ახალი ამბებისაზოგადოება

საგანგებო შტაბის მოწოდების მიუხედავად, მოხალისეები ბორჯომის ხეობაში მაინც ჩადიან

22 აგვისტო, 2017 • 4360
საგანგებო შტაბის მოწოდების მიუხედავად, მოხალისეები ბორჯომის ხეობაში მაინც ჩადიან

ბორჯომში, სადაც ტყეში მესამე დღეა ხანძარია, თბილისიდან მოხალისეები ჩადიან. რამდენიმე მოხალისე ჯერ კიდევ გუშინ საღამოს ჩავიდა.

“ყველა მაღალჩინოსანს, რომელსაც ვესაუბრები, კატეგორიულად მეუბნება, რომ მოხალისეების ჩასვლა არ არის საჭირო, თუმცა მეგობრები, ვინც ადგილზე არიან, მუშაობენ და მეუბნებიან, რომ არის პატარა კერები, სადაც მუშაობა შესაძლებელია. მოხალისეებს რომ მოვუხმოთ, უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ უსაფრთხოების მინიმალური ზომები მაინც არის მიღებული, ამიტომ ახლა მივდივარ მე ადგილზე, რომ უკეთ გავერკვე, რა სიტუაციაა და შესაძლებელია თუ არა ჩვენი დახმარება” – ამბობს ნატა ფერაძე ნეტგაზეტთან საუბარში.

ხანძრის სალიკვიდაციოდ შექმნილი საგანგებო შტაბი მოხალისეებს მოუწოდებს, ბორჯომის ხეობაში ჩასვლისგან თავი შეიკავონ.

“არ არსებობს მოხალისეების ჩართვის არანაირი აუცილებლობა. უფრო მეტიც, ნებისმიერი გარეშე პირის ხანძრის მიმდებარე პერიმეტრზე გამოჩენა ხელს შეუშლის მეხანძრეების, მაშველების და შესაბამისი უწყებების მიერ მობილიზებული ცოცხალი ძალისა თუ ტექნიკის მუშაობას” – ნათქვამია განცხადებაში.

მოხალისეებს 22 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა და მოუწოდა, რომ ორგანიზების და მითითებების გარეშე არ შევიდნენ ხანძრის ზონაში

სოფელ დაბასთან ხანძარი 20 აგვისტოს გაჩნდა. ცეცხლი 2008 წლის ნახანძრალ ტერიტორიას მოედო. ცეცხლის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი