ახალი ამბები

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა სერბეთსაც მოუგო და აკროპოლისის თასზე ლიდერობს

24 აგვისტო, 2017 • 2384
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა სერბეთსაც მოუგო და აკროპოლისის თასზე ლიდერობს

„აკროპოლისის თასის“ გათამაშების მეორე ტურში საქართველოს მეტოქე საბერძნეთზე მაღალი რეიტინგის მქონე სერბეთი გახლდათ, რომელთანაც ილიას ზუროსის გუნდი პირველ პერიოდში 10 ქულას აგებდა, თუმცა მომდევნო სამ პერიოდში თამაში გააუმჯობესა და გამარჯვება მოიპოვა – 68:66.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის განცხადებით, თუკი ვინმემ იფიქრა, რომ სქართველოს ნაკრებს საბერძნეთთან გაუმართლა, სერბეთთან მოგების შემდეგ ამას გულში აღარ გაივლებს:

“ევროპული კალათბურთის ტოპ-ნაკრებებს, გუნდებს, რომლებსაც ევროპის ჩემპიონატის მოგების, მინიმუმ საპრიზო ადგილების მოპოვების ამბიცია აქვთ, ილიას ზუროსის გუნდმა, მართალია, ამხანაგური მატჩები, მგრამ მინც მოუგო. ლიტვასა და საბერძნეთს შემდეგ საქართველომ დღეს სერბეთიც მოიპოვა და ევროპული საკალათბურთო საზოგადოების თვალში აქამდე არნახულ სიმაღლემდე აღზევდა.”

ფედერაციის ცნობით, შეხვედრა ქართველებმა საბერძნეთთან გუშინდელი მატჩის მსგავსად დაიწყეს: “თავიდან მეტოქემ საკუთარი თამაში მოგვახვია და ხელჩასაჭიდად დაწინაურდა. სერბებმა უპირატესობა როგორც პერიმეტრზე, ისე ფარქვეშ მოიპოვეს. ბოგდან ბოგდანოვიჩის სამქულიანებს ოგნიენ კუზმიჩის ფარქვეშ შედეგიანობა დაერთო, მოედანზე გამოსულმა სერბმა გოლიათმა – ბობან მარიანოვიჩმა კი სამწამიანში ფეხი გაიდგა და სლავები 18:8 დაწინაურდნენ.”

საქართველოს ნაკრებმა მეოთხედის მიწურულს დაცვა გაამაგრა, მანუჩრ მარკოიშვილმა და თორნიკე შენგელიამ სამქულიანები ჩააგდეს და პირველ შესვენებაზე საქართველო 5-ქულინი დეფიციტით გავიდა – 15:20. მეორე პერიოდში ილიას ზუროსის გუნდმა მეტოქეს აჯობა.  გოგა ბითაძე თამაშში კარგად ჩაერთო, რომელმაც ფარქვეშიდან ორჯერ იხეირა, ბურთებიც მოხსნა და საქართველოს ნაკრებმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი, ტაიმის დასრულებამდე 1.24 წუთით ადრე, მანუჩარ მარკოიშვილის სმქულიანის შემდეგ წინაც გავიდა – 32:31.

პირველი ტაიმი ფრედ – 36:36 დასრულდა, მესამე პერიოდში კი სერბებმა მცირე უპირატესობა მოიპოვეს და 4-5 ქულიან ლიდერობას ინარჩუნებდნენ. სერბებმა მე-3 პერიოდი 19:14 მოიგეს და მესამე მეოთხედის შემდეგ 55:50 იგებდნენ. თამაში თანაბარი იყო და ყველაფერი ბოლო პერიოდს უნდა გადაეწყვიტა. დასკვნით მეოთხედში თანაბარი ბრძოლა გაგრძელდა, თუმცა სერბები მცრე უპირატესობას ინარჩუნებდნენ და მესამე პერიოდისგან განსხვავებით ძირითადად 2-3 ქულით ლიდერობდნენ.

მატჩის დასრულებამდე 1.32 წუთით ადრე თორნიკე შენგელიამ საჯარიმოს ხაზიდან ზუსტი სროლებით ანგარიში გაათანაბრა – 63:63. დაცვაში საქართველოს ნაკრებმა ბურთი მოიპოვა და დუდა სანაძემ საჯარიმოს ხაზიდან საართველო მეორე მეოთხედის შემდეგ პირველად დააწინაურა (65:63) თამაშის დასრულებამდე 1 წუთით ადრე.

საფინალო სირენამდე 53 წამით ადრე ბოგდანოვიჩმა საჯარიმოდან გაათანაბრა ანგარიში, თუმცა დუდა სანაძემ 36 წამით ადრე ოქროს სამქულიანი ჩააგდო – 68:65. სერბები 1 საჯარიმოს აგდებენ და ჩმორჩენას 2 ქულამდე ამცირებენ, ქართველები კი შეტევაში ბურთს კარგავენ და ევროპული კალათბურთის გრანდებს თამაშის გადასარჩენად 23 წამი ჰქონდათ დარჩენილი. საქართველოს ნაკრებმა თავი კარგად დაიცვა, სერბებმა კი კუთხიდან მოახერხეს პოტენციურად გამარჯვების სამქულიანის სროლა, მაგრამ ვლადიმირ ლუჩიჩის ნასროლი არაზუსტი აღმოჩნდა და საქართველომ გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრებში 21 ქულითა და 14 მოხსნით საუკეთესო იყო თორნიკე შენგელია. 10 ქულა დააგროვა დუდა სანაძემ, გიორგი ცინცაძემ 9, ხოლო შერმადინმა 8 ქულა.

საქართველოს ნაკრები 25 აგვისტოს, თბილისის დროით 19:45 საათზე იტალიას შეხვდება. ქართველები აკროპოლისის წარმომადგენლობითი ტურნირის მოგების უმთავრესი კანდიდატები არიან. იტალიამ სერბეთთან 8 ქულით წააგო, ხოლო საბერძნეთს დღეს ეთამაშება.

მასალების გადაბეჭდვის წესი