ახალი ამბები

საპრეზიდენტო კანდიდატები არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე

14 მაისი, 2013 •
საპრეზიდენტო კანდიდატები არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე

შეიცვლება თუ არა “ქართული ოცნების” კანდიდატი არჩევნებამდე?

 

ოპონენტები, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი, ვარაუდობენ, რომ მმართველი კოალიცია გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურას საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალურად დაწყებამდე შეცვლის. საპირისპიროს აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი და ამბობს, რომ კოალიცია არჩევანის შეცვლას არ აპირებს.

 

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ვიცე–პრემიერი გიორგი მარგველაშვილი კოალიცია “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატად ორიოდე დღის წინ პრემიერ–მინისტრმა წარუდგინა საზოგადოებას:


“ერთსულოვნება არის მთელ გუნდში, შესაბამისად, სხვა კანდიდატების განხილვის აუცილებლობა არ დამდგარა და არც განგვიხილავს. თუ ერთხმად ყველა მხარს უჭერს, სხვაზე რაღატომ უნდა ილაპარაკო?” – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მარგველაშვილის წარდგენისას.


კოალიცია “ქართულ ოცნებაში” დარწმუნებულები არიან, რომ მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს და ხელისუფლების კურსს გააგრძელებს. ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვით, რომელიც გასულ თვეში ამერიკის ეროვნულ–დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) ჩაატარა, გამოკითხულთა უმრავლესობა, 58 პროცენტი, პრეზიდენტად “ქართული ოცნების” კანდიდატს ისურვებდა, თუმცა უცნობია, როგორია პერსონალურად მარგველაშვილის რეიტინგი. იმავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 29 პროცენტმა შეაფასა კარგად განათლების მინისტრის თანამდებობაზე მარგველაშვილის მუშაობა, 34-მა პროცენტმა – საშუალოდ, 10-მა პროცენტმა – ცუდად, ხოლო 26-მა პროცენტმა მინისტრის საქმიანობის შეფასებისაგან თავი შეიკავა. ამ შედეგით მარგველაშვილი მინისტრთა კაბინეტის 9 წევრს ჩამორჩა. მოგვიანებით ამ კვლევას პრემიერ–მინისტრი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ, მისი აზრით, მთავრობაში ყველაზე წარმატებული სწორედ ვიცე–პრემიერის საქმიანობა იყო. სწორედ მარგველაშვილის მინისტრობის პერიოდს უკავშირდება განათლების სამინისტროში მომხდარი რამდენიმე ცვლილება: პედაგოგების ხელფასების ზრდა, სტუდენტთა გრანტების გაორმაგება და მოსწავლეთათვის სახელმძღვანელოების უფასოდ გადაცემა, თუმცა ამ უკანასკნელმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაც გამოიწვია, რადგან აღნიშნული პროექტის რეალიზაციისათვის გიორგი მარგველაშვილმა წინა მთავრობის განათლების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის 2011 წლის 25 თებერვლის №30/ნ ბრძანების ის მუხლი აამოქმედა, რომელიც წინა ხელისუფლებას არ გამოუყენებია. ამ ყველაფერს კი გამომცემელთა პროტესტი მოჰყვა.

 

 

შეძლებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას?


ვიდრე ბიძინა ივანიშვილი გიორგი მარგველაშვილს დაასახელებდა კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატად, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ ზურაბიშვილთან მოლაპარაკების დეტალებზე ვერ ისაუბრებს და აღნიშნა, რომ ის არ არის მისი გუნდის წევრი, შესაბამისად, შეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა.

 

ამის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ფიქრობს დააყენოს დამოუკიდებლად თავისი კანდიდატურა:

 

“ახალი პრეზიდენტი, ჩემი აზრით, უნდა იყოს ხალხის არჩეული და არავის დანიშნული. ახალი პრეზიდენტი არ უნდა იყოს არანაირი გუნდის წარმომადგენელი. ერთადერთი გუნდი ვიცი მე და ეს არის საქართველო. ამიტომ ვფიქრობ დამოუკიდებელ კანდიდატურაზე, ჯერ ვფიქრობ, ამიტომ ამ ნაბიჯის გადადგმისთვის მე მჭირდება ხალხის მხარდაჭერა, რეალური მხარდაჭერა. თუ ეს მხარდაჭერა იქნება ჩემთვის გასაგები და ყველასაგან მისაღები, მაშინ მე გადავდგამ ამ ნაბიჯს”, – ეს განცხადება ზურაბიშვილმა 12 მაისს, ფოთში გააკეთა.

 

სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

მან საქართველო უკვე დატოვა. საფრანგეთში დაბადებულმა და გაზრდილმა ქართველმა პოლიტიკოსმა სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება “ვარდების რევოლუციის” შემდეგ მიიღო. იგი 2004–2005 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად მუშაობდა, რის შემდეგაც ოპოზიციაში გადაინაცვლა და პოლიტიკური გაერთიანება “საქართველოს გზა” დააფუძნა. 2010 წელს მან ქართული პოლიტიკა დატოვა და მუშაობა უცხოეთში განაგრძო. იგი გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტის ირანის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელად დაინიშნა.


არსებობს სამართლებრივი კითხვები იმის თაობაზე, შეძლებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში მონაწილეობას:


იურისტი ვახუშტი მენაბდე “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ საქართველოს ის მოქალაქე, ვინც საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურის დაყენებას გადაწყვეტს,  მინიმუმ 35 წლის უნდა იყოს, ჯამში, საქართველოში ხუთი წელი მაინც უნდა ცხოვრობდეს და არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში უნდა ცხოვრობდეს.


“კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველო უნდა იყოს მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. შეიძლება შრომითი კონტრაქტით რაღაც დროის მანძილზე საქართველოში არ იმყოფებოდეს, მაგრამ ეს არსებითად არაფერს ცვლის. მთავარია, რომ მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იყოს საქართველო. მე, სამწუხაროდ, არ ვიცი, სად არის რეგისტრირებული სალომე ზურაბიშვილი და რამდენი ხანი იყო საქართველოში, ეს არ ვიცი, ამიტომ ამაზე კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით”, – ამბობს მენაბდე.


არსებობს კიდევ ერთი კითხვა, რომელიც ზურაბიშვილის მოქალაქეობის თემას უკავშირდება.

 

“საქართველოს კონსტიტუციის 26–ე მუხლში წერია, რომ პრეზიდენტის, პრემიერ–მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, თუმცა, როგორც ცნობილია, განხორციელდა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც 2014 წლის 1 იანვრამდე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შესაბამისი ასაკიდან აქვთ იმ პირებსაც, რომლებიც დაბადებულები არიან და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობდნენ საქართველოში და ამ მუხლის მოქმედების მომენტისათვის გააჩნიათ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ზემოხსენებული შეზღუდვა. ანუ 2014 წლის 1 იანვრამდე თუ მას აქვს ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეობა და საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს, მაშინ მას აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება”, – აცხადებს ვახუშტი მენაბდე. რაც შეეხება იმას, შეუძლია თუ არა, მაგალითად, საფრანგეთის და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა, იურისტი განმარტავს, რომ კონსტიტუციაში ეს საკითხი ბუნდოვნად არის ჩამოყალიბებული, თუმცა გონივრული ლოგიკიდან გამომდინარეობს, რომ 2014 წლის 1 იანვრამდე ასეთი ორი პასპორტის მქონე ადამიანებსაც შეეძლებათ კენჭისყრა.


“ნეტგაზეთი” შეეცადა უშუალოდ სალომე ზურაბიშილთან გაერკვია ეს საკითხები, თუმცა, როგორც პარტია “საქართველოს გზაში” განაცხადეს, მან საქართველო უკვე დატოვა და აფრიკის კონტინენტზე გაემგზავრა. ჩვენ წერილობით გავგზავნეთ სალომე ზურაბიშვილთან შესაბამისი შეკითხვები და მის პასუხებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

 

“ნაციონალური მოძრაობა” ჯერ პრაიმერის კანდიდატებს არჩევს


“ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა” საპრეზიდენტო კანდიდატს ამ დრომდე არჩევს. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პარტია საპრეზიდენტო კანდიდატს შიდა არჩევნების, ანუ პრაიმერის მეშვეობით გამოავლენს. პარტიის ერთ–ერთი ლიდერის მიხეილ მაჭავარიანის ცნობით, ნაც. მოძრაობის კანდიდატის ვინაობა ივნისის თვეში გახდება ცნობილი. გუნდიდან გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო კანდიდატებს შორის მოიაზრებიან დეპუტატები – გია ბარმიძე, დავით ბაქრაძე, ზურაბ ჯაფარიძე და პარტიის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი. ცნობილია, რომ უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია პრაიმერში მონაწილეობას არ აპირებს. მსგავსი განზრახვა არც თბილისის მერს გიგი უგულავას გააჩნია.


