ახალი ამბები

გონიოში საპროტესტო აქცია გაიმართება

30 აპრილი, 2013 •
გონიოში საპროტესტო აქცია გაიმართება

არჩევნების შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც გონიოელები აქციას გამართავენ. ისინი ამჯერად ეცდებიან ახალი ხელისუფლების ყურადღება მიიქციონ – გონიოელები ჩამორთმეული მიწის საკუთრებაში დაბრუნებას ითხოვენ.

გონიოში მცხოვრები მოსახლეობა უკვე წლებია ითხოვს მათ სარგებლობაში არსებული მიწების საკუთრებაში დარეგისტრირებას. მათი მოთხოვნა 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ გაითვალისწინეს – მაშინ პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე გლეხებს მიწები დაურეგისტრირეს. არჩევნების შემდეგ კი იგივე კომისიამ გააუქმა გლეხებს საკუთრების უფლება, რომელმაც მიწა დაუკანონა.

 

გონიოელებმა საიას მხარდაჭერით სასამართლოს მიმართეს. მათ დავა ყველა ინსტანციაში წააგეს. ლადო მჟავანაძე ამბობს, რომ მხოლოდ 10-მდე ოჯახმა მოახერხა საჩივრის ევროსასამართლოში გაგზავნა.

 

გონიოელებმა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მიწას არ ფლობენ საკუთრებაში, გასულ წლებში ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ სახელმწიფოს ეს მიწები არ გაესხვისებინა. ინვესტორს, ერთ-ერთი შეიხს, რომელიც გონიოს მიწების დასათვალიერებლად პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად მივიდა, დაახვედრეს ტრაფარეტები – ეს კერძო საკუთრებაა. მოსახლეობამ მუყაოზე შესრულებული წარწერები მაღალ ხეებზე დაამაგრა.

 

გონიოელებს ჰქონდათ მცდელობა გონიოს ციხის კარებზე დაედოთ ბოქლომი, როდესაც მიხეილ სააკაშვილი სტუმრებთან ერთად ციხის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. მაშინ მოსახლეობას ამის გაკეთება პრეზიდენტის დაცვამ არ დაანება.

 

გონიოელები ფიქრობდნენ, რომ არჩევნების შემდეგ მათ პრობლემას აქციის გარეშეც მიაქცევდა ყურადღებას ხელისუფლება. დღეს ჩათვალეს, რომ აქცია უნდა გამართონ.

 

2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გონიოში უმიწოდ 1500 ადამიანი დარჩა.

მასალების გადაბეჭდვის წესი