ახალი ამბები

გიგა ბოკერია: პრემიერის განცხადება უპასუხისმგებლო და საზიანოა

30 აპრილი, 2013 •
გიგა ბოკერია: პრემიერის განცხადება უპასუხისმგებლო და საზიანოა

“გამოძება ყველაფრის შეიძლება. ის არის ახლა საქართველოს დემოკრატიულად არჩეული პრემიერ-მინისტრი, მის სიტყვებს აქვს ბევრად უფრო დიდი დატვირთვა. ეს განცხადება მის უპასუხისმგებლობად და საზიანოდ მიმაჩია. რატომ არ დაელოდა ის როგორც მინიმუმ გამოძიების დამთავრებას. რატომ უსწრებს სიტყვა ასეთ მნიშვნელოვან სარისკო საკითხში,”- განაცხადა გიგა ბოკერიამ გადაცემა “პოზიციაში.”

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბოკერიამ სახალხო დამცველის მოხსენებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ის არანარი ფაქტებით გამყარებული არ არის. 

 

“მან მოყვა რაღაც ნარატივი, რომელიც თითქმის ერთი-ერთში ემთხვევა მრავალი წელია ჩვენი ჩრდილოეთ მეზობლის მხრიდან მონათხრობს, რომელიც ასევე არასდროს არ ეყრდნობოდა ხოლმე არანაირ ფაქტებს, იმის გამო, რომ ასეთი ფაქტები არასდროს არსებობდა. ის ასახელებს რაღაც საიდუმლო წყაროებს და ავითარებს თეორიებს, ზოგ შემთხვევაში კი აბსოლუტურად კომიკური მტკიცებულებები მოჰყავს.”


ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივინის განცხადებით, ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით არანარი შეთქმულების თეორია არ არსებობს. 


საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ გააკეთა, შესაძლებელია წინა ხელისუფლება თანამშრომლობდა “ბოევიკებთან” და ჩართული იყო ჩეჩენ ტერორისტებთან თანამშრომლობაში.


“ომბუდსმენის ეჭვები მე შემიძლია მივიღო ძალიან რეალურად, მაგრამ არა დასტურად. დაველოდოთ გამოძიებას. გამოძიება დაწყებულია. რა თქმა უნდა, მეც დიდი ეჭვი მაქვს იმ საკითხებზე, რაც გამოითქვა ომბუდსმენის მიერ, ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს ხდებოდა რეალობაში, მაგრამ თავს შევიკავებ. ალბათ უახლოეს დროში გამოძიება დასრულდება და ჩვენ ძალიან ბევრ სიახლეს გავიგებთ. შეიძლება შოკისმომგვრელსაც კი”, – განაცხადა ივანიშვილმა გადაცემა “პოზიციაში” საუბრისას.


საქართველოს სახალხო დამცველის 2012 წლის საპარლამენტო ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა ლაფანყურის სპეცოპერაციას, სადაც საუბარია იმაზე, რომ 120 ჩეჩნური წარმოშობის მოქალაქე საქართველოში ჩამოვიდა გასული წლის გაზაფხულზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების ორგანიზებით. უჩა ნანუაშვილის თქმით, ვაზიანის და შავნაბადას სამხედრო ბაზაზე ხდებოდა მათი წვრთნა, ხოლო შსს–ს მაღალი თანამდებობის პირები მათ უფორმებდნენ იარაღს და აძლევდნენ სხვადასხვა დოკუმენტაციას.

 

სახალხო დამცველის ანგარიშში აღნიშნულია, რომ კონფიდენციალური წყაროს ცნობით, ჩეჩენი მებრძოლების ჯგუფთან უშუალო კავშირი ჰქონდა შსს–ს მინისტრის მაშინდელ მოადგილეს გია ლორთქიფანიძეს და შსს–ს მაღალჩინოსნებს – სანდრო ამირიძეს და ზურა მაისურაძეს.

 


მასალების გადაბეჭდვის წესი