“მე შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ არ ვაპირებ კენჭისყრას, შეასაბამისად, ამას არც პარტია განიხილავს. მე ვარ ქალაქის მერი არჩეული პირდაპირი წესით 2014 წლამდე. მაქვს უამრავი გეგმა, პროექტები, რომლებიც დაწყებულია. სოციალური ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც უნდა მივიდეს 2014 წლამდე. შესაბამისად, მომდევნო მერმა, ვისაც მერე აირჩევს ქალაქი, იმან გადაიბაროს, განავითაროს”, – განაცხადა გიგი უგულავამ 28 მარტს.

 

 

“გამარჯვების შემთხვევაში მე ვიქნები ოპოზიციონერი პრეზიდენტი”

 

ამ ციტატის ავტორი “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილია, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას უკვე მეორედ შეეცდება.


შალვა ნათელაშვილი
შალვა ნათელაშვილი

“გამარჯვების შემთხვევაში მე დაგიბრუნებთ ყველაფერ წართმეულს: სულიერიდან დაწყებული ეკონომიკურით დამთავრებული. სოციალური სამართლიანობა იქნება უზრუნველყოფილი და არ დავუშვებ, რომ ერთი ადამიანი მაინც შიმშილობდეს”, – ასეთია შალვა ნათელაშვილის ამომრჩევლისადმი მიმართვა.


იგი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში არა ხელისუფლებასთან კოჰაბიტაციას, არამედ “ივანიშვილ–სააკაშვილის ხელისუფლების” მთავრობიდან გაშვებას აპირებს.

 

“კონფრონტაციული განცხადებების გარეშე ჩვენ ვერ მოვახერხებთ ვაიძულოთ ივანიშვილს, რომ თავისი მილიონებიდან რამე გაიღოს და მოაშლევინოს საკუთარ მმართველ კლასს ჩვენი ბიუჯეტის ჭამა. კონფრონტაციული განცხადებების გარეშე და ისეთი ინტელიგენტური კონსტრუქციულ–ოპოზიციონერობით არაფერი გამოვა. ჩვენ ვნახეთ, ეს რა შედეგებით დასრულდა ქვეყნისათვის. საპრეზიდენტო კომპეტენციაში არსებობს [ბრძოლის] ძალიან ბევრი ბერკეტი: კანონზე ხელის არმოწერა, ვეტო, მისი გადალახვის პრობლემა. მე პრეზიდენტად ისევ ოპოზიციონერი დავრჩები. როდესაც დავინახავ, რომ ხალხის საქმეს არ აკეთებენ, მოვალ ჟურნალისტებთან, ჩავატარებ ბრიფინგს, გავალ ხალხში, ჩავატარებ მიტინგს და საჭიროების შემთხვევაში, შიმშილობასაც დავიწყებ. შევქმნი დიდ ეროვნულ ბლოკს ოპოზიციური პარტიებისაგან და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ მთავრობიდან გავაგდოთ ივანიშვილი და მისი მინისტრები. უნდა მოვიდეს ეროვნული მთავრობა. პრეზიდენტად არჩევა ჩემი პირველი ნაბიჯი იქნება ამ გზაზე”, – აცხადებს ნათელაშვილი, რომელიც ამბობს, რომ არჩევნებში მოსახლეობის მხარდაჭერის იმედი აქვს.


იგი პირობას დებს, რომ თუ პრეზიდენტი გახდება, ნეპოტიზმში არ ჩაეფლობა და საქართველოში ყველას ექნება განვითარების თანაბარი პირობები მიუხედავად ნათესაური კავშირებისა. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ლეიბორისტების ლიდერის განცხადებით, პრეზიდენტის თანამდებობაში ამ თვალსაზრისით სიტუაციის გამოსწორების მნიშნელოვან ბერკეტებს ხედავს:


“საქართველო არ უნდა იყოს საერთაშორისო ურთიერთობებში გამწვავების ფაქტორი, პროვოკატორი და მეზობელი გეოპოლიტიკური ვეშაპების მსხვერპლი. ასეთი საგარეო კურსის წარმოებას ეროვნული ხელისუფლება სჭირდება”.


“ქალბატონი მონაწილეობს საპრეზიდენტო არჩევნებში და ეს უკვე გამარჯვებაა”


ასე მიაჩნია პრეზიდენტობის კიდევ ერთ კანდიდატს – ნესტან კირთაძეს. ისტორიკოსმა ნესტან კირთაძემ, რომელიც წლების განმავლობაში ლეიბორისტული პარტიის საერთაშორისო მდივანი იყო, საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მონაწილეობის შესახებ განცხადება 13 მაისს გააკეთა. კირთაძე კენჭს დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით იყრის.


ნესტან კირთაძე
ნესტან კირთაძე

“ქართულ-აფხაზურ-ოსური საერთაშორისო მოძრაობის” ხელმძღვანელი ნესტან კირთაძე ამბობს, რომ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში მისი მთავარი ლოზუნგი იქნება – “არა ვინმეს წინააღმდეგ, არამედ – საქართველოსთვის”.

 

ლეიბორისტული პარტიის ყოფილი წევრი აცხადებს, რომ ევროპეიზმი და დასავლური ვექტორი ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია, ამიტომ იგი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში მოქმედი და წინა მთავრობის მიერ არჩეული  დასავლური პოლიტიკური კურსის გადახედვას არ აპირებს.


“ჩემი  მთავარი ფოკუსი არის ქვეყნის წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევები: დაშლილი ტერიტორიული მთლიანობა და პირდაპირი დიალოგი ოსებთან და აფხაზებთან”, – ამბობს იგი და დასძენს, რომ ამ პრობლემის გადაჭრის გასაღები არა რომელიმე უცხო ქვეყნის ციხესიმაგრეში, არამედ თბილისში დევს.


რაც შეეხება არჩევნებში გამარჯვების შანსებს, კირთაძე “ნეტგაზეთის” შეკითხვას შემდეგნაირად პასუხობს:


“მე აბსოლუტურად რეალისტი ადამიანი ვარ და როდესაც დამოუკიდებელი კანდიდატი, ქალბატონი მონაწილეობს საპრეზიდენტო არჩევნებში და ეს მისი დებიუტია, ვფიქრობ, რომ ეს უკვე არის გამარჯვება. როდესაც მას მოაქვს ქვეყნის მთლიანობის და სამშვიდობო პროცესის პლატფორმა, ეს უკვე გამარჯვებაა, როდესაც ასეთი თამამი ნაბიჯები იდგმევა, ეს უკვე გამარჯვებაა. მე ვარ უკიდურესად პრაგმატისტი და ამ მიმართულებით ყალბ ოცნებებსა და კოშკებს არ ვაგებ. მონაწილეობა უკვე ძალიან საინტერესოა”.


შეირჩევა თუ არა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი?

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს კახა კუკავას “თავისუფალი საქართველო”, თუმცა, როგორც პარტიის ლიდერმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, ჯერ არ არის ცნობილი, თუ ვის დაასახელებენ საპრეზიდენტო კანდიდატად:


“დღეს და ხვალ ჩავატარებთ პოლიტსაბჭოს სხდომებს. შევხვდებით რეგიონულ ორგანიზაციებსაც და ჩამოვყალიბდებით”.


კუკავა ყველა არასაპარლამენტო ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალასთან გეგმავს კონსულტაციებს.


