ახალი ამბები

პრემიერმა პრეზიდენტს ხანძრების ლიკვიდაციისთვის ჯარის გამოყენებაზე მიმართა

22 აგვისტო, 2017 • 4323
პრემიერმა პრეზიდენტს ხანძრების ლიკვიდაციისთვის ჯარის გამოყენებაზე მიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ქვეყნის რეგიონებში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით “სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით” მიმართა. განცხადებას ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამ საკითხზე გიორგი კვირიკაშვილსა და გიორგი მარგველაშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის მიმართვას დააკმაყოფილებს.

“პრეზიდენტის აქტის დასამტკიცებლად ხვალ პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე შეიკრიბება. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხანძრის კერების ლიკვიდაციის და შემდგომი ლოკალიზაციის მიზნით, ასევე, მოსალოდნელი რისკების თავიდან ასაცილებლად, დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება გადაწყდა” – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, სამხედრო ძალები მაშველებს გორის მუნიციპალიტეტში, ზემო ბოშურში გავრცელებული ხანძრის ლიკვიდაციაში დაეხმარებიან.

“ეს ეხება არა ბორჯომში არსებულ ვითარებას, არამედ ატენის ხეობაში არსებულ ხანძრის კერას, რომელიც არის დამოუკიდებელი პრობლემა” – ამბობს თალაკვაძე “რუსთავი 2”-თან ინტერვიუში.

მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას ქვეყნის მასშტაბით 5 ადგილას ცდილობენ.

ხანძარია გლდანში, სადაც ხევში ბალახი იწვის. საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ცნობით, ხანძარია ლაგოდეხშიც, სადაც ნახევარი ჰექტარი ბალახი იწვის. სამსახურის ცნობით, ხანძარი ლოკალიზებულია და 2 ჯგუფი მუშაობს. ლაგოდეხის გარდა საქართველოში ამჟამად ხანძრის კიდევ 3 კერაა.

გორში, ატენის ხეობაში, ზემო ბოშურში იწვის წიწვოვანი ტყე, ფართობი დაახლოებით 1 ჰა. ადგილზე არიან სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. საგანგებო სიტუაციათა სამსახურიოს ცნობით, დაწყებულია ქრობის პროცესი. ხანძრის ადგილას უახლოეს ხანში იქნება “ნეტგაზეთის” რეპორტიორი და მოგაწვდით უახლეს ცნობებს.

კიდევ ერთი ხანძარია შატილის გზაზე, სადაც 2 ჰექტარი იწვის. შსს-ს საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ცნობით, აქ გრძელდება სალიკვიდაციო სამუშაოები.

თუმცა ყველაზე რთული მდგომარეობა ბორჯომის ხეობაშია, სადაც ხანძრის ჩაქრობას საქართველო მეზობელი ქვეყნების დახმარებით უკვე მესამე დღეა ვერ ახერხებს. უახლესი ცნობები ბორჯომის ხეობიდან იხილეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი