ახალი ამბები

პრემიერი: ხანძრის კერების ჩასაქრობად ცოცხალი ძალისთვის აპარატურა შევიძინეთ

23 აგვისტო, 2017 • 1859
პრემიერი: ხანძრის კერების ჩასაქრობად ცოცხალი ძალისთვის აპარატურა შევიძინეთ

დღეს, 23 აგვისტოს, საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მეხანძრეებისთვის სპეციალური აპარატურა შეიძინეს.

“მთელი დღის განმავლობაში მიდიოდა ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაცია ავიაციის და ცოცხალი ძალის მეშვეობით. დღის მეორე ნახევარში, მიუხედავად ჩვენი დილანდელი პოზიტიური მოლოდინებისა, კლიმატური პირობები გართულდა. იყო ძლიერი ქარი, ამიტომ გააძლიერა რამდენიმე კერა. ამ წუთას სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, მოსახლეობისთვის საფრთხე არ არსებობს. ვცდილობთ, ღამის განმავლობაში გავაგრძელოთ მძიმე ტექნიკით მუშაობა იმისათვის, რომ დილისთვის მოვემზადოთ და დილით გავაგრძელოთ ისევე, როგორც დღეს, მთელი დღის განმავლობაში, ავიაციის მეშვეობით. ასევე შევიძინეთ გარკვეული ახალი აპარატურა ცოცხალი ძალისთვის, იმისათვის, რომ კერების ჩაქრობა მოხდეს. დღის მეორე ნახევარში გართულებული მდგომარეობის გამო გვაქვს ცეცხლის კერები, რომელიც კონტროლირებადია, ძალიან ბევრი რამ არის ქარზე დამოკიდებული. ამ წუთას მოსახლეობის მიმართულებით გავრცელების საფრთე არ არსებობს, მაგრამ საჭიროა ძალიან ინტენსიური მუშაობა მძიმე ტექნიკის მეშეობით, რომ გავლებული თხრილების გზით მივიდეთ საცეცხლე ადგილებმადე,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

უკვე მეოთხე დღეა, ბორჯომის ხეობაში ხანძარს ებრძვიან. ხანძარი სოფელ დაბასთან, 2008 წლის ომის დროს დამწვარ ტერიტორიასთან 20 აგვისტოს, შუადღისას გაჩნდა. 21 აგვისტოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ განაცხადა, რომ მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება, რომელიც იმ დროისთვის 5 ჰექტარ ტერიტორიაზე იყო მოდებული.

21 აგვისტოსვე საქართველოში შემოვიდა აზერბაიჯანული მხარის მიერ გამოგზავნილი ვერტმფრენი. საღამოს ძლიერი ქარის გამო ხანძარი გაძლიერდა და კერები მომრავლდა, ღამით კი ვერტმფრენები ცუდი ხილვადობისა და ქარის გამო მუშაობას ვერ ახერხებდნენ.

22 აგვისტოს დილით უკვე 12 ჰექტარზე მეტი ფართობი იყო დამწვარი. 23 აგვისტოს ხანძარს ებრძვიან მეხანძრე-მაშველები, ტექნიკა და ვერტმფრენები. ორი ქართული ვერტმფრნის გარდა, ოპერაციაში მონაწილეობენ აზერბაიჯანის, თურქეთის და ბელორუსის ვერტმფრენები. სომხეთი კი ქართველ მაშველებს ტექნიკით ეხმარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი