ახალი ამბები

ქუთაისის მერიაში შტატები შესაძლოა 20%-ით შემცირდეს

8 მაისი, 2013 • • 952
ქუთაისის მერიაში შტატები შესაძლოა  20%-ით  შემცირდეს

ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკო კაჭკაჭიშვილმა ფრაქციას მერიის სამსახურების რეორგანიზაციის გეგმა გააცნო. კაჭკაჭიშვილი მიიჩნევს, რომ სამსახურები ოპტიმიზაციას ექვემდებარება:

 

“დღესდღეობით ქუთაისის მერიაში არის 16 სამსახური, შეიძლება 5 სამსახური შეერწყას სხვა სამსახურებს, რაც, ბუნებრივია, გამოიწვევს შტატების ოპტიმიზაციას. ადგილი ექნება, ალბათ, შემცირებას, თუმცა ეს არ იქნება ისეთი მტკივნეული, როგორც წარმოუდგენია ზოგიერთს. სადღაც 15-20%-იანი შემცირება იქნება თანამშრომლების, სავარაუდოდ.

მისივე განცხადებით, ეს ხალხი უმუშევარი არ დარჩება:

 

“თუმცა ეს ხალხი არ დარჩება არანაირად ქუჩაში, ეს ხალხი დასაქმდება სხვა სფეროებში, ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს ამ ადამიანებს.”

 

ფრაქციის თავმჯდომარე კახა ნესიწვერაძე აცხადებს, რომ მერის მიერ წარმოდგენილ პროექტზე ფრაქცია მუშაობას გააგრძელებს:
 

“ჩვენ გადავაყენეთ ქალაქის მერი და მისი მუშაობა შევაფასეთ არადამაკმაყოფილებლად, შესაბამისად, მერიის სამსახურების მუშაობაც ფასდება არადამაკმაყოფილებლად, ამიტომ დღევანდელი მდგომარეობა გამოწვეულია იმით, რომ მომხდარიყო უფრო ოპტიმალური ვარიანტის შემუშავება სამსახურების რეორგანიზაციის მხრივ. პროექტი საჭიროებს განხილვას და განხილვის შემდეგ ჩვენ მივიღებთ იმ ოპტიმალურ ვარიანტს, რომელიც გამოადგება ჩვენი ქალაქის მართვისათვის.”

 

კაჭკაჭიშვილისგან განსხვავებით, ნემსიწვერაძე აცხადებს, რომ შტატების შემცირებაზე კომენტარს ვერ გააკეთებს:

 

“რეორგანიზაცია თავისთავად ითვალისწინებს ზოგიერთი სამსახურის გაყოფას, ზოგიერთის გაყოფას, ამიტომ, როგორც ჩავთვლით საჭიროდ, თუ რამდენი სპეციალისტი იქნება საჭირო, ამის შეჯერების შემდეგ გეტყვით სრულყოფილად.”

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი ფრაქციის სხდომაზე
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი ფრაქციის სხდომაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი