ახალი ამბები

ყაზბეგის გამზირზე გაჩეხილი ხეების წლისთავი – ელისაშვილი პროკურატურის პასუხს ელის

17 აგვისტო, 2017 • 2528
ყაზბეგის გამზირზე გაჩეხილი ხეების წლისთავი – ელისაშვილი პროკურატურის პასუხს ელის

დღეს, 17 აგვისტოს, ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კერძო კომპანიამ, თბილისის მერიის ნებართვით, ყაზბეგის გამზირზე 45 ჯანსაღი ხე მოჭრა, რასაც გარემოსდამცველების არაერთი საპროტესტო აქცია მოჰყვა. ერთი წლისთავზე თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა ამავე ადგილას საგანგებო ბრიფინგი გამართა და პროკურატურას კიდევ ერთხელ მოუწოდა გამოძიების მაქსიმალურად დაჩქარება.

როგორც ელისაშვილი აცხადებს, პროკურატურას დღემდე არ/ვერ დაუდგენია ამ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება, რაც ძალიან ბევრ კითხვასა და ეჭვს ბადებს.

“რეალურად, ეს არის “ქართული ოცნების” სახე. მმართველ ძალას სარეკრეაციო ზონები მხოლოდ სელფების გადასაღებად და წინასაარჩევნოდ ახსოვს. ამ ფაქტს მერის ეკოლოგიის სამსახურის უფროსი შეეწირა, მაგრამ აუციელებელია დამატებით გამოვლინდნენ ის პირები, რომლებიც სავარაუდო კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობდა. მგავსი გადაწყვეტილებები დედაქალაქში სარეკრეაციო ზონების წინააღმდეგ უნდა დასრულდეს იმიტომ, რომ კატასტროფული ეკოლოგიური მდგომარეობა გვაქვს თბილისში,” – ამბობს ალეკო ელისაშვილი.

ალეკო ელისაშვილის თქმით, ძალიან მარტივი კითხვა და საკითხია პასუხგაუცემელი: იყო თუ არა ყაზბეგის გამზირზე მოჭრილი 45 ხე ხმელი ან საღი? იგი ამბობს, რომ ეს არის მთავარი შეკითხვა, დანარჩენი კი ამ კითხვაზე პასუხიდან გამომდინარეობს. ალეკო ელისაშვილმა დავით ზურაბიშვილთან ერთად ერთი წლის განმავლობაში ამ საკითხზე არაერთი ბრიფინგი გამართა, თუმცა გამოძიების შედეგები ჯერჯერობით უცნობია.

თბილისის მერიის გამწვანების სამსახურის მიერ გაცემული ნებართვით ყაზბეგის გამზირზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსებეს მშენებლობის გამო საღი ხეები 17 აგვისტოს გაჩეხეს. პარტიზანმა მებაღეებმა თბილისის მერიასთან პერმანენტული აქციები იმავე დღეს დაიწყეს, ხოლო რამდენიმე მათგანი კვირაზე მეტხანს შიმშილობდა. საბოლოოდ, თბილისის მერმა მორატორიუმი გამოაცხადა ხეების ჭრის საკითხზე. თუმცა, როგორც გარემოსდამცველები აცხადებენ, ჯანსაღი ხეების ჩეხვა მერიის ნებართვით დღემდე გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი