ახალი ამბები

გარემოს სააგენტო: ბორჯომში ხანძრის მიმდებარე ადგილებში ჰაერის ხარისხი დასაშვებ ნორმებშია

23 აგვისტო, 2017 • 1721
გარემოს სააგენტო: ბორჯომში ხანძრის მიმდებარე ადგილებში ჰაერის ხარისხი დასაშვებ ნორმებშია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სპეციალისტები ბორჯომის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ, სადაც სტიქიის ზონების მიმდებარე სოფლებში – ცემში, სადგერში, დაბაში, წაღვერში, ტბასა და ყვიბისში, ასევე, დაბა ბაკურიანსა და ქალაქ ბორჯომში ჰაერის ხარისხის კვლევა განახორციელეს.

მათივე ცნობით, კვლევების შედეგად გაიზომა ჰაერში მყარი შეწონილი ნაწილაკები, აზოტის დიოქსიდი და ნახშირჟანგი.

“აღნიშნული კვლევების შედეგად ყველა კომპონენტი ზღვრულად დასაშვები ნორმების შესაბამისობაშია. ჰაერის ხარისხის შემოწმება მიმდინარეობს სტიქიის ზონის მიმდებარედ, სხვა დასახლებულ პუნქტებშიც,”- აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.

უკვე მეოთხე დღეა, ბორჯომის ხეობაში ხანძარს ებრძვიან. ხანძარი სოფელ დაბასთან, 2008 წლის ომის დროს დამწვარ ტერიტორიასთან  20 აგვისტოს, შუადღისას გაჩნდა. 21 აგვისტოს უწყებამ განაცხადა, რომ მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება, რომელიც იმ დროისთვის 5 ჰექტარ ტერიტორიაზე იყო მოდებული. 21 აგვისტოსვე საქართველოში შემოვიდა აზერბაიჯანული მხარის მიერ გამოგზავნილი ვერტმფრენი. საღამოს ძლიერი ქარის გამო ხანძარი გაძლიერდა და კერები მომრავლდა, ღამით კი ვერტმფრენები ცუდი ხილვადობისა და ქარის გამო მუშაობას ვერ ახერხებდნენ. 22 აგვისტოს დილით უკვე 12 ჰექტარზე მეტი ფართობი იყო დამწვარი. 23 აგვისტოს ხანძარს ებრძვიან მეხანძრე-მაშველები, ტექნიკა და ვერტმფრენები. ორი ქართვლი ვერტმფრენის გარდა, ოპერაციაში მონაწილეობენ აზერბაიჯანის, თურქეთის და ბელორუსის ვერტმფრენები. სომხეთი კი ქართველ მაშველებს ტექნიკით ეხმარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი