ახალი ამბები

ერთ მიზანში გერთიანებული ორი სოფელი

8 მაისი, 2013 •
ერთ მიზანში გერთიანებული ორი სოფელი

64 წლის თამაზ ბუჩაშვილს 40 წელზე მეტია ყურძენი, კიტრი და პამიდორი ბაზარში არ უყიდია, ამბობს,  რომ თავადაც და მისი წინაპრებიც ოჯახს ყოველთვის საკუთარი შრომით მოყვანილი პროდუქტით ასაზრდოებდნენ: 


,,სპეციალობით მშენებელი ვარ, მაგრამ რაც დავიბადე სულ მიწასთან მაქვს კავშირი, ასე იყო მამაჩემიც. მიწის მადლის გარეშე ჩვენს ოჯახს არასოდეს უცხოვრია“, -ამბობს თამაზ ბუჩაშვილი და მის სიტყვებს მისსავე ეზოში შეკრებილი მეზობლები ეთანხმებიან და განმარტავენ, რომ დღეს ახალი ტექნოლოგიების წყალობით, ადრინდელისგან განსხვავებით, მას  ნაკლები შრომა დაეხარჯება და მეტ მოსავალს მიიღებს.


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდაში მცხოვრებ ბუჩაშვილების ოჯახში ერთროულად რამდენიმე თანამედროვე ტექნოლოგიის დემონსტრირება მოხდა. ბუჩაშვილებმა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) პროექტის  ,,ძლიერი სოფელი, მოქნილი მმართველობა“  ფარგლებში ერთდროულად რამდენიმე ტექნოლოგია საკუთარ ოჯახსა და საკარმიდამო ნაკვეთზე გამოცადეს. ოჯახმა ორგვარი წვეთოვანი მორწყვის სისტემა  2,000 მეტრ მიწის ფართობზე  გაშლილი ახალშენი ვაზისთვის და 1,000 მეტრზე გაშენებულ ბოსტანისთვის დაამონტაჟეს. მათსავე ეზოში გაკეთდა ჰელიო მზის გამათბობელი, მზის ჰელიო პომპა – წყლის სატუმბი სასათბურე მეურნეობის მოსარწყავად და სანიტარული მიზნებისთვის. ყველაზე მთავრი კი ის არის, რომ ბუჩაშვილება ბუნებრივი რესურსების მდგრადად გამოყენება დაიწყეს , კერძოდ კი, წვიმის წყლის დაგროვებით რამდენიმე მნიშვნელოვანი საყოფაცხოვრებო და სამეურნეო პრობლემა მოიხსნეს.

 


,,ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ადგილზე, სადაც სარწყავი სისტემა არ არსებობს, სასმელი წყალიც კი დიდი სიამოვნებაა. ამიტომ მივმართეთ ახალ მეთოდს, 45 ტონამდე წვიმის წყალი გვაქვს ავზებში დაგროვილი, რომელიც ერთ თვეზე გვეყოფა სარწყავად, აბაზანისთვის და მცირე მეურნეობისთვის ოჯახში. რაც აქ გაკეთდა  ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია, ელექტროენერგიის, წყლის, შეშისა და ტყის, ბუნებრივი აირისა და, რაც მთავარია, ფინანსების დაზოგვისკენაა მიმართული. ჩვენთვის კი ეს ყველაზე მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გიორგიწმინდელმა თამაზ ბუჩაშვილმა.

 


პირველად  საქართველოში მზის ჰელიოპომპა სოფელ გიორგიწმინდაში დამონტაჟდა. აღნიშნული ტექნოლოგიის სპეციალისტი კოტე კობახიძე ამბობს, რომ მსგავსი ტექნიკა საქართველოს სოფლის მეურნეობაში ჯერ არსად დამონტაჯებულა, გიორგიწმინდა ამ თანამედროვე საშულების გამოყენებით  ,,პირველი მერცხალია“,
,,მზის ჰელიო პომპას, ანუ ტუმბოს საქართველოში ჯერ არ იცნობენ, შესაბამისად, არც შეკვეთა გვქონია ფერმერებისგან. ჯერჯერობით მხოლოდ CENN-ი და გიორგიწმინდელები იცნობენ. ეს დანადგარი იმ ადგილებისთვისაა, სადაც ელექრტოენერგია ჭირს, ტერიტორიების მორწყვა ვერ ხერხდება ანუ ფართობებში ის შეუცვლელია“, – ამბობს კოტე კობახიძე.

 


მზის ჰელიოპომპა, იგივე ტუმბო, ელექტროენერგიას მზის, ფოტოელემენტის საშუალებით იღებს და წყლის საქაჩი დანიშნულება გააჩნია. ამ შემთხვევაში ტუმბო, საჭიროების შესაბამისად, წყალს რამდენიმე მიმრთულებით ანაწილებს – აბაზანა, სათბური, ვენახი თუ ბოსტანი.

 


ახალმა ტექნოლოგიებმა ადგილობრივი მოსახლეობისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების დაინტერესება მაშინვე შეძლო. ეკა ბუზარიაშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში მუშაობს და ფიქრობს, რომ ტექნოლოგიების დიდი ნაწილი გლეხს სოფელში ცხოვრებას გაუადვილებს.

 


,,ყველა ტექნოლოგია, რომელიც უფასო ენერგიასთან  და ეკოლოგიურად სუფთა მოხმარებასთან არის დაკავშირებული, მნიშვნელოვანია. სოფლად რომ დარჩე და თან მომგებიანი იყოს ცხოვრებისეული პირობები, მსგავსი ტექნოლოგიები სჭიროა. უბრალოდ ყოველთვის პრობლემაა ფინანსური მხარე, რა დაჯდება? რამდენად იაფი და ადვილად შეძენადი იქნება ესა თუ ის დანადგარი? ამიტომ ვფიქრობ, თუ განვადება გაკეთდება ამით შესაძლებლობა მიეცემა ყველა გლეხს, საკუთარ თავზე გამოცადოს ტექნოლოგიების სიკეთე.  მალე დადგება ამ ტექნოლოგიების მასობრივად გამოყენების აუცილებლობა, იმიტომ, რომ ხარჯი ყველა ოჯახს ძალიან დიდი აქვს“.

 


ვანო ლუხუტაშვილის  რვასულიანი ოჯახი კი სოფელ უდაბნოში სვანეთიდან ეკომიგრანტ 150 ოჯახს შორის ერთადერთია, ვისაც დღეს სახლში ყველა ზემოთ მოყვანილ ტექნოლოგიასთან ერთად ჰელიოპროჟექტორი და ცხელი  წყალი აქვს. ოჯახის ყველაზე პატარა წევრს,  პირველკლასელ ანას გაკვეთილების გარდა კიდევ ერთი საზრუნავი გაუჩნდა, ყოველ საღამოს აბაზანაში თოჯინებს ბანს.

 


,,რვასულიანი ოჯახისთვის დიდი სიხარულია, რადგან სოფელს საკმაოდ რთულ პირობებში უწევს ცხოვრება.  გაჭირვებული სოფელია და თითქოს ყველა დანადგარი ამ სოფლისთვისაა განკუთვნილი. ეს კი არა, კენჭიც რომ შემოაგდოს ვინმემ, იმასც დიდი სიამოვნებით მივიღებთ“, -ამბობს უდაბნოელი ვანო ლუხუტაშვილი.

 

სოფლის მეურნეობის ახალი ტექნოლოგიები პროექტის ,,ძლიერი სოფელი, მოქნილი მმართველობა“ ფარგლებში  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ორ სოფელში- გიორგიწმინდასა და უდაბნოში CENN–მა ჰოლანდიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა. პილოტური პროექტები, კახეთის გარდა, აჭარის რეგიონის სოფლებშიც დაინერგა.
CENN-ის ექსპერტი სოფლის მეურნეობის საკითხებში კობა კობალაძე ამბობს, რომ აღნოშნული პილოტური პროექტებით CENN-ს ერთი დიდი ამოცანა ჰქონდა:

 


დაენერგა რესურსების გამოყნების მდგრადი მართივს პრაქტიკები, შეემცირებინა ტყის გაჩეხვა, შეშის ხარჯი, და ხელი შეეწყო სოფლად მცხოვრები გლეხებისა და მეწარმეებისთვის სამუშაო თუ საცხოვრებელი  პირობების გაუმჯობესებაში.
,,მძიმე ვითარებაა ტყის გაჩეხვასთან, ვიცით, რა პრობლემებია სოფლად შეშით მომარაგებასთან და ცხელი წყლის პრობლმებთან დაკავშირებით. თითო ოჯახს აურაცხელი რაოდენობის შეშის გამოყენება უწევს ელემენტარული სანიტარული თუ საწარმოო მიზნებისთვის. დღეს უდაბნოში  სვანეთიდან 150 ეკომიგრანტი ოჯახი ცხოვრობს და  თქვენ წარმოიდგინეთ, ყველა მათგანს რომ ჰქონდეს ჰელიოგამაცხელებელი, რამდენი შეშა დაიზოგება. გიორგიწმინდაში დათესილი კიტრი კი წვიმის წყლით ირწყვება და ეს უკვე პრობლემის გადაწყვეტაა. დაგროვილი წყლის ამოტუმბვა და მიწოდება საჭიროებისამებრ მზის ენერგიაზე მომუშავე ჰელიოპომპათი ხდება, დავამონტაჟეთ ასევე წვეთოვანი მორწყვის სისტემა, რომელიც მულჩირების მეთოდით დათესილ ტერიტორიაზე მოხდა. ჩვენ გამოვიყვანეთ ჰიდროპონიკი, სასათბურო პირობებში. მწვანე საკვები-მასა -სიმინდის ან ხორბლის  ჯეჯილი, რომელიც მეცხოველეობაში საკვებად გამოიყენება. მწვანე მასას ცხიმოვნების დიდი შემცველობა აქვს და ის მიწის გარეშე, სტელაჟებზე დაფენით იზრდება“, – განაცხადა CENN–ის ექსპერტმა და  სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორმა კობა კობალაძემ.
ადგილობრივებმა კი ყველა ტექნოლოგიის შესახებ ინფორმაციის მიღება და მომავალში საკუთარ ოჯახებში მათ დანერგვაზე ფიქრი უკვე დაიწყეს.


CENN–ის წარმომადგენელი, პროექტის ,,ძლიერი სოფელი, მოქნილი მმართველობა“ მენეჯერი  ნინო თევზაძე ამბობს, რომ სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიის პილოტური პროექტების საშუალებთ დემონსტრირება ადგილობრივ მოსახლეობასთან მჭიდრო თანამშრომლობისა და მათი საჭიროებებიდან გამომდინარე მოხდა.

 

,,პილოტური პროექტების შერჩევას წინ უძღვოდა პილოტური მუნიციპალიტეტების შესწავლა სპეციალსიტების მიერ, ადგილობრივ მოსახლეობსთან მჭიდრო კონსუტლაციის საფუძველზე და ამ შესწავლის შედეგად თითოეული მუნიციპალიტეტისათვის შემუშვდა კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და მიტიგაციის ინტერვენციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. გეგმაში იდენტიფიცირებულია სოფლების დონეზე კლიმატის არსებული და მოსალოდნელი ცვლილებით გამოწვეული პრობლემები და  კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციისა და მიტიგაციის ღონისძიებები. სწორედ ამ გეგმებიდან სამიზნე სოფლებისთვის მოხდა პილოტური პროექტების შერჩევა“, – განაცხადა ნინო თევზაძემ.
უდაბნო საზღვრისპირა სოფელია, რომელსაც ალბათ კახეთის რეგიონის სხვა სოფლებზე მეტად სჭირდება აღნიშნული ტექნოლოგიები, რადგან აქ დასამზადებელი შეშისთვის ელემენტარულად ხეც კი არ დგას, ტყუილად არ ქვია ალბათ ამ სოფელს უდაბნო –   სოფლის სისტემა სწორედ ისეა მოწყოფილი, რომ მცენარეებიც კი მხოლოდ უდაბნოსთვის დამახასიათებელი იზრდება. ადგილობრივებსა და პროექტის წარმომადგენლეს იმედი აქვთ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები მალე ყოველდღიურ ყოფას გაუადვილებს თითოეულ ოჯახს.

 


პროექტი “ძლიერი სოფელი, მოქნილი მმართველობა”, რომლის ფარგლებშიც კახეთსა და აჭარის რეგიონებში პილოტური პროექტები ხორციელდება, 2012 წლის ივნისში დაიწყო და 2013 წლის მაისი ბოლოს დასრულდება.

 

რაც შეეხება პილოტური პროექტების განხორციელებას, ისინი 2012 წლის ოქტობრისთვის დაიწყო და ასევე მაისის ბოლოს დასრულდება.



მასალების გადაბეჭდვის წესი