ახალი ამბები

აქციის მონაწილე აცხადებს, რომ დაკავების შემდეგ პოლიციის განყოფილებაში სცემეს

2 მაისი, 2013 • • 1798
აქციის მონაწილე აცხადებს, რომ დაკავების შემდეგ პოლიციის განყოფილებაში სცემეს

“რომ ჩამსვეს მანქანაში, კამერები რომ აღარ იყო, ჟურნალისტები რომ აღარ იყვნენ, მაშინ მირტყეს და მერე, როცა განყოფილებაში წამიყვანეს, აღმაშენებელზე, სანამ პოლიციის უფროსი მოვიდოდა, მანამდე მცემეს,” – აცხადებს ხუსკივაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში.


ამ ფაქტს ადასტურებს “ლაბორატორია 1918”-ის წევრი თოკო ჩივაძე, რომელიც გუშინ ასევე დააკავა პოლიციამ:


დიმიტრი ხუსკივაძე - ლაბორატორია 1918-ის ფოტო
დიმიტრი ხუსკივაძე – ლაბორატორია 1918-ის ფოტო

“მაგარი ნაცემი იყო, რომ გაათავისუფლეს. დიტო წაიყვანეს სულ სხვაგან, ჩვენ წაგვიყვანეს მთავარ განყოფილებაში. რომ გამოვიდა, ცემის კვალი აღენიშნებოდა და გვითხრა, რომ მანქანაში მირტყამდნენ და განყოფილებაშიცო.”


დიმიტრი ხუსკივაძის თქმით, “ლაბორატორიის” წევრები შეიკრიბებიან და აღნიშნული ფაქტის გასაჩივრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ.


გუშინ, მშრომელთა საერთაშორისო დღეს სტუდენტური გაერთიანების “ლაბორატორია 1918”-ის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს. გაერთიანების ერთ-ერთი წევრის, გიორგი ნადარაიას თქმით, მანიფესტაციის მონაწილეები მარჯანიშვილიდან რუსთაველის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც გადაიკეტა მოძრაობა და პატრულის თანამშრომლებმა მათ მოსთხოვეს გზის გათავისუფლება:


“შემდეგ დაიწყეს აქციის მონაწილეების დაკავება, რაშიც მონაწილეობდნენ უფორმო თანამშრომლებიც, “ლაბორატორია 1918″-ის 20-მდე წევრია დაკავებული, მხოლოდ ორნი გადავრჩით დაკავებას,” – განუცხადა გუშინ “ნეტგაზეთს” ნადარაიამ.


აქციის მონაწილეების თქმით, დაკავების დროს რამდენიმე მათგანს პოლიციამ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფაც.


მოგვიანებით დაკავებულები პოლიციიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. შსს-ს განმარტებით,  სტუდენტების მიერ ორგანიზებული აქციის მსვლელობისას ადგილი ჰქონდა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას, დაზიანდა ერთ-ერთი მოქალაქისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე მანქანა. შსს-ში აცხადებენ, რომ სამართალდამცავებმა არაერთხელ მოუწოდეს წესრიგის დაცვისკენ აქციის მონაწილეებს, რასაც არ დაემორჩილნენ და სამართალდამცავებმა ისინი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. 


ავტომანქანის დაზიანება უარყო “ლაბორატორია 1918”-ის წევრმა ლევან ჩიგოგიძემ.:


“პატარა ინციდენტი მართლაც მოხდა კინოს სახლთან, როდესაც ვიდექით. მოპირდაპირე მხრიდან დაიძრა შავი ჯიპი და აქციის ერთ-ერთ მონაწილეს კინაღამ დაეჯახა. ამის შემდეგ აქციის რამდენიმე მონაწილე მივიდა ავტომანქანის მფლობელთან და მომხდარზე განმარტება მოსთხოვა. ეს იყო უბრალო შელაპარაკება და ავტომანქანის დაზიანება არ მომხდარა,” – განაცხადა მან.


“ლაბორატორია 1918”-ის წევრების გარდა, გუშინ “მეცხრე არხის” რეპორტიორიც დააკავეს, რომელიც აქციას აშუქებდა. ასევე, “ლიბერალის” ჟურნალისტი, რომელიც აქციაში მონაწილეობდა. თუმცა, შსს-მ უარყო გუშინდელ აქციაში ჟურნალისტების მონაწილეობა. დღეს კი შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა:  


“სამწუხაროა, რომ ორი ჟურნალისტი ამ ინციდენტში მოყვა, თუმცა პოლიცია ვერ გაარკვევდა, ვინ იყო ჟურნალისტი და ვინ – არა. მიკროფონი ყველას შეიძლება ეჭიროს, იგივე აქციის მონაწილეს. აქციის მონაწილეები იყვნენ აგრესიულები, ისინი გადავიდნენ გზის სავალ ნაწილზე და ეს აგრესია გადაედო მთელ აქციას და პოლიცია აბსოლუტურად ადეკვატურად მოიქცა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ვისაც ქაოსში ცხოვრება სურს, მხოლოდ მან უნდა დაუჭიროს ამ აქციას მხარი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი