ახალი ამბებიკომენტარი

ირაკლი მაჭარაშვილი: ახლა ხეების დარგვაზე მნიშვნელოვანი შემდეგი ხანძრისთვის მომზადებაა

27 აგვისტო, 2017 • 8969
ირაკლი მაჭარაშვილი: ახლა ხეების დარგვაზე მნიშვნელოვანი შემდეგი ხანძრისთვის მომზადებაა

რატომ ჩნდება ტყეში ხანძარი? რატომ მომრავლდა ბოლო პერიოდში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ხანძრები? რატომ არის მნიშვნელოვანი ტყეების ინვერტარიზაცია, ჰქონდა თუ არა ხელისუფლებას დროული რეაგირება ტყის ხანძრებზე? რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯი, რომ აღარ განმეორდეს ტყის ხანძრების გაჩენა და დიდ მასშტაბებზე გავრცელება, – ამის შესახებ “ნეტგაზეთს” „მწვანე ალტერნატივის“ კონსერვაციის პროგრამის კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილი ესაუბრა.

 

ირაკლი მაჭარაშვილი. 24/08/2017 ფოტო: ნეტგაზეთი/თაკო სონღულაშვილი

ირაკლი მაჭარაშვილი. 24/08/2017 ფოტო: ნეტგაზეთი/თაკო სონღულაშვილი



ნეტგაზეთი: ზოგადად, რა განაპირობებს ტყის ხანძრებს და თქვენი აზრით, რა მიზეზებით მომრავლდა ბოლო პერიოდში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ტყის ხანძრები?

ირაკლი მაჭარაშვილი: ტყის ხანძრის გაჩენას ხელს უწყობს, პირველ რიგში, ბუნებრივი პირობები.
საქართველოში ტყეების დაახლოებით 10%  მიდრეკილია ხანძრებისკენ. ესენი არიან წიწვოვანი ტყეები, რომლებიც განლაგებულნი არიან სამხრეთ ექსპოზიციის ფერდობებზე. ასეთი ადგილებია, მაგ: ბორჯომ-ბაკურიანი, აწყური, დედოფლისწყაროს რაიონი, სამცხე-ჯავახეთი, თუშეთი.

რაც შეეხება ტყის ხანძრის გამომწვევ ფაქტორებს, ესენია: ტყის არასწროი მართვა, როცა ტყეები დეგრადირებულია ტყის უკანონო და უსისტემო ჭრის გამო;  ასევე, ტყეების დაბინძურება საყოფაცხოვრებო ნარჩენებით, ეს შეიძლება იყოს აალებადი ნივთები, ასევე მყარი ნარჩენები, მაგალითად, ბოთლი, რომელზედაც მზის სხივის მოხვედრის შემდეგ, შეიძლება ხანძრის პროვოცირება გამოიწვიოს; ასევე, ადამიანის დაუდევრობა, მაგ. კოცონის დატოვება, სიგარეტის გადაგდება, თოფის გასროლა.

სამწუხაროდ, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე ნარჩენების წვის ხშირი პრაქტიკა გაქვს. ეს ქმედება არ არის სწორი, რადგან ჯერ ერთი, ცეცხლი შესაძლოა სხვა ტყეებსა და ბალახებზე გავრცელდეს, რაც ნამდვილად გამოიწვევს ტყის ხანძარს.
ასევე, არასწორია იმ თვალსაზრისითაც, რომ პირიქით, ნიადაგის ნაყოფიერების დაცემას იწვევს ასეთი რამ და შემდეგ წელს უარეს მოსავალს მიიღებენ. ვისაც ჰგონია, რომ ასეთი გადაწვის მეთოდით უკეთესი იქნება მოსავალი, ეს არასწორია.

ნეტგაზეთი: ტყეების ინვერტარიზაცია არის თუ არა ერთ-ერთი ღონისძიება ტყის ხანძრების პრევენციისთვის?

ირაკლი მაჭარაშვილი: დაახლოებით საბჭოთა პერიოდის შემდეგ საქართველოს ტყეების სრული ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა. მხოლოდ ფრაგმენტული მონაცემები გვაქვს სხვადასხვა უბნებზე.
ტყის ინვენტარიზაცია არის ერთ-ერთი ღონისძიება ტყის ხანძრების პრევენციისთვის, რადგან ტყის ინვენტარიზაციის, ანუ ტყის მოწყობის დროს ხდება ხოლმე დაზუსტება სხვადასხვა პარამეტრისა, მათ შორის, ხანძარსაშიში არეალების და, შესაბამისად, ხდება პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვაც.

წინა ხელისუფლება ამბობდა, რომ ინვენტარიზაცია არ იყო საჭირო.
მახსოვს, რომ მსოფლიო ბანკიდან აღებული კრედიტი, რამდენიმე მილიონი, რომელიც სწორედ ტყეების ინვენტარიზაციისათვის იყო გამოყოფილი, უკან დაუბრუნეს მსოფლიო ბანკს. ანუ ინვენტარიზაცია არ მოხდა, რადგან ამის საჭიროებას ვერ ხედავდნენ.
მათ ტყეებთან დაკავშირებით სრულიად უტოპიური წარმოდგენები ჰქონდათ, უნდოდათ ტყეების პრივატიზება, ანუ, ვინც იყიდდა, ის მიხედავდა ტყეს. ასევე არსებობდა აზრი, რომ საქართველოს ტყეები გაყიდულიყო მდინარეთა აუზების მიხედვით, რაც აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო და არის. აი, ასეთი იყო  მათი “ბრძნული” პოლიტიკა, რაც ერთი მხრივ, გამოწვეული იყო უვიცობით და მეორე მხრივ – შესაძლოა, ამით ფინანსურ სარგებელს ნახულობდნენ.

საბედნიეროდ, ახლანდელი ხელისუფლება აცნობიერებს ტყეების ინვენტარიზაციის საჭიროებას. ამაში ისიც მარწმუნებს, რომ დასრულებულია ახალი ტყის კოდექსი, რომელიც ითვალისწინებს ძალიან მნიშვნელოვან სამუშაოებს – საქართველოს ტყეების დაყოფას კატეგორიებად – ფუნქციური და ეკოლოგიური მნიშვნელობის შესაბამისად.

ნეტგაზეთი: ხელისუფლება აცხადებს, რომ დროულად მოხდა რეაგირება. თქვენი აზრით, დააგვიანა თუ არა ხელისუფლებამ რეაგირება? კანონმდებლობის მიხედვით, იყო თუ არა მათი პირველი ქმედებები დროული? და თუ არ დააგვიანა, მაშ, ასე რატომ გამწვავდა ხანძარი? რატომ გავრცელდა ამხელა მასშტაბებზე?

ირაკლი მაჭარაშვილი: ხელისუფლებამ რომ რეაგირება დააგვიანა, ამას ის დადგენილებაც ადასტურებს, რომელიც მთავრობამ 2017 წლის 11 იანვარს გამოსცა.
კერძოდ, საქართველოს მთავრობამ გამოსცა #4 დადგენილება “საქართველოს კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგია 2017-2020”.

 

სწორედ ამ დადგენილებაშია განსაზღვრული, რა უნდა გაეკეთებინა მთავრობას და რა არ არის დღემდე გაკეთებული. უნდა დაემტკიცებინა  ტყის ხანძრების პოლიტიკის დოკუმენტი, რაც დამტკიცებული არ არის.


გასაკეთებელი რომ არის, ამას ამბობენ, მაგრამ არ აკეთებენ. მაგ. დადგენილებაში ასევე წერია:

სატყეო უბნის ტერიტორიაზე იდენტიფიცირებულ ხანძარსაშიშ უბნებზე ხანძარსაწინააღმდეგო გზების, ბილიკების და წყლის რეზერვუარების მოწყობის უზრუნველყოფა – ამისთვის გათვალისწინებულია თანხა – 2 000 000 ლარი, მაგრამ თანხის წყაროს გრაფაში ვკითხულობთ: არ არის განსაზღვრული, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ხანძარსაშიშ უბნებზე და მათ შორის ბორჯომის ტყე არის ასეთი, როგორ მოგახსენეთ, არ მომხდარა ხანძარსაწინააღმდეგო გზების, ბილიკების და წყლის რეზერვუარების მოწყობა.
20170826_174805

ასევე, დადგენილებაში ვკითხულობთ:

ხანძარსაშიშ პერიოდში სეზონური მეხანძრე-დარაჯების აყვანისა და პირველადი ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობის შეძენის უზრუნველყოფა – ამისთვის გამოყოფილი თანხაა – 1 500 000 ლარი. თუმცა თანხის წყარო არ არის განსაზღვრული, რაც იმას ნიშნავს, რომ არც ეს სამუშაოები შესრულებულა.


არადა, ტყის ხანძრის ჩაქრობა წარმოუდგენელია, თუ თითოეულ ხესთან და ბუჩქთან არ მივიდა ადამიანი, შესაბამისი აღჭურვილობით არ ჩააქრო ცეცხლის კერა, ან არ დაასხა წყალი. სხვანაირად, ყოველთვის არის აალების საშიშროება. ეს ახასიათებს ტყის ხანძარს.

ასევე, დადგენილებაში ვკითხულობთ: თანამედროვე სახანძრო-სამაშველო სატრანსპორტო საშუალებების შეძენა.
თანხა: 37 400 000 ლარი – არ არის განსაზღვრული.

20170826_174851
ასევე: საგანგებო სიტუაციების პრევენციის, მზადყოფნის და რეაგირების ძალებისა და მოსახლეობის სწავლებისა და ტრენინგების ორგანიზება – თანხა: 1 400 000 ლარიარ არის განსაზღვრული.

20170826_174745სწორედ ეს დადგენილება ამბობს, რომ მათი რეაგირება დაგვიანებულია, ყველა შემთხვევაში.

ნეტგაზეთი: რა არის შემდეგი ნაბიჯი, რომელიც ხელისუფლებამ უნდა გადადგას სხვა ტყეებთან მიმართებით, სადაც ჯერ არ გაჩენილა ხანძარი, ან რომ არ გამეორდეს იქ, სადაც უკვე იყო.

ირაკლი მაჭარაშვილი: კარგი საქმე იქნება, რომ შეიქმნას ფონდი არა ტყის აღდგენის, არამედ ტყის ხანძრებთან ბრძოლისა და პრევენციისთვის, თუნდაც იმ ტრენინგებისთვის, იმ სახანძრო თვითმფრინავებისთვის, ხანძართან ბრძოლის ინდივიდუალური საშუალებების საყიდლად, რომელიც საჭიროა ტყის ხანძრებთან საბრძლოველად.
ეს არის ახლა მნიშვნელოვანი, თორემ ის ტყე რომ შემოღობო, თავისითაც განახლდება წლების შემდეგ.  ჩემი აზრით, ხეების დარგვაზე მნიშვნელოვანია, მოვემზადოთ შემდეგი ასეთი საჭიროებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი