავრობასაც და პარლამენტსაც, რომ შეიმუშავოს ერთიანი პოზიცია, მდგრადი სტრატეგიული ხედვა, თუ რა დამოკიდებულება აქვს სახელმწიფოს საკითხთან დაკავშირებით.”

 

აგულაშვილი მიიჩნევს, რომ უცხოელებისთვის შეზღუდვები უნდა დაწესდეს როგორც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწების მიყიდვაზე, ასევე, იურიდიული და კერძო პირების მიწების მიყიდვაზეც. 

 

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით შერვაშიძე აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება:  

 

“საქართველოს მთავრობას აქვს ერთიანი პოზიცია. ჩვენ შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი. ეს ჯგუფი წარმოადგენს იმ საკითხების ნუსხას, რომელიც აუცილებლად უნდა გდაწყდეს პირველ ეტაპზე და მთავრობა ერთიანად მივიღებთ გადაწყვეტილებას. მე რამდენადაც ვიცი, ამ მომენტისთვის უცხოელებისთვის მიწის მიყიდვა შეჩერებულია.”

მასალების გადაბეჭდვის წესი