ახალი ამბები

ეთიკის ქარტია შსს-სგან მოითხოვს, განმარტონ, რის საფუძველზე დააკავეს ჟურნალისტები

1 მაისი, 2013 • 1040
ეთიკის ქარტია შსს-სგან მოითხოვს, განმარტონ, რის საფუძველზე დააკავეს ჟურნალისტები

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებულია დღეს რუსთაველის გამზირზე მომხდარი ინციდენტით, რომლის დროსაც აქციის ორგანიზატორებთან ერთად სამართალდამცველებმა ჟურნალისტებიც დააკავეს, დაკავებული არიან ტელეკომპანია “მეცხრე არხის” რეპორტიორი ზვიად ხუჯაძე  და ჟურნალ “ლიბერალის” ჟურნალისტი ანი ჭანკოტაძე. ორივე მედიასაშუალება აცხადებს, რომ მათი თანამშრომლები რუსთაველის გამზირზე პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდნენ და ორივე მათგანმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს დაკავებისას განუმარტა, რომ ისინი ჟურნალისტები იყვნენ. რუსთაველის გამზირზე ინციდენტის დროს მყოფი ჟურნალისტები სამართალდამცველების მხრიდან ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზეც საუბრობენ.

 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს სამართალდამცველ ორგანოებს, იმოქმედონ კანონის შესაბამისად, არ შეუშალონ ხელი მედიის წარმომადგენლებს საკუთარი საქმიანობის განხორციელებაში და დროულად განუმარტონ საზოგადოებას, რა სამართლებრივი საფუძველი ედო ჟურნალისტების დაკავებას. ქარტია იმედს გამოთქვამს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუყოვნებლივ გაათავისუფლებს დაკავებულ ჟურნალისტებს და მოუწოდებს სამართალდამცველებს, შეისწავლონ პოლიციელთა მხრიდან მედიის წარმომადგენელთა უფლების დარღვევის შესაძლო ფაქტები.

მასალების გადაბეჭდვის წესი