ახალი ამბები

ომბუდსმენი მოუწოდებს მთავრობას, მიიღოს ზომები თამარ მეარყიშვილის უსაფრთხოების დასაცავად

16 აგვისტო, 2017 • 3259
ომბუდსმენი მოუწოდებს მთავრობას, მიიღოს ზომები თამარ მეარყიშვილის უსაფრთხოების დასაცავად

საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მიერ ახალგორის რაიონში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტისა და ნეტგაზეთის “ფრილანსერი” ჟურნალისტის, თამარ მეარაყიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს თავისუფლების უკანონო აღკვეთაა.

“სახალხო დამცველი მოუწოდებს დე ფაქტო ხელისუფლება,ს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს თამარ მეარაყიშვილი. ასევე, მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მიიღოს ყველა ზომა მისი უსაფრთხოების დასაცავად და გასათავისუფლებლად,”- აცხადებს ომბუდსმენი.

ომბუდსმენის განცხადებით, თამარ მეარაყიშვილი ყოველთვის გამოირჩეოდა აქტიური სამოქალაქო პოზიციით და ახალგორის მკვიდრთა უფლებების დასაცავად გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებებით, რის გამოც იგი ბოლო წლებში განიცდიდა ზეწოლას დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან, რაც ამა წლის ივლისის თვეში მისი ცხინვალში იძულებით გატაცებით დასრულდა.

“თამარ მეარაყიშვილის დაკავებას სახალხო დამცველი აფასებს როგორც უკანონოდ თავისუფლების აღკვეთას, სამოქალაქო აქტივისტზე ზეწოლას და მისი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას. ეს დაკავება ასევე უნდა შეფასდეს, როგორც მისი იძულება, სამუდამოდ დატოვოს ახალგორი. შემაშფოთებელია, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში სამოქალაქო აქტივისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლამ რეგულარული ხასიათი მიიღო,”- აცხადებს ომბუდსმენი.

მასალების გადაბეჭდვის წესი