როგორც კირთაძემ დღეს “პირველი რადიოს” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საარჩევნო კამპანიის განმავლობაში მისი მთავარი ლოზუნგი იქნება – “არა ვინმეს წინააღმდეგ, არამედ – საქართველოსთვის”.
კირთაძე ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობის თვალსაზრისით მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ერთგვარი ინიცირება საპრეზიდენტო კანდიდატად კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ გიორგი მარგველაშვილის დასახელებამ გაუკეთა. კირთაძის შეფასებით, მარგველაშვილის ამ პოსტზე დასახელება მისთვის და საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისაღვის სრულიად გაუგებარია.
“მინდა მარგველაშვილს პირადი პატივისცემა დავუდასტურო, მაგრამ სრულიად გაუგებარი აღმოჩნდა მისი ამ პოსტზე დაყენება. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხალხმა მხარი დაუჭირა მმართველობის ახალ სტილსა და სამართლიანობის აღდგენას. საპრეზიდენტო არჩევნები, როგორც არ უნდა განიხილონ ის “ოცნების” წარმომადგენლემა და ექსპერტებმა და რაც უნდა სიმბოლური უწოდონ, ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ პრეზიდენტის თანამდებობა ერთ-ერთ ყველაზე მკაფიოდ გამოხატულ მაღალი ლეგიტიმაციის პოსტად რჩება, თუნდაც საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი კონსტიტუციური რეალობის მიხედვით. პრეზიდენტი რჩება სახელმწიფოს მეთაურად, განსაზღვრავს საგარეო პოლიტიკას და ასევე, განსაზღვრავს საშინაო პროცესებსაც, ვინაიდან მას ექნება ანტიკრიზისული ფუნქციებიც,” – განაცხადა ნესტან კირთაძემ და დასძინა, რომ გამომდინარე აქედან, უმნიშვნელო არ იყო ის, თუ ვის დაასახელებდა “ქართული ოცნება” თავის საპრეზიდენტო კანდიდატად.
მისი თქმით, მარგველაშვილის პოლიტიკური ბექგრაუნდი მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რომ იგი არის ფილოსოფოსი და აქვს ირონიული იუმორი, რაც შეიძლება “ვინმესთვის საინტერესო იყოს, მაგრამ არა – საქართველოსთვის.”
კირთაძის განცხადებით, მომავალ პრეზიდენტს მოეთხოვება ტერიტორიულად დაშლილი და დაქუცმაცებული საქართველოს დღევანდელი რეალობისა და გამოწვევების სწორი აღქმა, ასევე, სამშვიდობო პროცესის დაწყების მიზნით აფხაზებისა და ოსებისათვის მკაფიო მესიჯების გაგზავნა. კირთაძე ამბობს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, პრეზიდენტის თანამდებობაზე მუშაობის მთავარი ფოკუსი სწორედ აფხაზებთან და ოსებთან სამშვიდობო დიალოგის პროცესის წარმოება და საქართველოს გამთლიანება იქნება.
კირთაძის განცხადებით, მას უკვე აქვს შექმნილი სამშვიდობო პროცესის ურყევი გარანტიების მექანიზმების შექმნისათვის საჭირო ალტერანტიული პლატფორმა, რომელსაც იცნობენ როგორც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ასევე – ევროპაშიც. კირთაძის თქმით, პრეზიდენტის თანამდებობა მისთვის იქნება საშუალება, რომ ამ სამშვიდობო პროცესზე მაღალი ლიგიტიმაციის მქონე თანამდებობიდან ისაუბროს.
კირთაძის განცხადებით, იგი კარგად აცნობიერებს, რომ ის პროცესი, რომელზეც საუბრობს, დროში გაწელილია და მის რეალიზაციას წლები ესაჭიროება, თუმცა ეს პროცესი დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.
კირთაძე ამბობს, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მთავარი კონკურენტი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით არსებული პრობლემები და საქართველოს შიგნით უმუშევრობისა და სოციალური უსამართლობის მიმართულებით არსებილი გამოწვევებია და არა არჩევნებში მონაწილე სხვა კონკრეტული კანდიდატები. მიუხედავად ამისა, იგი აღიარებს, რომ საპრეზიდენტო საარჩევნო პროცესის მთავარი ფავორიტები “ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები იქნებიან.
ჟურნალისტების კითხვას – განიხილავს თუ არა იგი გიორგი მარგველაშვილს კონკურენტად, კირთაძე შემდგნაირად პასუხობს:
“ივანიშვილის დამოკიდებულება მოსახლეობისადმი ჯერ კიდევ არის ასეთი, რომ ჯოხიც რომ დააყენოს კანდიდატად, მას ემოციური და პოლიტიკური რეიტინგი მხარდაჭერის თვალსაზრისით მაინც ექნება. რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილს, მან პოლიტიკაში ასი ფუთი მარილი უნდა ჭამოს, რომ არათუ რომელიმე კანდიდატს, არამედ ჩვეულებრივ, რიგით პროფესიონალ პოლიტიკოსს გაუწიოს კონკურენცია”.
კირთაძის განცხადებით, მას აქვს ქვეყნის განვითარების კონკრეტული პროგრამა და პლატფორმა, რომელსაც საზოგადოებას მოგვიანებით გააცნობს. ამასთან, იგი აცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში არსებულ ხელისუფლებასთან ითანაშრომლებს იმისათვის, რომ “ქართულმა ოცნებამ” 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვნების დროს გაცემული ყველა დაპირება შეასრულოს.
ნესტნ კირთაძე დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატია და ამბობს, რომ იგი არც ერთ პოლიტიკურ პარტიასა და გაერთიანებსთან კოალიციაში არ იმყოფება.