ახალი ამბები

ტენდერებით გამდიდრებული “ქართული ოცნების” შემწირველები

30 აგვისტო, 2017 • 13530
ტენდერებით გამდიდრებული “ქართული ოცნების” შემწირველები

სახელისუფლებო პარტიის – “ქართული ოცნების” შემწირველებს შორის ის კომპანიები არიან, რომლებიც მილიონობით ლარის ღირებულების სახელმწიფო ტენდერებს იგებენ. მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც 2012 წლამდე “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” სწირავდნენ და მათი პოლიტიკური სიმპათიები ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად შეიცვალა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2017 წლის 1 აგვისტოდან 14 აგვისტომდე “ქართულ ოცნებას” შვიდმა კომპანიამ შესწირა თანხა. აქედან ექვს კომპანიას სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის მიერ გამოცხადებული ათეულობით ტენდერი აქვს მოგებული.

შპს შარა

შპს შარა გზები ტენდერიკომპანიამ 10 აგვისტოს “ქართულ ოცნებას” 20 ათასი ლარი შესწირა. 2011 წლიდან მოყოლებული შარას 58 ტენდერში გაუმარჯვია.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების გამგეობებსა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას სამშენებლო მომსახურებას უწევდა, უმეტესად -საგზაო ინფრაქტრუქტურის მოსაწყობად.

“შარას”  მთლიანობაში 14 783 806.88 ლარის ღირებულების ტენდერი აქვს მოგებული.

საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის ზედამხედველობის დირექცია

საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის ზედამხედველობის დირექციაკომპანიამ ქართულ ოცნებას 10 აგვისტოს შესწირა 40 ათასი ლარი. მას 13 ტენდერი აქვს მოგებული.

“საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის ზედამხედველობის დირექციას”, კომპანია “შარას” მსგავსად, საავტომობილო გზების განახლებასა და კეთილმოწყობასთან დაკავაშირებული სახელმწიფო ტენდერები აქვს მოგებული.

“საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის ზედამხედველობის დირექციას” 7 542 214 ლარი აქვს მიღებული ბიუჯეტიდან.

საგზაო-19

შპს საგზაო - 19კომპანიამ 9 აგვისტოს 10 ათასი ლარი შესწირა ქართულ ოცნებას. მან შვიდ ტენდერში გაიმარჯვა, აქედან 6 ტენდერში მარტო მონაწილეობდა და კონკურენტი არ ჰყოლია.

“საგზაო-19”-მა 5 653 714 ლარის ღირებულების ტენდერი მოიგო.

ჯი-ემ-პი

ფარმაცევტული კომპანია “ჯი-ემ-პი”, რომელიც “ქართუ ბანკის” კრედიტორია და ამავე დროს ქართული ოცნების დეპუტატის, პარლამენტარ კახაბერ ოქრიაშვილის მეუღლის, ლინა თოფურიას კომპანიაა, ქართულ ოცნებას ყველაზე მეტი, 120 ათასი ლარი შესწირა აგვისტოში.

პსპ და ჯი-ემ-პი

კომპანიას ორი სახელმწიფო ტენდერი აქვს მოგებული ცე ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებული მედიკამენტებით მიწოდებისთვის. ამ ტენდერებში კომპანიას 3  392 985.9 ლარი აქვს მიღებული.

რაც შეეხება კახაბერ ოქრიაშვილს, იგი რამდენიმე კომპანიას ფლობს, რომლებიც ათეულ მილიონობით ლარის ღირებულების ტენდერს იგებს.

“პსპ ფარმამ”, რომლის 95%-ს კახა ოქრიაშვილი ფლობს, თენგიზ ჯამელაშვილთან [5%] ერთად, 2011 წლიდან დღემდე 37 824 052,81 ლარი მიიღო სახელმწიფო ტენდერების მოგებით. კომპანია მედიკამენტებით ამარაგებდა სახელმწიფო დაწესებულებებს.

კახა ოქრიაშვილი მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრია, იგი ფრაქცია ქართული ოცნების წარმომადგენელია. ოქრიაშვილი პარლამენტში 2004 წლიდან არის.  2012 წლამდე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი იყო.

კახა ოქრიაშვილი კომპანია “პსპ”-ს დამფუძნებელია ვაჟა ოქრიაშვილთან ერთად. მათი დაარსებულია კომპანია “პსპ დაზღვევა”, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი კახა ოქრიშვილი იყო. 2015 წელს შპს “პსპ დაზღვევა” სააქციო საზოგადოებად გარდაიქმნა, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გოჩა გოგილაშვილია (პსპ-ს კიდევ ერთი დამფუძნებელი), ხოლო მოადგილეა ვაჟა ოქრიაშვილი.

2011 წლიდან დღემდე “პსპ დაზღვევამ” 68 274 667,5 ლარის ღრებულების ტენდერი მოიგო.

“პსპ დაზღვევას” საქართველოს პარლამენტის აპარატის ბალანსზე რიცხული ავტომობილები აქვს დაზღვეული, ყველაზე მსხვილი ტენდერი სუს-ისა და შსს-ს თანამშრომლების დაზღვევით აქვს მიღებული. მხოლოდ ამ ორი ტენდერის ღირებულება 32 მილიონს უტოლდება.

პსპ-ს ჯგუფის კიდევ ერთი კომპანიაა “პსპ აფთიაქი”, რომელიც კახა ოქრიაშვილის საკუთრებაა, ხოლო 100%-იანი წილის მმართველად ვაჟა ოქრიაშვილია დანიშნული.

“პსპ აფთიაქს” 4 748 402,41 ლარის ღირებულების ტენდერები აქვს მოგებული. ხოლო ვაჟა ოქრიაშვილის კომპანიამ “პსპ ქუთაისი” არაერთი ტენდერის მოგებით მთლიანობაში 1 932 779 ლარი მიიღო ბიუჯეტიდან.

ვაჟა ოქრიაშვილი ნაციონალური მოძრაობის შემწირველად ფიქსირდება. აუდიტის სამსახურის მონაცემებით, 2012 წლის 26 ივლისს 60 ათასი ლარი შესწირა ყოფილ მმართველ პარტიას. 2012 წელს საპარლამენტო არჩევნები “ქართული ოცნების” გამარჯვების შემდეგ ოქრიაშვილს ნაციონალური მოძრაობისთვის ფული აღარ შეუწირავს,

ცეკური

შპს ცეკურიკომპანია ცეკურმა “ქართულ ოცნებას” 40 ათასი ლარი შესწირა. ის პარლამენტარის,  “ქართული ოცნების” წევრის, სერგო ხაბულიანის კომპანიაა, რომლის 62.5%-იანი წილის მართველი მისი შვილი ბექა ხაბულიანია.

ცეკურს მოგებული აქვს 39 სახელმწიფო ტენდერი. მას საგზაო ინფრქსტურქტურის მოწყობის სამუშაოების განხორციელება ევალებოდა. კომპანიამ მცხეთის, თბილისის მერიის, ასევე საავტომობილო გზების დეპარტამენტის გამოცხადებული ტენდერები მოიგო. ხაბულიანების კომპანიას ბიუჯეტიდან 51 836 103,98 ლარი აქვს მიღებული 2011-2017 წლებში.

არალი

შპს არალი კომპანია “არალმა” ქართულ ოცნებას 3 აგვისტოს 40 ათასი ლარი შესწირა. “არალის” მფლობელი ოთარ თათეშვილი მხოლოდ “ქართული ოცნების” შემწირველი არაა, მან ერთიან ნაციონალურ მოძრაობასაც შესწირა 60 000 ლარი 2012 წელს, როცა ენმ ხელისუფლებაში იყო.

რაც შეეხება კომპანია “არალს”,  2011 წლიდან იგებს ტენდერებს. “არალმა” 61 ტენდერი მოიგო 2011-2017 წლებში. მას ბიუჯეტიდან მიღებული აქვს 38 305 931,35 ლარი.

საქმიანობის სფერო ამ შემთხვევაშიც საგზაო ინფრაქტრუქტურის მოწყობაა.

ოთარ თათეშვილის კიდევ ერთ კომპანიას “საბას” ავტომობილის საწვავის სამი ტენდერი აქვს მოგებული. კომპანიამ 2011-2012 წლებში 330 900 ლარი მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი