ახალი ამბები

შრომის უფლება და 1 მაისი საქართველოში

30 აპრილი, 2013 • • 2639
შრომის უფლება და 1 მაისი საქართველოში

1 მაისის აღნიშვნა სათავეს 1880–იანი წლების ამერიკის შეერთებული შტატებიდან იღებს. 1886 წელს ჩიკაგოში სამუშაო საათების რვა საათამდე შემცირების მოთხოვნით მშრომელთა მასობრივი დემონსტრაცია მიმდინარეობდა, პოლიცია კი მათ დაშლას ცდილობდა. ისტორიული წყაროების მიხედვით, ერთ–ერთმა დემონსტრანტმა პოლიციელების მიმართულებით დინამიტი ისროლა, რის საპასუხოდაც სამართალდამცველებმა ცეცხლი გახსნეს. ჯამში, ათობით ადამიანი დაიღუპა, მათ შორის იყვნენ პოლიციელებიც. სწორედ ამ მოვლენების შემდეგ დაიწყო მშრომელთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა.


დღეისათვის პროფკავშირების თუ სხვა სახის ორგანიზაციების მოთხოვნის შედეგად 1 მაისი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია გამოცხადებული უქმე დღედ. პირველმა მაისმა განსაკუთრებული მნიშვნელობა საბჭოთა კავშირში და სხვა კომუნისტური მმართველობის სახელმწიფოებში შეიძინა. მაგალითად, კუბაში, ყოფილ საბჭოთა კავშირსა და ჩრდილოეთ კორეაში 1 მაისის მასშტაბური მანიფესტაციები და სამხედრო პარადები ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოში არსებულ სტერეოტიპზე საუბრობს  სტუდენტური მოძრაობა “ლაბორატორია 1918”–ის წევრი სანდრო ცაგარელი, რომლის განცხადებითაც, ტელემედიისა და ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის “დამსახურებაა” ის გარემოება, რომ 1 მაისი და 8 მარტი საქართველოში ბევრ ადამიანს ჯერ კიდევ საბჭოთა დღესასწაული ჰგონია. სინამდვილეში კი ეს საერთაშორისო დღეა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში დაწესდა.


საქართველოში პროფკავშირები 1 მაისს ყოველწლიურად აღნიშნავს. გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ამბობს, რომ მანიფესტაციის ჩატარება ხვალისთვისაც არის დაგეგმილი.


“პროფკავშირები ხვალ, 13:00 საათზე პარლამენტის შენობასთან იკრიბება, ჩაატარებს მიტინგს, შემდეგ მსვლელობით ჩავა მშრალ ხიდთან და მოახდენს ძველი შრომის კოდექსის მაკეტის კრემაციას. ჩვენ შემუშავებული გვაქვს მანიფესტის პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობის როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო შტოებს უნდა გადაეცეს. ვფიქრობ, რომ საკმაოდ მასშტაბური აქცია იქნება და მოვლენ ის გულანთებული ადამიანები, ვისაც ცრემლი და სისხლი ადინა იმ შრომითმა კოდექსმა, რომელიც საქართველოში დღემდე მოქმედებს”, – აცხადებს პეტრიაშვილი და იმედს გამოთქვამს, რომ უკვე შემდეგი კვირიდან ქვეყანას ახალი შრომითი კოდექსი ექნება.


რაც შეეხება “ლაბორატორია 1918”–ის მიერ დაგეგმილ აქციას, ეს მანიფესტაცია ხვალ, 15:00 საათზე  თსუ–ს პირველი კორპუსის ეზოში დაიწყება.  აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართებიან თავისუფლების მოედნისაკენ და შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით შემუშავებულ მანიფესტს მოაწერენ ხელს. ეს აქცია სტუდენტების ორგანიზებითა და მონაწილეობით იმართება. “ლაბორატორია 1918”–ს კიდევ ერთი სტუდენტური მოძრაობა “ნარინჯისფერი კლუბი” უერთდება. როგორც “ნეტგაზეთთან” საუბარში “ლაბორატორია 1918”–ის წარმომადეგნელი და დემონსტრაციის ერთი–ერთი ორგანიზატორი სანდრო ცაგარელი ამბობს, ეს იქნება მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან ხმაურიანი აქცია.


“1 მაისს შრომის საერთაშორისო დღე მთელ პროგრესულ სამყაროში აღინიშნება. გამომდინარე იქიდან, რომ სტატისტიკურად ყოველ 15 წამში ერთხელ ერთი მშრომელი ადამიანი იღუპება, ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან მნიშნელოვანი დღეა. შრომა არის ის ფენომენი, რომელიც ადამიანს ცხოველისაგან გამოარჩევს. საქართველოში შრომა დამახინჯებულია და ქცეულია ძალდატანებით საქმიანობად, რომელიც მხოლოდ იმისთვის კეთდება, რომ ადამიანი შიმშლით არ მოკვდეს, სინამდვილეში შრომის მთავარი შინაარსი არის, რომ ადამიანი შემოქმედი იყოს და პროდუქტი შექმნას. აქციის მთავარი მიზანია, რომ დავიწყოთ შრომითი ურთიერთობების და შრომის როგორც ფენომენის გააზრება. შრომა არ შეიძლება იყოს მხოლოდ “პახაობა” ეს უნდა იყოს შემოქმედებითი პროცესი”, – აცხადებს იგი.


