ქუთაისის ვიცე-მერი ამირან ძოწენიძე გუშინ “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. ძოწენიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება ქალაქის შეურაცხყოფაა:
“ეს განცხადება აბუჩად აგდებაა თვითმმართველობის, აბუჩად აგდებაა იმ კომისიის, რომელიც თავიდანვე გვეგონა, რომ უმაქნისი და უიდეო იქნებოდა. მას არანაირი ძალა არ აქვს. ბატონი თარხან-მოურავის განცხადება ქალაქის შეურაცხყოფაა, შეურაცხყოფაა იმ 50 ადამიანის, რომელთაც მერის შესარჩევ კონკურსზე განაცხადი შეიტანეს. “
კომისიის ერთ-ერთი წევრი და ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” თავმჯდომარე კახა ნემსიწვერიძე ამტკიცებს, რომ კომისია სრულიად დამოუკიდებელია:
“ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატი აუცილებლად გავა, მაგრამ მანამდე არის კონკურსი. კომისია ჩატარდება კანონის წესების დაცვით.”
ამჟამად ქუთაისის მერობა ორმოცდაათამდე ადამიანს სურს, ხოლო კომისიაში 7 წევრია: თამაზ მარგველაშვილი, მამუკა მღვდელაძე, კახა ნემსიწვერიძე, ზურა ხურციძე, ნესტან ნებულიშვილი, ნინო დვალი, გელა მშვენიერაძე.