ახალი ამბები

ბორჯომში ხანძრის მეექვსე დღე: სტიქიასთან ბრძოლას 1000 სამხედრო შეუერთდა

25 აგვისტო, 2017 • 1715
ბორჯომში ხანძრის მეექვსე დღე: სტიქიასთან ბრძოლას 1000 სამხედრო  შეუერთდა

ბორჯომის ხეობაში, სადაც მეექვსე დღეა ხანძარია და მის ლიკვიდაციას ვერ ახერხებენ, ხანძართან ბრძოლაში 1000 სამხედრო პირი ჩაერთო.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 25 აგვისტოს, დილით გამართული საგანგებო შტაბის სხდომის შემდეგ განაცხადა.

“აქამდე გაწეული სამუშაოებიდან გამომდინარე, მივედით იმ მომენტამდე, როდესაც ჩვენ მიერ გაყვანილი გზების მეშვეობით შეგვიძლია ფიზიკური წვდომა ცეცხლის ყველა ზონასთან. ამიტომ ამ ეტაპზე უკვე დადგა უფრო მეტი ორგანიზებული ცოცხალი ძალის საჭიროება. გუშინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩართულიყო საჯარისო ნაწილი. აღმოსავლეთ სარდლობის 1000-ზე მეტი კაცი შემოგვიერთდა”.

პრეზიდენტმა ბრძანება საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ 22 აგვისტოს გამოსცა, თუმცა 23 აგვისტოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა, რომ რთული რელიეფის გამო მინიმუმამდე იყო დაყვანილი იმის საჭიროება, რომ ბორჯომში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ცოცხალი ძალა- სამხედრო მოსამსახურეები ჩართულიყვნენ.

ხანძრის სალიკვიდაციოდ შექმნილი საგანგებო შტაბის ცნობით, სამუშაოებში ჩაერთვებიან სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის და საინჟინრო ბრიგადის ათასზე მეტი სამხედრო.

როგორც პრემიერმა 25 აგვისტოს განაცხადა, სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად იმუშავებენ ის პირები, რომლებიც აქამდე მუშაობდნენ:

“უკვე ერთობლივი ძალებით დღეს დავამუშავებთ ცეცხლის ყველა ზონას და ვფიქრობთ, რომ დღის ბოლოს გვექნება გაცილებით უკეთესი დინამიკა. თუმცა, როცა სტიქიასთან გვაქვს საქმე, პროგნოზების გაკეთება მაინცდამაინც სწორი არ არის. მაგრამ მე მგონია, რომ გამომდინარე იმ დინამიკიდან, რაც გუშინდელი დღის ბოლოს გვქონდა და დღეს უკვე გაერთიანებული ძალებით გვექნება, მივალთ იქამდე, რომ გადავალთ ცეცხლის საბოლოო ჩაქრობის ეტაპზე. ეს შეიძლება გაგრძელდეს გარკვეული პერიოდი, მაგრამ სანამ ბოლომდე არ მივიყვანთ ამ საქმეს, ერთობლივი შტაბი ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი