ახალი ამბები

ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრს მიმართავენ

15 მაისი, 2013 • • 2052
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრს მიმართავენ

არასამთავრობო ორგანიზაციები თარხან-მოურავისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ და პრემიერ-მინისტრს რეაგირებისკენ მოუწოდებენ. “კოალიცია გამჭირვალე თვითმმართველობისთვის” მიიჩნევს, რომ თარხან-მოურავის განცხადება ქუთაისის მერის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის მონაწილეების და, ზოგადად, ქალაქის მაცხოვრებლების შეურაცხყოფაა:


“დღევანდელი ჩვენი შეკრების მიზეზი არის ბატონ თარხან-მოურავის მიერ გაკეთბული ქუთაისელებისთვის შეურაცხმყოფელი და კანონგარეშე განცხადება, რადგან დაარღვია კანონი “საჯარო სამსახურის შესახებ.” ის აბუჩად იგდებს კონკურსში მონაწილე ადამიანებს, როცა ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრის კანდიდატს აირჩევენ მერად და სრული იგნორირება გაუკეთა საკონკურსო საატესტაციო კომისიას. ჩვენ გვინდა მივმართოთ პრემიერს. მან ან დაადასტუროს, რომ  ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება მერის საკითხთან დაკავშირებით, ან გასცეს პასუხი ამ განცხადების ავტორს.”


აღნიშნული კომისიის წევრი ზურაბ ხურციძე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია “საჩინოს” წარმომადგენელია, გამორიცხავს, რომ თარხან-მოურავის განცხადება პრემიერ-მინისტრთან ყოფილიყო შეთანხმებული:


“მე ვარ უმართავი თვითონ კომისიაში, არ მაინტერესებს, ვისი აზრია და ჩემთან ვერავინ იტყვის, რომ დაკვეთა შევასრულო. გამოვრიცხავ, რომ თარხან-მოურავის განცხადება პრემიერ-მინისტრთან ყოფილიყო შეთანხმებული, ეს გამორიცხეთ ყველამ. მე დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ პრემიერი საქმის კურსში არ არის. თარხან-მოურავმა ისარგებლა ივანიშვილის სახელით და ალბათ მას მოუწევს ბოდიშის მოხდა, პირველ რიგში, პრემიერის მიმართ და მერე ქუთაისის საკრებულოს მიმართ.”


ხურციძის მტკიცებით, თუ შენიშნავს, რომ კომისია მიკერძოებულად მუშაობს, ის კომისიას დატოვებს. 


დღევანდელ შეხვედრას ქუთაისის მერობის კანდიდატი ბაკურ ბალანჩივაძე ესწრებოდა. მისი თქმით, თარხან-მოურავის განცხადება არასერიოზულია:


“ბატონი ბიძინა ივანიშვილის მოქმედება დღმდე საფუძველს მაძლევს იმისას, რომ ის ამ პროცესებში არ ერევა და არ ჩაერევა. არ ვთვლი, რომ გარემო არაკონკურეტუნარიანია, მე მივიღებ მონაწილეობას და გაიმარჯვებს ღირსეული.”


შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ ქუთაისში იმყოფებოდა “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი დავით თარხან-მოურავი. აღნიშნული პარტია ქუთაისის საკრებულოში უმრავლესობას ფლობს, მას შემდეგ, რაც ეს ფრაქცია შექმნეს იმ დეპუტატებმა, რომლემბაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განხორციელებული სამთავრობო ცვლილების შედეგად დატოვეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”. თარხან-მოურავმა ქუთაისში განაცხადა, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატურა შეიტანს განაცხადს ქუთაისის მერის ვაკანტური პოსტის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში და სწორედ ეს ადამიანი იქნება “პატრიოტების” მიერ მხარდაჭერილი და დანიშნული ქუთაისის მერის თანამდებობაზე.


ქუთაისის მერის შესარჩევად კონკურსი მაისის დასაწყისში გამოცხადდა. იმავე პერიოდიდან შექმნილია სპეციალური კომისიაც, რომელშიც საკრებულოს წევრების გარდა არიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. 

მასალების გადაბეჭდვის წესი