“თბილისის მერიამ და ხელისუფლებამ უნდა გააუქმოს ჰომოსექსულებისათვის მიცემული ნებართვა დემონსტრაციისა, მით უმეტეს, რომ დღეს მთელ ქვეყანაში საყოველთაო გლოვაა მოყვასისათვის თავგანწირული ვაჟკაცებისა,” – ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში, რომელიც დღეს საგანგებო ბრიფინგზე ჟურნალისტებს ქორეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა გააცნო:
“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ამა წლის 17 მაისს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილია სექსუალური უმცირესობების და მათი მხარდამჭერების შეკრება, რომელიც მიზნად ისახავს არა ამ ადამიანების რეალური პრობლემების მოგვარებას, არამედ თემით სპეკულირებას, რადგან ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრებული ტრადიციების და აზროვნების მიუხედავად, მათ შეუზღუდავად შეუძლიათ წარმართონ თავისი პირადი ცხოვრება. ფაქტია ისიც, რომ არის ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, რომლებიც საერთოა ყველა დროსა და სივრცეში, მათ შორისაა ზნეობრივი კანონები. ყველა რელიგია და მეცნიერული მიმართულებები, ფსიქოლოგია, მედიცინა, ჰომოსექსუალიზმს ანომალიად და დაავადებად მიიჩნევს. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობთ ახლად შექმნილ ფსევდომეცნიერულ შეხედულებებს. ეკლესია ასეთი მიდრეკილებების მქონე ადამიანებს განიხილავს მეტად მძიმე ცოდვაში მყოფ პიროვნებებად, რომლებსაც დახმარებისა და გaმოსწორებისათვის სულიერი თანადგომა სჭიდებათ და არა წახალისება და, მით უმეტეს, მათი მდგომარეობის მოსახლეობისთვის თავსმოხვევა.
ეს იგივეა, რომ მოგვწონდეს ნარკომანის ქმედება და თანაც ნარკომანიის საყოველთაო აფიშრებას ახდენდენ. ჩვენს ხალხს სულ სხვა სულისკვეთება აქვს და ამიტომაც გასაგებია მათი მძაფრი პროტესტი კონკრეტულად ამ და ზოგადად, ასეთი შეკრებების მიმართ. ჩვენი მოქალაქეები ამაში ხედავენ უმრავლესობის უფლებების დარღვევას, მათი ტრადიციების, სარწმუნოებისა და, ზოგადად, აზროვნების წესის შეურაცხყოფას.
ვფიქრობთ, თბილისის მერიამ და ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ეს და გააუქმოს ჰომოსექსუალებისთვის მიცემული ნებართვა დემონსტრაციისა, მით უმეტეს, რომ დღეს მთელ ქვეყანაში საყოველთაო გლოვაა მოყვასისთვის თავგანწირული ვაჟკაცებისა.
შევნიშნავ იმასაც, რომ საერთაშორისო კონვენციები ცალსახად იძლევიან იმის უფელბას, რომ საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, უწესრიგობისა და დანაშაულის თავიდან აცილების, სხვათა უფლებებისა და ღირსების დაცვის მიზნით, შეიძლება შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება”, – ნათქვამია ილია მეორეს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საპატრიარქოს პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელსაც საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, საქართველოში მოქმედი კიდევ 8 რელიგიური გაერთიანება აწერდა ხელს. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ “გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმთავრესი დასაყრდენია” და რომ “ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება არის ხელშეუხებელი”. აღნიშნული განცხადებით ხელმომწერი რელიგიური გაერთიანებები მოუწოდებდნენ 17 მაისის აქციის მონაწილეებს (როგორც იმათ, ვინც აღნიშნავენ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს, ისე – მოწინააღმდეგეებს) არაძალადობრივი ქმედებებისა და ამასთან, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სექსუალური ორიენტაციის დემონსტრირებისა და პროპაგანდისაგან თავშეკავებისკენ.