ახალი ამბები

სანდრო ბარამიძე: ეს არის “ქართული ოცნების” ამომრჩეველთა საოცნებო შრომის კოდექსი

3 მაისი, 2013 •
სანდრო ბარამიძე: ეს არის “ქართული ოცნების” ამომრჩეველთა საოცნებო შრომის კოდექსი

“რაც შეეხება მის მოსაზრებას იმისა თაობაზე, რომ ეს არის როზა ლუქსემბურგის საოცნებო შრომის კოდექსი, ეს ასე არ არის, სინამდვილეში ეს არის “ქართული ოცნების” ამომრჩეველთა საოცნებო შრომის კოდექსი, ეს არის შრომის კოდექსი, რომელიც სრულად შეესაბამება იმ დაპირებებს, რომლებიც “ქართულმა ოცნებამ” მისცა ამომრჩეველს წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ეს არის კოდექსი, რომელიც აბალანსებს უფლებებს და მოვალეობებს დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის და აქედან გამომდინარე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამას გარდა, იგი არის სრულ შესაბამისაობაში საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებთან”, – აცხადებს სანდრო ბარამიძე.

 

“ისეთი შრომის კოდექსია შესული, ვერავინ ვეღარ გაინძრევა. ე.ი. როზა ლუქსემბურგის ოცნების შრომის კოდექსი არის შესული, როზა ლუქსემბურგის ოცნებას თუ ვახდენდით, ეგ არ ვიცოდი, მაგრამ შიგნით ისეთები წერია, საერთოდ დამსაქმებელი ვეღარ გაჭაჭანდება საქართველოში: ვერც სახელმწიფო, ვეღარც ბიზნესი, ისეთი შრომის კოდექსი შეიქმნა. ეს ბიზნესისთვის კოშმარია და არ არის კარგი. ძალიან პრობლემურია, მით უმეტეს, ქვეყანაში, სადაც ბიზნესი უნდა განვითარდეს, რეფორმები უნდა გატარდეს, ამ შრომის კოდექსის შეტანა იყო აბსოლუტურად არასწორი”, – განაცხადა გუშინ გიორგი მარგველაშვილმა.

 

მისივე თქმით, კოდექსის პროექტი დაწერილია პროფკავშირების დიქტატით, რომელიც პროცესის ერთ-ერთი მოთამაშეა მხოლოდ. მარგველაშვილის კრიტიკას გამოეხმაურა გაერთიანებული პროფკავშირის თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი:

 

“მე ვარ საკმაოდ გაოგნებული ამ განცხადებით, რადგან შეიძლება ითქვას, რომ არის სრული შოკი და მოულოდნელობა, თუ როგორც ადრე იყო, რომ ევროპას დეკლარირებულად ყვიროდნენ და რეალურად სინგაპურს და დუბაის გვიქადაგებდნენ, თუ ახლაც იგივე სიტუაციაა, ეს არის ძალიან სამწუხარო. რა თქმა უნდა, დასაქმების ხელშემწყობი იქნება ეს კოდექსი და არა გამაუარასებელი, ოღონდ ღირსეული დასაქმების ხელშემწყობი”, – აცხადებს ირაკლი პეტრიაშვილი.

 

მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ შრომის კოდექსის ახალი პროექტი დასაქმების პრობლემას შექმნის.

მასალების გადაბეჭდვის წესი