“ჩვენ სხვა პარტიებთანაც გვექნება კონსულტაციები იმის მიუხედავად, ვის ჰყავს კანდიდატი და ვის არა. ჩვენი დაპირებები არ შეიცვლება და რა ძირითადი მიდგომაც საპარლამენტო და შუალედურ არჩევნებზე გვქონდა, ის დაპირებები იქნება ისევ. ეს არის ორი ძირითადი მიმართულება: პირველი, ხელისუფლება უნდა ზრუნავდეს ღარიბებზე და მეორე, ეროვნული ინტერესების დაცვა. სამწუხაროდ, საქართველოში სხვადასხვა ქვეყანა: რუსეთი, შეერთებული შტატები და თურქეთი ბევრად უფრო დიდ როლს თამაშობს, ვიდრე ქართველი ხალხის ინტერესები. ჩვენ ეს ორი ძირითადი პრიორიტეტი გვექნება ამ არჩევნებზეც და ყველა მომდევნო არჩევნებზეც”, – განაცხადა მან.


კუკავას თქმით, მათი  მთავარი ამოცანა არჩევნებში გამარჯვებაა, თუმცა მეორე ადგილიც არ არის უმნიშვნელო შედეგი. როგორც ცნობილია, 27 აპრილს ნაძალადევის ოლქში ჩატარებულ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებზე კუკავამ მეორე ადგილი დაიკავა და მხოლოდ “ქართული ოცნების” კანდიდატს, თამარ კორძაიას ჩამორჩა.


“თუნდაც ის, რომ ჩვენ ნაცმოძრაობა საპრეზიდენტო არჩევნებშიც დავამარცხოთ და არ მივცეთ მეორე ადგილის დაკავების საშუალება, ესეც არ არის მცირე ამოცანა. თუ ჩვენ შევძლებთ ამ არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთხელ “გაფარჩაკებას”, ეს პოლიტიკურ ლეგიტიმაციას გამოაცლის მიმდინარე კოჰაბიტაციის პროცესს”, – აცხადებს იგი.


საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ქრისტიან–დემოკრატებიც აპირებენ, თუმცა მათ შესაძლოა საპრეზიდენტო კანდიდატად გიორგი თარგამაძე არ დაასახელონ.

“ჩვენ გვაქვს რამდნეიმე იდეა და ვარიანტი. კონსტიტუციაში ახალი ნორმები შედის ძალაში და ეს მიმართულია იქითკენ, რომ პარტიული ლიდერი არ იყოს პრეზიდენტი, ანუ აქცენტი მდგომარეობს იმაში, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს მიუკერძოებელი ადამიანი, რომელიც კრიზისულ ვითარებაში განმუხტავს სიტუაციას. შესაბამისად, ის უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც აქვს შესაბამისი ცოდნა, გამოცდილება, უნარები და საზოგადოების ნდობა. ჩვენ მიგვიჩნია, რომ ფართო კოალიციის სახით შევთავაზოთ საზოგადოებას კანდიდატი. ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები რამდენიმე ადამიანთან, უბრალოდ ჯერ ვერ გეტყვით მათ ვინაობას”, – ამბობს ლევან ვეფხვაძე და დასძენს, რომ ის ადამიანები, ვისთანაც ქდმ მოლაპრაკებებს აწარმოებს, ამჟამად საქართველოში ცხოვრობენ. მათ შორის არ არის ბიზნესმენი ლევან ვასაძე. ექს–დეპუტატის თქმით, გამორიცხული არ არის, რომ ქდმ–მ პარტიული ლიდერის კანდიდატურაც შესთავაზოს საზოგადოებას, თუმცა ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ არჩევნებში მონაწილე კანდიდატები ძირითადად პარტიების წარმომადგენლები იქნებიან.


“მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ადამიანი რომელიმე პარტიასთან ნაკლებად ასოცირებული უნდა იყოს”.

 

ცნობილია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ნინო ბურჯანაძის “დემოკრატიული მოძრაობაც” გეგმავს. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე არ აკონკრეტებს აპირებს თუ არა თვითონ კენჭისყრაში მონაწილეობას:

 

“რაც შეეხება კანდიდატურებს, მე ზოგადად მიამჩნია, რომ სწორი იქნება, ამ საკითხებზე საარჩევნო კამპანიის დროს ვისაუბროთ. იმედი მაქვს, რომ ჩვენს ქვეყანაში აღარ იქნება ისეთი ვითარება, რომ არჩევნებში მონაწილეობამ აზრი დაკარგოს. ამიტომ ჩვენი პარტია ყველა არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.”

მასალების გადაბეჭდვის წესი