ახალი ამბები

ხაჩიძე: ვინ არის ჭეშმარიტი ხუხაშვილი?

1 მაისი, 2013 •
ხაჩიძე: ვინ არის ჭეშმარიტი ხუხაშვილი?

“ჩვენ ვიცოდით, რომ ხუხაშვილი ექსპერტად იყო წოდებული, არჩევნებამდე ყოველ შემთხვევაში ასე იყო. ერთი თემაა, რა რჩევებს იძლეოდა ის, ვინ უსმენდა მის რჩევებს, მაგრამ არჩევნების შემდეგ სიტუაცია რადიკალურად არის შეცვლილი, მისი რჩევების მოსმენა სავალდებულოც კი გახდა. მეტსაც გეტყვით, შეიძლება, თუ არ მოუსმენ, ეს გარკვეული საფრთხის შემცველიც კი იყოს. დღეს ხუხაშვილი პრემიერის ფავორიტია და ძალიან ბევრ ადგილზე ვიხილეთ მისი ხუხაშვილის გამოვლინებები.”

 

გოგა ხაჩიძის თქმით, მას შემდეგ, რაც გია ხუხაშვილის “საქართველოს რკინიგზაში” დაინიშნა გენერალური დირექტორის კონსულტანტად, რკინიგზის ტვირთბრუნვა შემცირდა. 

 

“როგორც ბატონმა ხუხაშვილმა განაცხადა და თვითონ აღიარა, დაიწყო ყველაფერი იმით, რომ ბიზნესმენებმა მასთან აღსარებებზე სიარული დაიწყეს. აი, ბატონი ხუხაშვილი ერთგვარი ბიზნესკომბლესავით იჯდა პიკსელის შენობაში, ბიზნესებს თლიდა და ჭერში აწყობდა. შემდეგ ხუხაშვილი უცებ აღმოჩნდა რკინიგზის დეპარტამენტში მრჩევლად. შედეგიც სახეზეა, უკანასკნელი წლების განმავლობაში რკინიგზის დეპარტამენტში პირველად შემცირდა ტვირთბრუნვა და ესეც მისი რჩევების დამსახურებაა, ალბათ. ერთი სიტყვით, ცაში ფრინველს ვერ გაუფრენია და მიწაზე – ჭიანჭველას,  ხუხაშვილის გარეშე. ხუხაშვილი დღეს უკვე არის ჩვენი პრემიერის მრჩეველი საერთაშორისო სავაჭრო- ეკონომიკურ საკითხებში. ეს, ალბათ, ასე ვთქვათ, სრული გაბრწყინება იქნება მისი. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ზუსტად იგივე ბედი ელის ჩვენს საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს, რაც რკინიგზაში მოხდა.” 

 

ხაჩიძე თავის მოლოდინებზეც საუბრობს და რეკომენდაციებს იძლევა:

 

“საერთოდ, ხომ არ არის დრო, მას შემდეგ, რაც ის ტელეწამყვანი გახდა და ამიერიდან ყოველ კვირაში ვნახავთ მის რჩევებს და ექსპერტულ დარიგებებს, სასკოლო პროგრამაშიც შევიტანოთ ხუხაშვილი, როგორც სწავლება, ერთგვარი?!

 

ალბათ, ერთადერთი, რასაც ველოდები, ერთ მშვენიერ დილით ჩემი ბინის კარზე ზარი გაისმება, რომ გავიხედავ, იქ დამხვდებიან საეჭვო გარეგნობის და საეჭვო ჩაცმულობის ადამიანები და გაღიმებული მკითხავენ – გინდათ გესაუბროთ ჭეშმარიტ ხუხაშვილზეო და მე დიდი სიამოვნებით შემოვიპატიჟებ სახლში, რომ მარტო მე კი არა, ყველას გავაგებინო, ვინ არის ჭეშმარიტი ხუხაშვილი? ვინ არის ჩვენი პრემიერის ეკონომიკური ფავორიტი და ვინ განსაზღვრავს- ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გაიზრდება, შემცირდება, თუ სად შეიკრიბება 10 ბიჭი და როგორ გადაგვიწყვეტენ საკითხს.”

მასალების გადაბეჭდვის წესი