ცაგარელის თქმით, ხვალისათვის დაგეგმილი აქცია იქნება მათი ერთგვარი მიმართვა როგორც ხელისუფლებისა და ბიზნესისადმი, ასევე საზოგადოებისადმი:


“შრომა, როგორც ფენომენი, არ შეიძლება უკანა პლანზე იყოს. უნდა დაიწყოს  ფიქრი იმაზე, რომ  შრომა საზოგადოების განვითარების ღერძად გადაიქცეს. სწორედ ეს არის ჩვენი მესიჯი: მოდი, ერთად გავიაზროთ პირველი მაისი”, – აღნიშნავს იგი.


დღეისათვის პირველმაისობით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასა თუ ქალაქში გამართული მანიფესტაციების უმრავლესობის მთავარი ფოკუსი შრომის კოდექსს და ამ დოკუმენტის დამსაქმებლის და დასაქმებულის ინტერესებზე თანაბრად მორგებას ეხება. როგორც ირკვევა, ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. ზემოხსენებული ორი აქციის ორგანიზატორი ორგანიზაციის წარმომადეგნლები: სანდრო ცაგარელი ლაბორატორია 1918–იდან და ირაკლი პეტრიაშვილი გაერთიანებული პროფკავშირებიდან, ამბობენ, რომ შრომის კოდექსის ახალი რედაქცია, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა და განსახილველად პარლამენტს წარუდგინა, მის წინამორბდეთან შედარებით ბევრად პროგრესულია, თუმცა გარკვეული შენიშვნები მაინც არსებობს.


“ჩვენ ხვალინდელ აქციაზე კონკრეტული მოთხოვნებიც გვაქვს. შრომითი კოდექსის არსებული რედაქცია კიდევ უფრო უნდა გაუმჯობესდეს და არ გაუარესდეს ისე, როგორც ამას მოითხოვენ ბიზნესასოციაციები და ზოგიერთი პარლამენტარი. ასევე მოვითხოვთ, რომ უმუშევრებს მიეცეთ კომპენსაცია და ნებისმიერ საწარმოში თუ ორგანიზაციაში ყველა თანამშრომელს უნდა შეეძლოს მენეჯმენტში თანამონაწილეობა იმიტომ, რომ ყველა დასაქმებული გარკვეული სახის პასუხისმგებლობის მატარებელია. არ შეიძლება, რომ სამსახურში ყველაფერს მხოლოდ ერთი ადამიანი წყვეტდეს”, – ამბობს ცაგარელი და დასძენს, რომ შრომის კოდექსის ის ვარიანტი, რომელიც ამ დროისთვის პარლამენტშია ინიცირებული და მეორე მოსმენას ელოდება, მათთვის მეტნაკლებად მისაღებია.


“აქაც არის გარკვეული ხარვეზები. მთავარია, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც სამსახურს ვერ შოულობენ, უმუშევრობის კომპენსაცია მიიღონ. მეორე [შენიშვნა] უკავშირდება ადამიანის სამსახურიდნ გათავისუფლების პროცედურას. ამ რედაქციაში ერთ–ერთ პუნქტად წერია, რომ დამსაქმებელს დასაქმებულების გათავისუფლება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, “სხვა ობიექტური მიზეზის გამოც” შეუძლია. ეს მუხლი ძალიან ზოგადია და მასში ყოველთვის შეიძლება, რომ რაღაც ჩაიდოს და დამსაქმებელს ასეთი თანამშრომლის გათავისუფლების საშუალება მიეცეს. ასევე, მაგალითად, ღამის შრომაზე… ღამე მუშაობა მთელ მსოფლიოში უფრო მძიმედ მიიჩნევა და უფრო მაღალი ხელფასია. ამაზე ამ კოდექსში ნათქვამი არაფერია”.


ირაკლი პეტრიაშვილი კი ამბობს, რომ შრომის ახალ კოდექსში პროფკავშირების მიერ ინიცირებული წინადადებათა პაკეტის დაახლოებით 80 პროცენტი გაითვალისწინა ახალმა მთავრობამ.


“მაგრამ არსებობს საკითხები, რომელიც მიუღებელია: ეს არის ღამის სამუშაო საათებთან დაკავშირებით შეღავათები, ეს არის მოკლევადიან ხელშეკრულებებზე დამსაქმებლების ნება და შევატყეთ მთავრობას, რომ ყოყმანი დაიწყო ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს ნორმები შესაცვლელია და ჩვენ ამაზე თვალის დახუჭვას არ ვაპირებთ”, – ამბობს იგი.


სტუდენტური მოძრაობის წარმომადეგნელი სანდრო ცაგარელი შენიშვნას კოდექსის ახალი რედაქციის იმ მუხლის თაობაზეც გამოთქვამს, რომლის მიხედვითაც დამსაქმებელი დასაქმებულს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ერთი თვით ადრე აფრთხილებს.


“მაგალითად; ადრე ადამიანს დამსაქმებელი თვის ბოლოს ეუბნებოდა, რომ სამსახურიდან ათავისუფლებდა და ერთი თვის ხელფასს კომპენსაციის სახით უხდიდა. ახლა დამსაქმებელი გათავისუფლების შესახებ თავის გადაწყვეტილებას გეუბნება ერთი თვით ადრე, ხელფასს გიხდის, თუმცა ეს ერთი თვე უნდა იმუშაო და ამ ხნის განმავლობაში სამსახურს ვერ ეძებ. გამოდის, რომ ამ კუთხით გაუარესდა ეს წესი. ძველი წესი ბევრად ჯობია”, – აცხადებს იგი.


ცაგარელი ყურადღებას ამახვილებს შრომის კოდექსის იმ პუნქტზეც, რომელიც დამსაქმებელსა და დასაქებულს შორის შრომითი ხელშეკრულების გაფორმების ვადებს ეხება. იგი მხარს უვადო ხელშეკრულებების სისტემის აპრობირებას უჭერს.


“ვფიქრობთ, რომ ეს აუცილებელია, სხვანაირად განვითარება შეუძლებელია. ეს აპრობირებული მეთოდია მთელ მსოფლიოში. ეს არ გულისხმობს იმას, რომ აბსოლუტურად ყველას უნდა გაუფორმდეს უვადო ხელშეკრულება. ეს არის პრინციპი, რომელიც ნიშნავს იმას, რომ გრძელვადიანი ხელშეკრულებებისაკენ მიისწრაფვი. არ შეიძლება, რომ მასწავლებელს გათვლილი არ ჰქონდეს მომდევნო რამდენიმე წელი, რადგან მან, როგორც ამ სფეროს პროფესიონალმა, საკუთარ თავზე უნდა იმუშაოს. ერთწლიანი ხელშეკრულების პირობებში მას სხვა საქმიანობაზე ფიქრიც მოუწევს იმიტომ, რომ სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში შემოსავლის სხვა წყარო უნდა ნახოს. ევროპაში მხოლოდ ერთი ან ორი ქვეყანა იქნება, სადაც ეს წესი ჯერ აპრობირებული არ არის”, – აცხადებს იგი.


როგორც ცნობილია, შრომითი ხელშეკრულების ვადებთან დაკავშირებით რამდენიმე ბიზნესასოციაციამ, მათ შორის საერთაშორისო სავაჭრო პალატის საქართველოს წარმომადგენლობამ გარკვეული შენიშვნები გამოთქვეს. ისინი ითხოვენ, რომ თანამშრომლის უვადო ხელშეკრულებით სამსახურში აყვნა სავადებულო მოთხოვნა არ იყოს და დამსაქმებლებს ფიქსირებული ვადით ხელშეკრულების გაფორმების უფლება მიეცეთ. საერთაშორისო სავაჭრო პალატა მიიჩნევს, რომ შრომის კოდექსიდან ფიქსირებული ვადის ხელშეკრულებების დებულების ამოღება ზეგავლენას მოახდენს კონკურენციასა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე და ხელს შეუწყობს არაოფიციალურ დასაქმებას. მმართველი გუნდი ამ საკითხების განხილვას საპარლამენტო მოსმენების დროს გეგმავს.


სანდრო ცაგარელი აცხადებს, რომ  ახალი შრომის კოდექსი თავის წინამორბედთან შედარებით პროგრესულია და მისი დახვეწის პარალელურად აუცილებლად უნდა მოხდეს ძირითადი დებულებების შენარჩუნება.


“დიდი საფრთხე არის, რომ ის პროგრესი, რაც შრომის კოდექსთან დაკავშირებით უკვე მიღწეულია, დაიკარგოს. იმიტომ, რომ ვიცით, რომ პარლამენტარების (როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის წარმომადგნლების) და ბიზნესასოციაციების ნაწილი მოითხოვენ, რომ, მაგალითად, ზეგანაკვეთურ შრომაზე მიღწეული პროგრესი ამოვარდეს. ასევე ეტაპობრივად უვადო ხელშეკრულებებზე გადასვლის წინააღმდეგიც არიან. დიდი საფრთხეა, რომ მათმა ლობმა გაიმარჯვოს”.


აღსანიშნავია, რომ დღეისათვის აშშ-ში 1 მაისი, როგორც მასობრივი უქმე დღე გაუქმებულია. 1 მაისს აშშ–ში ლოიალობის დღე აღინიშნება, ხოლო მშრომელთა უფლებების დღე – სექტემბრის თვეში. გარდა შეერთებული შტატებისა, მშრომელთა დღეს განსხვავებული თარიღებით აღნიშნავენ  კანადაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში, რაც ამ ქვეყნებში მშრომელთა მოძრაობის საკუთარ ისტორიას უკავშირდება.


1955 წლიდან კათოლიკურმა ეკლესიამ 1 მაისი ბიბლიური იოსების ხსენების დღედ გამოაცხადა, რომელიც მუშათა და ხელოსანთა რელიგიურ მფარველად მიიჩნევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი