ახალი ამბები

რკინიგზის დეპარტამენტთან მოშიმშილეთა მხარდასაჭერი აქცია იმართება

29 აგვისტო, 2017 • 1716
რკინიგზის დეპარტამენტთან მოშიმშილეთა მხარდასაჭერი აქცია იმართება

თბილისში, რკინიგზის დეპარტამენტის შენობასთან მოშიმშილეთა მხარდასაჭერი აქცია იმართება. აქციას პროფკავშირების წარმომადგენლები და “აუდიტორია 115”-ის წევრები შეუერთდნენ. ერთ-ერთი მოშიმშილე მერაბ თარგამაძე აქციის მიმდინარეობისას ცუდად გახდა და ადგილზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის გამოძახება გახდა საჭირო. თარგამაძე დღეიდან მშრალ შიმშილობაზე გადავიდა.

აქციის მონაწილეები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, დაინტერესდეს მოშიმშილეების პრობლემებით და რკინიგზის ადმინისტრაციისგან მოლაპარაკებების დაწყებას მოითხოვენ.

შიმშილობის აქცია რკინიგზასთან 09.08.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

შიმშილობის აქცია რკინიგზასთან 09.08.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

შიმშილობის აქცია რკინიგზასთან 09.08.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

საქართველოს რკინიგზის შენობის წინ 15 აგვისტოს შიმშილობის აქცია დაიწყეს სამუშაო პირობების ცვლილებით უკმაყოფილო თანამშრომლებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ ხელმძღავნელების გადაწყვეტილებით, მათ სამუშაო ადგილი შეთანხმების გარეშე შეეცვალათ, ხოლო ტრანსპორტსა და საცხოვრებელს დამსაქმებელი არ უზრუნველყოფს.ისინი  აცხადებენ, რომ შეცდომაში შეიყვანეს და იმ ხელშეკრულების პირობები, რომელსაც ნებაყოფლობით მოაწერეს ხელი, სამუშაო ადგილის ცვლილებას არ ითვალისწინებდა.

ისინი უარყოფენ, რომ რკინიგზამ მათ განუმარტა პირობები და არც იმას ადასტურებენ, რომ საცხოვრებელი და ტრანსპორტი შესთავაზეს. თავის მხრივ, საქართველოს რკინიგზა საპირისპიროს ამტკიცებს. მათ გუშინ ჟურნალისტებს ის საცხოვრებელი ვაგონი და სამუშაო ოთახი დაათვალიერებინეს, რომლებსაც კახეთის რეგიონიდან გადმოსულ თანამშრომლებს სთავაზობენ და მოუწოდებენ თანამშრომლებს, დაბრუნდნენ და შეუდგნენ მოვალეობის შესრულებას. რკინიგზელები ამბობენ, რომ ეს მხოლოდ მედიის საშუალებით გაკეთებული განცხადებაა და პირადად მათ სამუშაო პირობებზე ამ დრომდე არავინ გასაუბრებია, ამიტომ უარს აცხადებენ, შეწყვიტონ შიმშილობის აქცია. ისინი რჩებიან შენობის წინ და ელოდებიან, როდის მივლენ მათთან ადმინისტრაციის წარმომადგენლები მოლაპარაკებისათვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი