ახალი ამბებიხელოვნება

გიორგაძე: ქეთევან დედოფლის ნეშტი მთელ საქართველოში იმოგზაურებს

30 აგვისტო, 2017 • 16723
გიორგაძე: ქეთევან დედოფლის ნეშტი მთელ საქართველოში იმოგზაურებს

საქართველოს კულტურის მინისტრის თქმით, ინდურ მხარესთან კონტრაქტის საბოლოოდ გაფორმების შემდეგ, ქეთევან დედოფლის ნეშტი საქართველოში მინიმუმ 6 თვით დარჩება, ხოლო წმინდა ნაწილები მთელ საქართველოში იმოგზაურებს. ამის შესახებ მიხეილ გიორგაძემ კულტურის სამინისტროში დღეს ისაუბრა.

მინისტრის თქმით, ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილების გადმოსვენებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში ჩართული იყო როგორც კულტურის სამინისტრო, ისე საგარეო საქმეთა სამინისტროც. როგორც გიორგაძე ამბობს, ქართული მხრიდან კონტრაქტს ხელს აწერს ეროვნული მუზეუმი, ხოლო ინდური მხრიდან – არქეოლოგიის ეროვნული სააგენტო:

“ჩვენი მხრიდან კონტრაქტზე ხელი მოწერილი და გადაგზავნილია ინდური მხარისთვის. იქ შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ უკვე ხელმოწერა მოხდება მეორე მხრიდანაც და ჩვენ მზად ვიქნებით წმინდა ნაწილების ტრანსპორტირებისთვის. ბუნებრივია, რომ რამოდენიმე ჩვენი ინდოელი კოლეგაც ჩამობრძანდება საქართველოში.”

მიხეილ გიორგაძის განცხადებით, დღეს მთელი ძალისხმევა იყო ფოკუსირებული სწორედ ქეთევან დედოფლის ნეშტის საკითხზე, რომელიც ინდოეთშია. თუმცა ამ პროცესის დასრულების შემდეგ გიორგაძე არ გამორიცხავს, რომ სხვა ქვეყნებთანაც დაიწყოს ქართულმა მხარემ მოლაპარაკებები ამასთან დაკავშირებით.

“ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების ჩამოსვენების შემდეგ, პრაქტიკულად, მთელ ქვეყანას ექნება შესაძლებლობა, მოილოცოს – ნეშტი არ იქნება მხოლოდ თბილისში და არ გაჩერდება მხოლოდ ერთ ადგილას, არამედ იმოგზაურებს მთელ საქართველოში, ყველა ეპარქიაში. დღევანდელი კონტრაქტი ჩვენ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დროებით (6 თვით) მოხდეს წმინდა ნაწილების ჩამობრძანება, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს იმისთვის, რომ ეს ვადა გარკვეული ხნით კიდევ უფრო გაგრძელდეს. როგორც მინიმუმ, ექვსი თვე ჩვენ გვექნება საშულება, რომ ეს წმინდა ნაწილები საქართველოში იმყოფებოდეს,” – განაცხადა კულტურის მინისტრმა.

საქართველოს მთავრობის განკარგულების მიხედვით, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების 6 თვით საქართველოში ჩამობრძანების ორგანიზებასთან დაკავშირებული ღონისძიებების დასაფინანსებლად საჭირო თანხა 343 310 ლარს შეადგენს.

ისტორიული წყაროების თანახმად, კახეთის დედოფალი ქეთევან მუხრანბატონი (დაახლოებით 1570-1624), რომელიც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, 1624 წელს ირანის ქალაქ შირაზში შაჰ-აბასის ბრძანებით წამებით მოკლეს, რადგან უარი თქვა სარწმუნოების შეცვლაზე.

ისტორიული წყაროების მიხედვით, დედოფლის წამების მოწმე პორტუგალიელმა მისიონერებმა ნეშტი ფარულად ამოთხარეს და ისპაჰანის ავგუსტინელთა მონასტერში წაიღეს დასაკრძალად. მოგვიანებით, მისიონერებმა ქეთევან დედოფლის სხეულის ნაწილები საქართველოში ჩამოიტანეს, სადაც 1723 წლამდე ინახებოდა, შემდგომ კი დაიკარგა.

2013 წელს ჟურნალმა ARCHEOLOGY–მ გაავრცელა განცხადება, რომელიც ამტკიცებდა, რომ გოაში მდებარე ეკლესიის ნანგრევებში აღმოჩენილი ძვლები, სავარაუდოდ, ქეთევან დედოფალს ეკუთვნოდა. მათი ინფორმაციით, ქვის სარკოფაგში აღმოჩენილი მკლავის ძვლების დნმ–ის ანალიზმა აჩვენა, რომ დიდი ალბათობით ძვლებს ინდოეთთან კავშირი არ აქვს და ქართული წარმოშობის იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი