ჩიგოგიძე აცხადებს, რომ აქციის მონაწილეებს ავტომობილები არ დაუზიანებიათ.
“პატარა ინციდენტი მართლაც მოხდა კინოს სახლთან, როდესაც ვიდექით. მოპირდაპირე მხრიდან დაიძრა შავი ჯიპი და აქციის ერთ-ერთ მონაწილეს კინაღამ დაეჯახა. ამის შემდეგ აქციის რამდენიმე მონაწილე მივიდა ავტომანქანის მფლობელთან და მომხდარზე განმარტება მოსთხოვა. ეს იყო უბრალო შელაპარაკება და ავტომანქანის დაზიანება არ მომხდარა.”
ლევან ჩიგოგიძის განცხადებით, პოლიციამ უფლებამოსილებას გადაამეტა.
“კინოს სახლთან როცა ვიდექით, მოულოდნელად დაიწყო პატრულმა ახალგაზრდების დარბევა, ხელის კვრა და შეურცხყოფის მიყენება. პოლიციელების ნაწილი სამოქალაქო ტანსაცმელში იყო ჩაცმული”.
ჩიგოგიძის განცხადებით, პოლიციამ აქციის 30 მონაწილე დააკავა.
ის ამბობს, რომ თავად შეესწრო მეცხრე არხის ჟურნალისტის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს.
“ის იმ მანქანაში შემოაგდეს, სადაც მე ვყავდი დაკავებული. მას წაართვეს მიკროფონი, მაშინ, როცა ცდილობდა ახლობლებთან ტელეფონით დაკავშირებას, თავში ჩაარტყეს”.
ლევან ჩიგოგიძე აცხადებს, რომ “ლაბორატორია” უახლოეს პერიოდში მომხდართან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას გაავრცელებს.
მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის ყველა დაკავებული უკვე თავისუფალია.
დღეს აქციის მონაწილეების დაკავებასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ცინარიძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ სტუდენტების მიერ ორგანიზებული აქციის მსვლელობისას ადგილი ჰქონდა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას, დაზიანდა ერთ-ერთი მოქალაქისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე მანქანა.
შსს-ს პრესსამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის განცხადებით, ერთ-ერთმა მოქალაქემ პოლიციას მისცა ჩვენება იმის შესახებ, რომ აქციის მონაწილეებმა დააზიანეს მისი მანქანა.
დღევანდელ აქციას არაერთი ჟურნალისტი აშუქებდა და გავრცელდა ვიდეომასალაც, მათ შორის აქციის მონაწილეების დაკავების ამსახველი, თუმცა ამ დრომდე არავის გამოუქვეყნებია რაიმე დოკუმენტური მტკიცებულება – ვიდეო ან ფოტომასალა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ აქციის მონაწილეებმა პოლიციის და მოქალაქის ავტომანქანები დააზიანეს.
ამ დროისთვის აქციის ყველა მონაწილე, რომელიც დაპატიმრებული იყო, გათავისუფლებულია.