საქართველოს შსს-ს ცნობით, აღნიშნული ოპერაცია ინტერპოლთან, აშშ-ისა და ისრაელის სპეცსამსახურებთან თანაშრომლობის შედეგად განხორციელდა. გამოძიების ინფორმაციით, 11 წლის გოგონას ფოტოსურათებს დედა 2 წლის განმავლობაში იღებდა და პორნოსაიტებზე ათავსებდა მისი თანამზრახველის მეშვეობით, რომელიც ისრაელის მოქალაქეა.
“იზრუსის” ცნობით, ისრაელში დაკავებულ ზემოთ ხსენებულ 42 წლის მოქალაქეს საგამოძიებო ორგანოები არა მხოლოდ ფოტოსურათების გადაღებას, არამედ ბავშვის გაუპატიურებასაც ედავებიან.
“იზრუსის” ცნობით, ხსენებულ საქმეზე ისრაელის პოლიცია ინტერპოლთან და ქართველ კოლეგებთან ერთად გამოძიებას რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდა. პორტალი კიდევ ერთ ისრაელურ მედიასაშუალებაზე, Walla–ზე დაყრდნობით ზემოხსენებული პირისთვის წაყენებული ბრალდების დეტალების შესახებაც წერს, რომლის მიხედვითაც დაკავებულმა ისრაელელმა 2 წლის წინ თბილისში მცხოვრები ქალი (რომელიც ამჟამად ასევე დაკავებულია) შემთხვევით გაიცნო ინტერნეტის მეშვეობით. ამის შემდეგ იგი საქართველოში გაემგზავრა, რათა აღნიშნული პირის 11 წლის შვილი გაეცნო. გამოძიების მტკიცებით, 42 წლის მამაკაცმა 11 წლის გოგონას დედას 700 დოლარი გადაუხადა და საკუთარი მცირეწლოვანი შვილის პორნოგრაფიული ფოტოსურათების სანაცვლოდ ყოველთვიურად 100 დოლარის გადახდას დაჰპირდა. 2011 წლის დეკემბრის თვეში იგი თბილისს კვლავ ესტუმრა, სასტუმროში დაიქირავა ნომერი და “ფოტოსტუდია” მოაწყო. “იზრუსის” ცნობით, მან 11 წლის ბავშვი რამდენჯერმე გააუპატიურა და ეს პროცესი ბავშვის დედის დახმარებით ვიდეოფირზე აღბეჭდა.
საქმის მასალების მიხედვით, 2012 წლის განმავლობაში მან 11 წლის გოგონას დედას ფული 14–ჯერ გადაურიცხა, ასევე გადაუგზავნა კამერა და პორტატული კომპიუტერი იმისათვის, რომ დედას საკუთარი შვილის ეროტიკული ხასიათის ფოტოები და კლიპები დამოუკიდებლად დაემზადებინა.
როგორც ისრაელის პოლიციაში აღნიშნავენ, ბრალდებულმა დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე 11 წლის გოგონას დედას შემდეგი ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინება მისწერა: “მე 100 დოლარი გადმოგიგზავნე, უყიდე მას ყვავილები და შოკოლადი”.
ისრაელის საგამოძიებო ორგანოს მიერ წაყენებული ბრალდების მიხედვით, რომლის დეტალების შესახებაც “იზრუსი” წერს, დაკავებული 11 წლის გოგონას თაობაზე დამზადებულ პორნოპროდუქციას ინტერნეტის მეშვეობით ჰყიდდა. გარდა ამისა, იგი მამაკაცებს 11 წლის გოგონასთან კავშირის დამყარებას ფულის სანაცვლოდაც სთავაზობდა. ერთი აქტის ღირებულებად კი 350 ევრო ჰქონდა განსაზღვრული.
“იზრუსი” წერს, რომ დაკავებული წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევია. იგი უნგრეთში 5–წლიან სასჯელს იხდიდა ძალადობისა და ადამიანის გატაცების ბრალდებით, თუმცა ციხიდან გაქცევა მოახერხა. შემდეგ მისი ექსტრადირება განხორციელდა ისრაელში. Walla–ს ცნობით კი, იგი ბავშვთა პორნოგრაფიული მასალების შენახვის გამო დაკავებული წარსულშიც იყო.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე გოგონას დედის წინააღმდეგ გამოძიება საქართველოშიც მიმდინარეობს, თუმცა ქართული პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში სექსუალური ძალადობის მუხლი ნახსენები არ არის. გამოძიების ინფორმაციით, დედა შვილის პორნოფოტოებს ისრაელის მოქალაქე მამაკაცზე ჰყიდდა, ეს უკანასკნელი კი ამ ფოტოებს სხვადასხვა საიტებზე ათავსებდა. შსს-ს ცნობით, უკვე დადასტურებულია ამ საქმეში დედის მონაწილეობა, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე 45 წლის ქალბატონი და რომელიც 8 აპრილს იქნა დაკავებული საქართველოში. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს არასრულწლოვნით ვაჭრობას. აღნიშნული დანაშაული 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
შსს-ს ცნობით, დაზარალებული 11 წლის გოგონა გადაყვანილია სახელმწიფო თავშესაფარში, სადაც ფსიქორეაბილიტაციის კურსს გადის.