ახალი ამბები

კალაძის განმარტებები სამ საიდუმლო მემორანდუმზე

1 მაისი, 2013 •
კალაძის განმარტებები სამ საიდუმლო მემორანდუმზე

“ენერგო პრო ჯორჯიასთან” და “ინტერრაოსთან” 2012 წლის დეკემბერში დადებული მემორანდუმი კომპანიების მოთხოვნით კონფიდენციალურია. 

 

კახა კალაძის განცხადებით “ინტერრაოს” საინვესტიციო ვალდებულების შესრულება 2025 წლამდე აქვს გაწერილი, ხოლო “ენერგო პრო ჯორჯია” გამრიცხველიანებას 2016 წლამდე დაასრულებს.

 

რუსულმა გამოცემა “კომერსანტმა” ორი კვირის წინ  გაავრცელა ინფორმაცია სანდო წყაროზე დაყრდნობით, რომ “ინტერრაომ” ტარიფი საინვესტიციო ვალდებულებების გაუქმების ხარჯზე შეამცირა. ხოლო, “ენერგო პრო ჯორჯიაში” “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ კომპანიამ ტარიფი კაპიტალდაბანდებების ხარჯზე დასწია.     

კახი კალაძე
კახი კალაძე

ენერგეტიკის მინისტრმა განმარტება ტარიფის შემცირების შესახებ სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. 

კალაძის განცხადებით, აქტივები, რომელსაც “თელასი” ფლობს, მხოლოდ “ინტერრაოსი” არ არის. 25 პროცენტი სახელმწიფოსია და ამ ფაქტორმა კომპანიასთან მოლაპარაკების პროცესი გაამარტივა:”ტარიფი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება, ეს არის – გენერაცია ანუ წარმოება, განაწილება და გადაცემა-დისტრიბუცია. ერთადერთი, სადაც შესაძლებლობა იყო მომხდარიყო ტარიფის შემცირება, ეს დისტრიბუცია იყო. მოგახსენებთ, თუ რატომ. პროკურატურაში ძალიან ბევრი დოკუმენტაციაა შესული იმასთან დაკავშირებით, რომ საინვესტიციო ვალდებულებები, რაც იმისთვის კეთდებოდა, რომ რეაბილიტაცია მომხდარიყო და სხვადასხვა სამუშაოები ჩატარებულიყო, ძალიან ბევრი იყო ისეთი შემთხვევები, მაგალითად, თუ შესასრულლებელი სამუშაო იყო პირობითად ავიღოთ 100 ლარის, ამის გაწერა ხდებოდა 700-800 ლარზე. დანარჩენი ეს თანხა სად მიდიოდა, ყველასთვის გაურკვეველია და ამასთან დაკავშირებით გამოძიება მუშაობს”. 

კალაძის განცხადებით, ბევრი კითხვაა შესყიდვებთან დაკავშირებით, რადგან ტენდერებს ძირითადად, “თელასში” მაღალ თანამდებობაზე მყოფი პირების ოჯახის წევრების კომპანიები იღებდნენ. 

“როდესაც ტენდერები ხორციელდებოდა, უმეტეს შემთხვევაში მათ “თელასში” მომუშავე, მაღალ თანამდებობებზე მყოფი ოჯახის წევრების მიერ დაფუძნებული კომპანიები იგებდა. ამასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში ყველა ეს ფაქტი ცნობილი გახდება. ამით იმის თქმა მინდა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარჯი არამიზანშეწონილი იყო. არ იმართებოდა სწორი მიმართულებით, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ კომპანიისთვის აგვეხსნა რეალური სიტუაცია, რაზეც ისინიც წამოვიდნენ და ამაში ჩვენი ინტერესებიც არის, რადგან 25 პროცენტს სახელმწიფო ფლობს და ეს არა მარტო რუსული კომპანიის, არამედ თითოეული ჩვენგანის საკუთრებაცაა. ამ მიმართულებით წავიდა მოლაპარაკებები. დღეს სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ყველა საინვესტიციო ვალდებულება, რომელიც “ინტერრაოს” ჰქონდა, ძალაში რჩება 2025 წლამდე. არ შესრულების შემთხვევაში, რა დაჯარიმების წესებიც იყო, ისიც ძალაში რჩება. კონტრაქტი 2025 წლამდეა ხელმოწერილი, ანუ ვალდებულებები, რაც ჰქონდა და მათგან ძირითადი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იყო, ჩანს, რომ ამ კომპანიას ამის გაკეთების სურვილი არ გააჩნია. გააკეთებს თუ არა ამას დაველოდოთ, როდესაც დაუსრულდება ვალდებულება და თუ არ შეასრულებს, მაშინ იმ ჯარიმების გადახდა მოუწევს, რაც ხელშეკრულებაშია ჩადებული”. 

რაც შეეხება “ენერგო პრო ჯორჯიასთან”, ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ საინვესტიციო ვალდებულებების შესახებ  კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებული არ იყო. კომპანიის საინვესტიციო ვალდებულბები 2012 წლის დეკემბერში ტარიფის შემცირების შესახებ გაფორმებულ მემორანდუმში გაიწერა:  

“თუ კაპიტალდაბანდებას შეამცირებენ ეს ენერგოსექტორის მდგრადობას პრობლემას ნამდვილად არ შეუქმნის. როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში და ოფიციალურად დავინიშნეთ, გავუგზავნეთ ოფიციალური წერილი “ენერგოპროს”, სადაც ვითხოვდით ხელშეკრულების გადმოგზავნას,რომელიც მხარეებს შორის იყო გაფორმებული.  ასეთი ხელშეკრულება არ არსებობდა, რაც ჩემთვის გასაკვირია. აღმოჩნდა, რომ საინვესტიცოო პროექტები და გამრიცხველიანება ხდებოდა სიტყვიერი შეთანხმების ნიადაგზე. ჩვენ გვაქვს უკვე ოფიცილაური ხელშეკრულება, რომ 2016 წლამდე 200 ათსი აბონენტი, რომელიც დარჩენილია ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე, უნდა მოხდეს მათი გამრიცხველიანება. აქ არ არის საუბარი მხოლოდ გამრიცხველიანებაზე არამედ არსებული ელექტრო ხაზების რეაბილიტაციასა და ბოძების შეცვლაზე. ჩვენი მონიტორინგის ქვეშ მოხდება ამის გაწერა და ის ვალდებულებები რაც არის ტარიფის შემცირების გამო საფრთხე არ ემუქრება.” 

 

ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ, ასევე განმარტება გააკეთა, საქართველოს მთავრობასა და “ინტერრაოს” შორის ენგურჰესთან დაკავშირებით გაფორმებულ მემორანდუმზე. კალაძის მტკიცებით, “ენგურჰესი” კვლავ ქართული მხარის საკუთრებაშია:  

“ენგურჰესთან დაკავშირებით, “ინტერრაოსთან” ნასყიდობის ხელშეკრულება არ გაფორმებულა. არის მხოლოდ მემორანდუმი. საზოგადოებაში ეს სენსიტიური თემაა. ძალიან ცუდი იქნებოდა ქვეყნისთვის, თუ ასეთ ობიექტს გადავცემდით “ინტერრაოს” მმართველობაში. ვეცდები რომ მოხდეს ამ დოკუმენტის გასაჯაროება, რომელიც საიდუმლოდ არის შეფასებული რუსული მხარის მოთხოვნით. თუმცა იმასთან დაკავშირებით, რომ “ენგურჰესი” არის ჩვენს საკუთრებაში მე შემიძლია წარმოგიდგინოთ დოკუმენტაცია, რომელიც ამოღებულია საჯარო რეესტრიდან.”

 

შეგახსენებთ, რომ ელექტროენერგიის ახალი ტარიფი ძალაში 2013 წლის 1 იანვრიდან შევიდა.

 

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 27 დეკემბრის სხდომაზე ცვლილებები შეიტანა „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ # 33 დადგენილებაში და სს „თელასისა“ და „ენერგო–პრო ჯორჯიას“ მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის ტარიფები შეამცირა. 

 

აღნიშნული ცვლილება სახელმწიფოსა და ენერგოკომპანიებს –  სს „ინტერ რაოს“–სა და სს „ენერგო–პრო ჟორჯიას“ შორის დროებითი მემორანდუმის გაფორმებამ გამოიწვია. კერძოდ, 2013 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 აპრილამდე სს „თელასის“ მომხარებლები, რომლებიც მოიხმარენ 0–დან 101 კვტ/სთ ჩათვლით ელექტროენერგიას, დღგ–ს ჩათვლით 9,94 თეთრს გადაიხდიან, ხოლო აბონენტები, რომელბიც 101–დან 301 კვტ/სთ ჩათვლით ელექტროენერგიას მოიხმარენ – 12.46 თეთრს.

 

რაც შეეხება „ენერგო–პრო ჯორჯიას“ აბონენტებს, 0–დან 101 კვტ/სთ ჩათვლით ელექტროენერგიის მომხმარებლები დღგ–ს ჩათვლით 9.44 თეთრს გადაიხდიან, ხოლო 101–დან 301 კვტ/სთ ჩათვლით ელექტროენერგიის მომხმარებლები, 12.98 თეთრს.

 

კალაძის განცხადებით “ენერგო პრო ჯორჯიასთან” დადებული ხელშეკრულების თანახმად, ტარიფის გადახედვა 2014 წელს მოხდება, ხოლო “ინტერრაოს” შემთხვევაში ტარიფის გადახედვა 2016 წელს მოხდება.    

  

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი