ახალი ამბები

ხვედელიძე თანამდებობიდან საკუთარი ინიციატივის საფუძველზე გაათავისუფლეს

15 მაისი, 2013 • • 1941
ხვედელიძე თანამდებობიდან საკუთარი ინიციატივის საფუძველზე გაათავისუფლეს

მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლად მითებულია “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 95–ე მუხლი.

 

აღნიშნული მუხლი კი გულისხმობს შემდეგს:

 

“მუხლი 95. განთავისუფლება საკუთარი ინიციატივის საფუძველზე

 

პირი თავისი ინიციატივით თავისუფლდება სამსახურიდან, თუ მისი სამსახურში მიღების უფლების მქონე მოხელე ან დაწესებულება დააკმაყოფილებს მის წერილობით განცხადებას”.

 

გელა ხვედელიძის ადვოკატმა კახაბერ სოფრომაძემ დღეს, 15 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, რომ გელა ხვედელიძე ინარჩუნებდა ირაკლი ღარიბაშვილის მოადგილის პოსტს და პროკურატურას დღემდე არ ჰქონდა მიმართული სასამართლოსთვის მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. ადვოკატმა ისიც განაცხადა, რომ შესაძლოა ხვედელიძეს საკუთარი სურვილით დაეტოვებინა დაკავებული თანამდებობა.

 

შს მინისტრის პირველი მოადგილე 12 მაისს დააკავეს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის ინტერნეტში განთავსებისა და გავრცელების გამო. გელა ხვედელიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მესამე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებას, შენახვას ან გავრცელებას იმის მიერ, ვისაც სამსახურებრივი მდგომარეობის, პროფესიული საქმიანობის ან სხვა გარემოების გამო ევალებოდა ამ საიდუმლოს დაცვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული დანაშაულისთვის სასჯელის ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების შეზღუდვა ან თავისუფლების აღკვეთა სამ წლამდე ვადით, თანამდებობის დაკავების ან  საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ასევე, სამ წლამდე ვადით ან უამისოდ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ გელა ხვედელაძეს დღეს აღმკვეთ ღონისძიებად გირაო 5 ათასი ლარის ოდენობით შეუფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი