ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

თამარ მეარაყიშვილი: ეჭვმიტანილი ვარ ცილისწამებაში

17 აგვისტო, 2017 •
თამარ მეარაყიშვილი: ეჭვმიტანილი ვარ ცილისწამებაში

თამარ მეარაყიშვილი, რომელიც გუშინ, 2017 წლის 16 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მილიციამ დააკავა, აცხადებს, რომ ცილისწამებაშია ბრალდებული.

“ახლა სახლში ვარ, ყველას უღრმესი მადლობა ჩემი და ჩემი ოჯახის სახელით. მე ოფიციალურად ეჭვმიტანილი ვარ ცილისწამებაში და ბინაში ჩხრეკვის მიზეზად მითხრეს, რომ ცილისწამების ნივთმტკიცებები უნდა ამოეღოთ. მაპატიეთ, ვერ გიპასუხებთ. ადვოკატს ვეძებ, რომელთან ერთადაც ხვალ უნდა გამოვცხადდე პროკურატურაში”, – წერს მეარაყიშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

საქმე შეეხება რუსულენოვან გამოცემა “ეხო კავკაზაზე” გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც რესპონდენტი თამარ მეარაყიშვილი, ახალგორის [ლენინგორის] რაიონში ყოფილი პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის დროს დანიშნული კადრების დათხოვნაზე და ახალი პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის მხარდამჭერთა თანამდებობებზე დანიშვნაზე საუბრობს. პარტიის სახლით მეარაყიშვილზე საჩივარი ახალგორის სატყეო სამსახურის ახალი უფროსმა, სამხრეთ ოსეთის მმართველი პარტია “ერთიანი ოსეთის” წევრნა, სპარტაკ დრიაევმა შეიტანა.

რაც შეეხება თამარ მეარაყიშვილის გუშინდელ რამდენიმესაათიან დაკავებას ახალგორის მილიციის შენობაში, მას ადვოკატის გარეშე ჩვენება არ მიუცია. დაკითხვის სხვა დეტალებზე მეარაყიშვილი ვერ საუბრობს.

გარდა ამისა, 16 აგვისტოს დაკითხვის შემდეგ, მისი ბინის ჩხრეკის დროს, სამართალმდაცავებმა კომპიუტერული ტექნიკის, საბუთებისა და მისი პირადი ტელეფონის გარდა, კნუტ ვოლებეკის უმცირესობების საკითხებში ეუთოს ყოფილი უმაღლესი კომისრის სავიზიტო ბარათი და მისი ბეჭდური გამოცემა წაიღეს.

თამარ მეარაყიშვილის გუშინდელი დაკავების საქმეს განცახდებით გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი. გარდა ამისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ განაცხადა, რომ თამარ მეარაყიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ცხელი ხაზი ამოქმედდა.


ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც ფეისბუკის საკუთარ გვერდზე და რუსულენოვან გამოცემა “ეხო კავკაზასთან” რესპონდენტის სტატუსით რაიონის პრობლემურ საკითხებზე, მათ შორის ხელმძღვანელ პირთა ქმედებებზე, მუდმივად წერს და საუბრობს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებში დაკითხვაზე პირველად არ დაუბარებიათ.

2017 წლის 8 ივნისს კი თამარ მეარაყიშვილი დაკითხვის თუ დაშინების მიზნით ახალგორიდან ცხინვალში გაიტაცეს. სამოქალაქო აქტივისტის გაუჩინარების შესახებ ინფორმაციის სოციალური ქსელით გავრცელებამ და საერთაშორისო მხარეთა ჩართულობამ შედეგი გამოიღო. გამტაცებლებმა ის კვლავ საკუთარ სახლში, ახალგორში მიიყვანეს, თუმცა კითხვაზე, ვინ იყვნენ გამტაცებლები და კონკრეტულად რით დაემუქრნენ მას, არ პასუხობს. მეარაყიშვილის გატაცების საკითხი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდის დროს ივნისში დისკუსიის თანათავმჯდომარეებმაც წამოაყენეს.

თამარ მეარაყიშვილი ახალგორის რაიონის სახელით ხშირად მონაწილეობს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ კონფლიქტური რეგიონებისა და ამ საკითხებზე გამართულ კონფერენციებში, რომლებიც თბილისში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ ეწყობა.

ახალგორის რაიონი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თბილისიდან ცხინვალის კონტროლის ქვეშ გადავიდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი