ახალი ამბები

შსს-ს ობიანი შოკოლადი მიაწოდეს – ხელშეკრულება 104 ტონაზეა გაფორმებული

23 აგვისტო, 2017 • 4944
შსს-ს ობიანი შოკოლადი მიაწოდეს – ხელშეკრულება 104 ტონაზეა გაფორმებული

შს სამინისტრომ 104 ტონაზე მეტ შოკოლადსა და 125 კილოგრამ კარამელის კანფეტის შეისყიდვაზე ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყვიტა. მიზეზად შსს ასახელებს იმ ფაქტს, რომ შოკოლადის გარკვეულ პარტიაში აღმოჩნდა ობი, შოკოლადის შიგთავსში მიკრობთა საერთო რაოდენობის მაჩვენებელი იყო გაზრდილი; სამინისტრომ შოკოლადის შესყიდვაზე ტენდერი თებერვალში გამოცხადდა თანხით – 1 მილიონ 58 ათას 989 ლარი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმწოდებელმა  კომპანია „ბუერიმ“ აიღო ვალდებულება, წუნდებული შოკოლადი ახლით შეეცვალა.

„შპს „ბუერის“ განმარტებით, დაიხვეწა ტექნოლოგიური პროცესი და მსგავს შემთხვევას ადგილი აღარ ექნებოდა. მიუხედავად ამისა, შპს „ბუერის“ მიერ მოწოდებულ შოკოლადის მომდევნო პარტიაში [გამოშვების თარიღი – 12.06.2017] კვლავ დაფიქსირდა ანალოგიური შემთხვევა, კერძოდ ქ. ზუგდიდში – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა II სამმართველოში. აღსანიშნავია, რომ შპს „ბუერის“ მიერ წარმოებული შოკოლადის [„ალეგრო“ 55გრ] შენახვის ვადაა ექვსი თვე, მაგრამ როგორც ზემოთ აღნიშნული ფაქტებიდან ირკვევა, ხარისხი უარესდება გამოშვებიდან უახლოეს პერიოდში“, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროდან კომპანიაში გაგზავნილ წერილში.

ამავე წერილში ხაზგასმულია, რომ „აღნიშნული მიზეზი ხელის შემშლელი პირობაა შოკოლადის მარაგის შექმნაში… ასევე შეუძლებელია შსს-ს დაქვემდებარებულ დანაყოფებში ჰერმეტულად დახურულ პოლიეთილენის ტომრებში ერთი კაცის ნორმის შესაბამისად დაფასოებული მშრალი ულუფის კომპლექტაციაში შოკოლადის ხარისხის კონტროლი და მისი ხშირი ჩანაცვლება“.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სამინისტრომ კომპანიასთან 2017 წლის აპრილში გაფორმებული ხელშეკრულება შეწყვიტა და მას ჯარიმის – 65 954 ათასი ლარისა და 64 თეთრის გადახდაც დააკისრა.

ამ ხელშეკრულებით კომპანიას სამინისტროსთვის 2018 წლის 31 იანვრის ჩათვლით, თვეში ერთხელ, სამინისტროსთან წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად უნდა მიეწოდებინა შოკოლადი და კარამელის კამფეტი.

ჩვენ დავუკავშირდით შპს „ბუერის“, თუმცა კომპანიაში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გააკეთებენ: „ჩვენ შევუცვალეთ რამდენიმე პარტია… ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით კი გავერკვევით სიტუაციაში“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „შოკოლადის ნაწარმი ყოველდღიური მოხმარებისთვის საჭირო და აუცილებელი პროდუქტია, რომელიც გამოიყენება საქვაბე და მშრალი კვების კმაყოფაზე მყოფი შს სამინისტროს მოსამსახურეების, სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეების, ფორსმაჟორული გარემოებების დროს სამაშველო ღონისძიებაში მონაწილე და სხვადასხვა ღონისძიებებისას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში მონაწილე თანამშრომელთა უზრუნველსაყოფად“.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, შსს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან ითხოვს თანხმობას, რომ 10 ტონა შოკოლადი პირდაპირი შესყიდვით, ტენდერის გარეშე შეისყიდოს, რისთვისაც საჭიროა 90 ათასი ლარი.

წინააღმდეგ შემთხვევაში, სამინისტროს განცხადებით, „შოკოლადის ნაწარმით დროულად უზრუნველყოფას ვერ განახორციელებს შს სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტი, აღნიშნულ ფაქტს კი, მოჰყვება უარყოფითი გამოხმაურება საჯარისო დანაყოფებში“.


შპს „ბუერთან“ სამინისტრომ ხელშეკრულება თავდაპირველად 901 ათას 556 ლარზე გააფორმა, რომელშიც ცვლილება ორჯერ შევიდა და საბოლოო თანხად 853 ათას 946 ლარი განისაზღვრა. ტენდერში კიდევ ორი კომპანია მონაწილეობდა: „ბარამბო“, რომელმაც სამინისტროს მომსახურება 902 ათას 474 ლარად შესთავაზა და კომპანია „ორბიტა“, რომლის შეთავაზება იყო 902 ათას 100 ლარი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შოკოლადის ნაწარმისა და კარამელის კანფეტის შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერის შესახებ, რომლის შესყიდვის სავარაუდო თანხა 1 მილიონ 58 ათას 989 ლარი იყო, მიმდინარე წლის 27 თებერვალს განმარტება გააკეთა.

მასალების გადაბეჭდვის წესი