ახალი ამბები

სოზარ სუბარი: ციხეების ყოფილი ადმინისტრაცია თანამშრომლობდა “მაყურებლებთან”

15 მაისი, 2013 • • 1056
სოზარ სუბარი: ციხეების ყოფილი ადმინისტრაცია თანამშრომლობდა “მაყურებლებთან”

“ქსნის დაწესებულებიდან 5 თანამშრომელი გავუშვით მაყურებლებთან თანამშრომლობის გამო. შევარდნაძის დროს მხოლოდ ქურდები აკონტროლებდნენ ციხეს, სააკაშვილის დროს კი ადმინისტრაცია და მაყურებლები – ერთად”, – განაცხადა სოზარ სუბარმა დღეს, 15 მაისს, ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს. 

 

მინისტრის თქმით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ყოფილი ხელისუფლება შეეცადა ე.წ. მაყურებლების საშუალებით ციხეებში სიტუაცია აერია. სუბარმა ამის მაგალითად 2012 წლის შემოდგომაზე რუსთავის ციხეში მომხდარი არეულობის მცდელობა დაასახელა. მისი თქმით, რუსთავის ციხეში არეულობას 6 მაყურებელი მართავდა, საიდანაც 2 კარცერში ჩასვა ახალმა დირექტორმა და ამას მოყვა არეულობის მცდელობა.

 

მინისტრის ინფორმაციით, ყოფილი პატიმრები თავიანთ ჩვენებებში ყვებიან, როგორ მუშაობდა მაყურებლების სისტემა ციხეებში და ამას იძიებს პროკურატურა, თუმცა დამატებითი დეტალების გასაჯაროება ამ ეტაპზე არ ისურვა.

 

“პირველ რიგში საჭიროა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. აშენდება “მკაცრი მეთვალყურეობის სისტემის” ციხე, სადაც მსგავსი ადამიანები განთავსდებიან. ეს ტერმინი შევა კანონმდებლობაში; გარდა ამისა, ერთმანეთისგან გაიმიჯნებიან ქურდული მენტალიტეტისა და სხვა პატიმრები, ისინი სხვადასხვა ციხეებში განთავსდებიან”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი