ახალი ამბები

ბორჯომში ჩამოვარდნილი ვერტმფრენი წყლიდან ამოიტანეს

28 აგვისტო, 2017 • 1967
ბორჯომში ჩამოვარდნილი ვერტმფრენი წყლიდან ამოიტანეს

წყალში ჩამოვარდნილი ვერტმფრენი, რომელიც ბორჯომის ხეობაში ცეცხლის ცალკეული კერების ჩაქრობის სამუშაოებში მონაწილეობდა, წყლიდან ამოიტანეს.

შსს-ს ცნობით, ვერტმფერნის ამოტანის პროცედურები გაჭიანურების გარეშე მიმდინარეობდა.

ვერტმფრენში ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა. მიღებული დაზიანებების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-ს ცნობით, დღეს, 28 აგვისტოს, 10:00 საათზე ეკიპაჟის წევრები გამოკითხვაზე არიან დაბარებული.

ერთი კვირის მანძილზე ბორჯომის ხეობაში ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოები მიმდინარეობდა. 25 აგვისტოს მთავრობამ განაცხადა, რომ ხანძარი ფაქტობრივად ლიკვიდირებულია, თუმცა მაინც რჩება ერთეული კერები, რომელთა დამუშავება მიმდინარეობს.

ხანძარი სოფელ დაბასთან, 2008 წლის ომის დროს დამწვარ ტერიტორიასთან,  20 აგვისტოს, შუადღისას გაჩნდა. 21 აგვისტოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ განაცხადა, რომ მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება, რომელიც იმ დროისთვის 5 ჰექტარ ტერიტორიაზე იყო მოდებული.

21 აგვისტოსვე საქართველოში შემოვიდა აზერბაიჯანული მხარის მიერ გამოგზავნილი ვერტმფრენი. საღამოს ძლიერი ქარის გამო ხანძარი გაძლიერდა და კერები მომრავლდა, ღამით კი ვერტმფრენები ცუდი ხილვადობისა და ქარის გამო მუშაობას ვერ ახერხებდნენ. 22 აგვისტოს დილით უკვე 12 ჰექტარზე მეტი ფართობი იყო დამწვარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი