ახალი ამბები

სააკაშვილი: საქართველოს საგარეო კურსი ფუნდამენტურად გადაიხედა

7 მაისი, 2013 • 915
სააკაშვილი: საქართველოს საგარეო კურსი ფუნდამენტურად გადაიხედა

“ჩემი ბაქოში ჩამოსვლის წინ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა გააკეთეს ძალიან უცნაური განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველომ უნდა შეწყვიტოს აზერბაიჯანზე ენერგოდამოკიდებულება და როგორც სერიოზული ალტერნატივა, განიხილოს რუსეთიდან გაზის შემოტანა. რუსეთიდან ჩვენ მცირე რაოდენობის გაზი მთელი ეს პერიოდი ისედაც შემოგვქონდა, როგორც სომხეთში ტრანზიტის საფასური. მაგრამ რუსეთის სერიოზულ ალტერნატივად განხილვა ენერგეტიკის თვალსაზრისით ეს არის საქართველოს დამოუკიდებელი კურსის ფუნდამენტური გადახედვა. ერთ–ერთი მთავარი მიღწევა, რომელიც საქართველოს ჰქონდა ბოლო წლებში, არის ის, რომ ჩვენ მოვახერხეთ ის, რაც ვერ მოახერხა პრაქტიკულად ვერავინ აღმოსავლეთ ევროპაში. ჩვენ გავხდით რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლები.

რუსეთის ინტერესია მეზობლებზე კონტროლის დამყარება და ამაში ენერგობერკეტის გამოყენება. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება ალტერნატიული წყაროები ყოველთვის, მაგრამ ჩვენ ამისთვის უნდა ვიმუშაოთ თურქმენეთთან, ყაზახეთთან. რუსეთი ამ მხრივ ვერანაირად ვერ გამოდგება. იმიტომ, რომ ჩვენ არ გვჭირდება ისეთი წყარო, რომლის მესვეური გადაწყვეტს, როგორც ეს მოხდა რამდენიმე წლის წინ, იმიტომ, რომ არ მოსწონს ჩვენი პოლიტიკა, და ერთ ზამთრის სუსხიან ღამეს ჩაგვაბნელებს, გაგვყინავს, წყვდიადში მოგვაქცევს და  მიწასთან გაგვასწორებს. რა თქმა უნდა, ეს უნდა ავირიდოთ თავიდან. მე მოველი, საქართველოს პრემიერ- მინისტრი ამომწურავ განმარტებას გააკეთებს.”

 

“დღეს, როცა უკრაინამაც კი დაიწყო სხვა წყაროებიდან გაზის შემოტანა, როცა მთელი ევროპა ცდილობს თავი დააღწიოს რუსეთზე დამოკიდებულებას, საქართველოს საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობა ნიშნავს ჩვენი ქვეყნის დაბრუნებას წარსულში. იმიტომ, რომ ჯერ ერთი, აზერბაიჯანის გაზი რამდენჯერმე უფრო იაფია, ვიდრე რუსული, მეორე- აზერბაიჯანის სტრატეგიული ინტერესია საქართველოს დამოუკიდებლობა და სტაბილურობა, იმიტომ, რომ ეს ნიშნავს აზერბაიჯანის დამოუკიდებლობას და სტაბილურობას. ამიტომ ძალიან იაფად გვაძლევს ამ გაზს,”– განაცხადა სააკაშვილმა

 

მიხეილ სააკაშვილის განცხადება საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებას უკავშირდება, იმის თაობაზე, რომ საქართველომ რუსეთის გაზის იმპორტირებაზე უნდა იფიქროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი