ახალი ამბები

7 თვე ყაზბეგის გამზირზე ხეების გაჩეხვიდან – საკრებულოს წევრები პროკურატურის პასუხს ელიან

14 მარტი, 2017 • 2794
7 თვე ყაზბეგის გამზირზე ხეების გაჩეხვიდან – საკრებულოს წევრები პროკურატურის პასუხს ელიან

ალეკო ელისაშვილმა და დავით ზურაბიშვილმა თბილისის პროკურატურასთან ყაზბეგის გამზირზე 7 თვის წინ გაჩეხილი ხეების შესახებ ბრიფინგი გამართეს. საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატები დედაქალაქის საკრებულოში პროკურატურას გამოძიების შედეგებს სთხოვენ და კითხვაზე პასუხს, იყო თუ არა გაჩეხილი ხეები საღი.

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის თქმით, ძალიან მარტივი საკითხია პასუხგაუცემელი იყო თუ არა ყაზბეგის გამზირზე მოჭრილი 45 ხე ხმელი ან საღი. როგორც ელისაშვილი ამბობს, ეს არის მთავარი შეკითხვა, ხოლო დანარჩენი გამომდინარეობს ამ კითხვაზე პასუხიდან:

“ჩვენ აქ მოვედით საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატები თბილისის საკრებულოში ზუსტად 7 თვის წინ გაიჩეხა ყაზბეგის ქუჩაზე ხეები, 2016 წლის 17 აგვისტოს. პროკურატურამ 2016 წლის 18 აგვისტოს აღძრა საქმე ხე–ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვის მუხლით, ხოლო მე დავიკითხე მოწმის სახით. ამიტომაც ცოტა ხნის წინ, როცა მივწერე პროკურატურას, რა გაარკივეთ ამ საქმეზე და რა შედეგები გაირკვა თქო, მომწერეს, რომ რადგან მოწმის სახით ვარ დაკითხული, ამიტომ ვერ შედეგებს ვერ გაგაცნობთო. თუმცა, ამომრჩეველსა და საზოგადოებას აინტერესებს ეს. ბევრი მეკითხება და პასუხი არ მაქვს. შესაბამისად, ჩვენ აქ მოვედით საჯარო შეკითხვით პროკურატურისადმი, რომ დღის განმავლობაში განცხადება გაავრცელოს პროკურატურამ და გვიპასუხოს,” – ამბობს ალეკო ელისაშვილი.

მისი თქმით, ეს არის მარტივად გამოსაძიებელი საკითხი, ხოლო ძალიან პრინციპული ქალაქისთვის და საზოგადოებისთვის:

“ჩვენ ეს საკითხვი გვახსოვს, გვაინტერესებს და გაგვცენ კითხვაზე პასუხი. რა შერლოკ ჰოლმსობა და FBI-ის გამოძიება ამას სჭირდება, რომ თქვან, ეს ხეები ხმელი იყო თუ საღი. სანამ არ გავიგებთ ამაზე პასუხს, ჩვენ არ მოვეშვებით და არ დაგვვიწყებია ეს საკითხი. ეს არის ძალიან პრინციპული ქალაქისთვის და საზოგადოებისთვის.”

თბილისის საკრებულოს დეპუტატი და “რესპუბლიკური პარტიის” ერთ–ერთი ლიდერი, დავით ზურაბიშვილი ამბობს, რომ ყაზბეგის გამზირზე გაჩეხილი ხეების შესახებ გამოძიების გაჭიანურებასთან დაკავშირებით მხოლოდ ორი მოსაზრება შეიძლება არსებობდეს:

“წმინდა თეორიულადაც მხოლოდ ორი ვარიანტია, როცა ასეთი შემთხვევა ხდება: შვიდი თვე რომ ვერ გაარკვევ, ხე ჯანსაღი იყო თუ არა, აქ ან კომპეტანცია არ გყოფნის და უბრალოდ ვერ არკვევ ამ საკითხს, რაც თითქმის ფანტასტიკის სფეროა და ძალიან რთულად სავარაუდოა. მეორე ვარიანტია, რომ ხელოსვნურად აჭიანურებენ: უბრალოდ, არ გინდა ეს საქმე გამოიძიო, გაარკვიო, რადგან ისეთი ხალხია ჩარეული, რომ მათი შეწუხება არ გინდა. თეორიულადაც კი შეუძლებელია, რომ აქ იყოს სხვა ამბავი. ერთიც უბედურებაა და მეორეც, თუმცა პირველი ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, ხოლო მეორე – ძალიან სავარაუდოა,” – ამბობს ზურაბიშვილი.

ზურაბიშვილის განცხადებით, სწორედ ამიტომ არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ ეს საქმე შესაძლოა დაკავშირებული იყოს კორუფცუასთან, რომელსაც პროკურატურა შეგნებულად არ იძიებს ან თაროზე დებს, რომ მერე გამოიყენოს, როცა მოუნდება:

“ტიპიური შემთხვევა გვაქვს პროკურატურის პოლიტიზირების. ერთადერთი, რაც შემიძლია დავპირდეთ ხალხს: არც მე და არც ალეკო ელისაშვილი, თბილისის მაჟორიტარი დეპუტატები საბურთალოდან, არ ვაპირებთ, რომ ამ საქმეს შევეშვათ და მუდმივად გავახსენებთ პროკურატურას მის მოვალეობას.”

ალეკო ელისაშვილისა და დავით ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებებს თბილისის მერი, დავით ნარმანია გამოეხმაურა. მისი თქმით, ყაზბეგის გამზირზე მოჭრილ ხეებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და ის არ გაჩერებულა.

“პერიოდულად თბილისის მერიიდან გამოძიებას მიეწოდა მათი მხრიდან მოთხოვნილი ყველა ინფორმაცია, მოხდა შესაბამისი პირების დაკითხვა. ასე რომ, საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად მიმდინარეობს გამოძიება და მისი შედეგი თანადროულად იქნება ცნობილი. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს,” – განაცხადა ნარმანიამ.

თბილისის მერიის გამწვანების სამსახურის მიერ გაცემული ნებართვით ყაზბეგის გამზირზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსებეს მშენებლობის გამო საღი ხეები 17 აგვისტოს გაჩეხეს. პარტიზანმა მებაღეებმა თბილისის მერიასთან პერმანენტული აქციები იმავე დღეს დაიწყეს. გამწვანების სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილის გათავისუფლების მოთხოვნით ნატა ფერაძე და ელენე მალაშევსკი-ჯაყელი კვირაზე მეტხანს შიმშილობდნენ, თუმცა თბილისის მერია და გარემოს დამცველები საბოლოოდ ვერაფერზე შეთანხმდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი