აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, როგორც სამინისტრო აცხადებს, ის მაქსიმალურად ცდილობდა, სამუშაო პროცესში ჩაერთო გუბერნატორები, რომლებიც ადგილებზე არსებულ პრობლემებზე სამინისტროსთან ერთად იმუშავებდნენ.
საბოტაჟის თვალსაჩინო მაგალითად, სამინსიტროს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების რეესტრი მოჰყავს.
“აღნიშნული ფონდიდან პროექტების დასაფინანსებლად მუნიციპალიტეტებთან ერთად, პროექტების წარდგენის შესაძლებლობა პრეზიდენტის რწმუნებულებსაც ჰქონდათ. ამის მიუხედავად, მითითებულ ვადაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში რწმუნებულების მიერ მხოლოდ სამი პროექტი შემოვიდა – შიდა ქართლის, იმერეთისა და გურიის გუბერნატორებისგან. მიუხედავად იმისა, რომ გუბერანტორებს ჰქონდათ შესაძლებლობა და ვალდებულებაც, რომ საკუთარ რეგიონში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე ეზრუნათ, მათ ამ შესაძლებლობაზე, ანუ მოსახლეობის პრობლემების მოგვარების რეალურ შანსზე, პრაქტიკულად, უარი თქვეს.”
სამინისტროში კიდევ ერთ მაგალითზე საუბრობენ, რომელიც მარტის თვეში საქათველოში მომხდარი სტიქიას (ქარიშხალი) უკავშირდება.
“სტიქიამ 10-ზე მეტი თვითმმართველობა დააზარალა. დაზარალებული მოსახლეობის რაოდენობა საკმაოდ მაღალი იყო, თუმცა, ამ პერიოდში სამინისტროსთვის არც-ერთ გუბერნატორს არ მოუმართავს.”
გარდა ამისა, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში – 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, როგორც სამინისტროში აცხადებენ, გუბერნატორებმა საკუთარ რეგიონებში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ ათჯერ მიმართეს.
“მიუხედავად ამ წერილებისა, გუბერნატორებმა არ იზრუნეს, რომ ეს და სხვა პრობლემები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მეშვეობით მოგვარებულიყო იმ წესის მიხედვით, რომელიც დადგენილ იქნა საქართველოს მთავრობის მიერ. ამის პარალელურად, საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულების მხრიდან ხშირად ისმის ბრალდებები, თითქოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტები შეაჩერა. კიდევ ერთხელ კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ სამინისტროს 2013 წელს დაგეგმილი არც ერთი პროექტი არ შეუჩერებია და 2013 წლის პირველი კვარტლის შედეგები 36 პროცენტით აღემატება 2012 წლის პირველი კვარტლის შედეგებს, ხოლო საქართველოს მთავრობამ მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად დამატებით 643 პროექტის დასაფინანსებლად 200 მილიონი ლარი გამოყო.”
აქვე, სამინისტრო სტატისტიკასაც აქვეყნებს, რომლის შესაბამისად, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციაში ქვეყნის მაშტაბით დასაქმებულია 450-მდე თანამშრომელი და მათი დაფინანსება შეადგენს 6,5 მილიონ ლარს.
“სამწუხაროა, რომ ამ რესურსის ძირიადი ნაწილი არ ხმარდება მოსახლეობის პრობლემების მოგვარებას, გუბერნატორები კანონით დაკისრებულ მოვალეობებს არ ასრულებენ და და მათი რესურსი, პრაქტიკულად, საბოტაჟის ტიპის საქმიანობისთვისაა გამოყენებული. მიუხედავად იმისა, რომ გუბერნატორებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, ისინი, ასევე, ანგარიშვალდებულნი არიან მთავრობისა და, რაც მთავარია, საკუთარი მოსახლეობის წინაშე. ამიტომაც, მოვუწოდებთ გუბერნატორებს, უარი თქვან ვიწროპარტიულ ინტერესებზე, გამოვიდნენ სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებიდან და, ცრუ და ცილისმწამებლური ბრალდებების ნაცვლად, აკეთონ საქმე, რომელიც რეგიონებში მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას წაადგება.”