გამოძიების აღნიშნულ ეტაპზე სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულ იქნა და ბრალი წარედგინა შპს „რუსმეტალის“ ფინანსურ დირექტორ გერონტი ცვარიანს და მთავარ ბუღალტერ თამარ ჯავაშვილს.
პროკურატურის განცხადებით, შპს „რუსმეტალის“ წარმომადგენლების მიერ განხორციელდა 2 400 000 ლარის გათეთრება და მისთვის კანონიერი სახის მიცემა.
პროკურატურის ინფორმაციით, შპს „რუსმეტალი“, რომლის დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა მინდია მინდელი, სილიკო-მანგანუმის რეალიზაციას ახდენდა საზღვარგარეთის ქვეყნებში. აღნიშნული საგარეო ეკონომიკური ოპერაციების დროს, მიღებული მოგების დამალვის მიზნით, ყალბდებოდა ექსპორტის ამსახველი დოკუმენტები და ნამეტი (უკანონო) შემოსავლები შემდგომში ირიცხებოდა შპს „რუსმეტალის“ მიერ კონტროლირებად ოფშორულ კომპანია „ჰარმონ პრემიერში”, ხოლო შემდგომში ფიქტიური ხელშეკრულების საფუძველზე შპს „რუსმეტალს“ უბრუნდებოდა, როგორც სესხის სახით მიღებული თანხები.
კონტროლირებადი ოფშორული კომპანიიდან ფიქტიური სესხის სახით მიღებული თანხებისათვის კანონიერი სახის მიცემისა და ,,გათეთრები“-ს მიზნით შპს „რუსმეტალის“ წარმომადგენლები ქმნიდნენ ყალბ სალაროს გასავლის ორდერებს ზემოხსენებული სესხის გასტუმრების თაობაზე,რომლის თანახმადაც, 2011 წელს, შპს ,,რუსმეტალის“ სალაროდან ნაღდი ფულის სახით, ვინმე ნიკოლოზ ამბოკაძეზე, როგორც ოფშორული კომპანია ,,ჰარმონ პრემიერის“ წარმომადგენელზე ნაღდი ფულის სახით გაცემულ იქნა 2 440 000 ლარი, მაშინ, როცა აღნიშნული თანხის გასტუმრება შესაძლებელი იყო მომხდარიყო საბანკო გადარიცხვის მეშვეობით.
ამ საკითხზე ნიკოლოზ ამბოკაძემ, რომელიც კომპანია ,,ჰარმონ ლიმიტედის“ წარმომადგენელია, ჩვენება 2013 წლის 13 მარტს მისცა.
ამბოკაძის ჩვენების თანახმად, ხსენებული 2 440 000 ლარი შპს „რუსმეტალმა“ მას გადასცა, თითქოსდა კომპანია ,,ჰარმონ პრემიერის“ მიმართ არსებული სასესხო დავალიანების დასაფარად.
ამბოკაძის ჩვენების თანახმად, 2011 წლის განმავლობაში შპს „რუსმეტალმა“, გამოწერილი სალაროს გასავლის ორდერების თანახმად, ნიკოლოზ ამბოკაძეს ნაღდი ფულის სახით ცხრა ეტაპად გადასცა ზემოხსენებული 2 440 000 ლარი, თუმცა ექვს შემთხვევაში, საზღვრის კვეთაზე გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ნიკოლოზ ამბოკაძე საქართველოში საერთოდ არ იმყოფებოდა, ანუ ზემოხსენებულ ორდერებზე დაფიქსირებული თანხის გაცემის თარიღები არ ემთხვევა ნ. ამბოკაძის საქართველოში ყოფნის პერიოდს.