მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ თბილისში, ძველი შენობის აღსადგენად ტენდერი უკვე გამოაცხადა. რა ძირითად მოტივს ასახელებენ არგუმენტებად დეპუტატები პარლამენტის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით?
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტი და მთავრობა ერთ ქალაქში უნდა იყოს. მისი თქმით, ამჟამინდელი მდგომარეობა ხელისუფლებასთან კომუნიკაციის და მათი კონტროლის პრობლემას ქმნის:
“როდესაც არის ლაპარაკი საპარლამენტო რესპუბლიკაზე, მით უმეტეს, რომ საქართველო ამ გზით მიდის, პარლამენტსა და მთავრობას შორის მანძილი უნდა იყოს დაახლოებით ისეთი, როგორიც არის ბუნდესტაგსა და გერმანიის მთავრობას შორის. სულ გვაქვს პრობლემა, ხან ვერ ჩამოდის მინისტრის მოადგილე, ხან აგვიანებს. დღეს გვყავდა საფრანგეთის ელჩი, თქვა, რომ პრობლემაა. ახლახან გავისტუმრეთ ევროსაბჭოს დელეგაია. იმისთვის, რომ 1 საათი ჩვენთან ელაპარაკათ, დაკარგეს მთელი დღე.”
ბერძენიშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის ქუთაისში გადატანა სისულელე და უნიკალური იდიოტიზმია:
“არავინ არ არის კმაყოფილი. თქვენ ვერ იპოვით ვერავის ევროპელს, რომელიც მოიწონებს დადაქალაქისა და პარლამენტის დაშორებას. ასეთი სისულელე არ არსებობს მსოფლიოში, ეს არის უნიკალური იდიოტიზმი.”
ბერძენიშვილი ამბობს, რომ მსოფლიოში მხოლოდ ერთხელ იყო ანალოგიური შემთხვევა. კერძოდ, პარალელს პინოჩეტის შემთხვევასთან ავლებს.
“მე არ მაქვს პრობლემა, მაგრამ პრობლემა აქვს ქვეყანას, ხარჯი, უაზროდ დროის კარგვა და საერთოდ აკვიატება, რომ დედაქალაქში არ იყოს პარლამენტი, ასეთი აკვიატება, მე მგონი, არანორმალურია. ის, რომ თავიდანვე სხვაგან იყო და სხვაგან გადაიტანეს, ასეთი მაგალითი შეიძლება ვინმემ იპოვოს, მაგრამ არსებული პარლამენტი დედაქალაქიდან რომ გადაიტანოს ვინმემ, ასეთი მაგალითი არ არის, დედაქალაქის გადატანის მაგალითები არის.”
საპირისპირო მოსაზრება აქვს საპარლამენტო უმცირესობის წევრ ჩიორა თაქთაქიშვილს. მას არასწორად მიაჩნია პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობის პრობლემების ტერიტორიასთან დაკავშირება. თაქთაქიშვილის თქმით, საქმე გვაქვს არა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მთავრობის კონტროლთან, არამედ პირიქით, მთავრობის და ბიძინა ივანიშვილის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის კონტროლთან:
„დღეს გვაქვს სიტუაცია, როდესაც პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი ამბობს, რომ მე ახლოს მინდა მყავდეს პარლამენტი, მე მინდა დავტუქსო პარლამენტი იმის გამო, რომ ისინი ისე კარგად ვერ ასრულებენ ჩემ მიერ გაცემულ დავალებებს. სურვილი პარლამენტის დაახლოებისა მთავრობასთან გამოწვეული და მოტივირებულია უფრო მეტად მთავრობის მხრიდან და პრემიერ-მინისტრის მხრიდან თავისი საპარლამენტო უმრავლესობის კონტროლით, რომელიც, როგორც თვითონაც ამბობს, რამდენჯერმე აღუნიშნავს, მას ისე სათანადოდ არ გამოსდის. არაერთხელ უთქვამს, რომ მეტი მისი შეხვედრები არის საჭირო საპარლამენტო უმრავლესობასთან.“
თაქთაქიშვილი დარწმუნებულია, რომ პარლამენტი ქუთაისში დარჩება, რადგან, მისი თქმით, დასავლეთ საქართველოში მცხოვრები მოსახლეობა ამას იმსახურებს.
რაც შეეხება მთავრობასთან კომუნიკაციას, თაქთაქიშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო უმცირესობას არ უჭირს მთავრობის წევრების დაბარება და მათი გაკრიტიკება:
“საპარლამენტო ოპოზიციამ არაერთი მინისტრი დაიბარა ფრაქციის სხდომებზე, ძალიან მწვავე დებატებიც გაიმართა. ასეთი რამ მე, მაგალითად, არ მახსოვს, რომ უმრავლესობას თვითონ გაეკეთებინა. თუკი საუბარია საპარლამენტო კონტროლზე, სწორედ ასეთი შეხვედრებით, სწორედ იმ წერილობითი ინფორმაციის გაცვლით ხდება ამ კონტროლის დაწესება, რომელსაც დღეს, სამწუხაროდ, მხოლოდ ოპოზიცია იყენებს მთავრობის გასაკონტროლებლად. რა თქმა უნდა, ეს ცუდია იმიტომ, რომ ხელისუფლებას უფრო დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, პასუხი მოთხოვოს მთავრობას არასწორი გადაწყვეტილებების დროს.”