როგორც პრემიერმა დღეს, 14 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე “ნეტგაზეთის” მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ვიცე–პრემიერ მარგველაშვილის საპრეზიდენტო თანამდებობაზე წარდგენა კოალიციის საბოლოო გადაწყვეტილებაა. ივანიშვილის თქმით, იმის შესახებ, რომ მარგველაშვილის კანდიდატურა შეიძლება შეიცვალოს, ხმებს ნაციონალური მოძრაობა განზრახ ავრცელებს იმისათვის, რომ მას არათანმიმდევრულობაში დასდოს ბრალი.
“გამახსენეთ, რამდენი გადაწყვეტილება მაქვს შეცვლილი პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ, პირიქით, მე ვარ ძალიან თანამიმდევრული, ვიცავ ჩემს მიერ ადრე გაკეთებულ განცხადებებს და ხშირად პროგნოზებსაც კი “ვარტყავ” ხოლმე”, – აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” მიერ დასახელებული საპრეზიდენტო კანდიდატის თაობაზე 12 მაისს კომენტარი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც გააკეთა. მან არ გამორიცხა, რომ ივანიშვილმა მარგევლაშვილის საკითხზე აზრი შეიცვალოს. პრემიერი კი ამბობს, რომ სააკაშვილის განცხადებას საფუძველი არ გააჩნია.
“ნეტავ გეკითხათ სააკაშვილისთვის, რა საფუძველი ჰქონდა მის ამ განცხადებას”, – ამბობს იგი.