ახალი ამბები

პარლამენტში ზედიზედ ორჯერ კვორუმი არ შედგა

2 მაისი, 2013 •
პარლამენტში ზედიზედ ორჯერ კვორუმი არ შედგა

პარლამენტში კვორუმი არ შედგა. პირველ შემთხვევაში მანანა კობახიძემ შესვენება გამოაცხადა, თუმცა არც მეორე შემთხვევის დროს გაიარა რეგისტრაცია 76-მა დეპუტატმა.  ამის შემდეგ მანანა კობახიძემ დეპუტატებს რეგისტრაციის პროცედურის მესამედ ჩატარებისკენ მოუწოდა, რადგან, მისი თქმით, რამდენიმე პარლამენტარმა განაცხადა, რომ ტექიკურ ხარვეზს ჰქონდა ადგილი. მესამე რეგისტრაციისას სხდომაზე 78 დეპუტატი დარეგისტრირდა. 

ხათუნა გოგორიშვილის მტკიცებით, რეგისტრაციას 78 დეპუტატი არ ესწრებოდა:
“რეგისტრაციის დროს არ იყვნენ დარბაზში – გუბაზ სანიკიძე, დიმიტრი ხუნდაძე, შალვა შავგულიძე, დავით ონოფრიშვილი, გია ვოლსკი და ერთ-ერთი დეპუტატი, რომლის გვარიც, სამწუხაროდ, არ ვიცი, მაგრამ ზის თოფაძესა და ჟორჟოლიანს შორის”, – განაცხადა გოგორიშვილმა, რომელსაც კობა დავითაშვილი გამოეხმაურა.
მისი თქმით, არავინ აპროტესტებს, რომ სამივე რეგისტრაციისას კვორუმი არ იყო, მაგრამ რეგლამენტით, განსაკუთრებულ შემთხვევაში, სხდომის წამყვანს აქვს უფლება სხვა წესი გამოიყენოს.

უმცირესობის პროტესტის მიუხედავად, პარლამენტის პლენარული სხდომა მაინც დაიწყო და დეპუტატები “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს” განიხილავენ. აღნისნული კანონის თანახმად, პირს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესს დაარღვევს, სისხლის სამართლის პასუხისგების ნაცვლად ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მისცემენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი