ახალი ამბები

ხელისუფლება კომპრომისის იმიტაციის შექმნას ცდილობს – კორძაია “ოცნების განახლებულ დიალოგზე”

15 აგვისტო, 2017 • 2370
ხელისუფლება კომპრომისის იმიტაციის შექმნას ცდილობს – კორძაია “ოცნების განახლებულ დიალოგზე”

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი, თამარ კორძაია აცხადებს, რომ ხელისუფლება კიდევ ერთხელ ცდილობს შექმნას კონსტიტუციის პროექტში ცვლილებების შესახებ გარკვეულ საკითხებზე თანხმობისა და კომპრომისის იმიტაცია. მისი თქმით,  დიალოგის განახლება რეალურად არ ხდება.

როგორც კორძაია ამბობს, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ მმართველ გუნდთან დიალოგში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ კონკრეტული პირობებით:

“სამართლიანი პროპორციული საარჩევნო სისტემა, 3%–იანი მუდმივი ბარიერი და ასევე ბლოკების უფლების ქონის დატოვება. თუ რომელიმე პარტია ამ სამი პირობის გარეშე დათანხმდება მოლაპარაკებას, ეს ნიშნავს, რომ უკვე კომპრომისებზეც მიდიან მაშინ, როდესაც ეს პირობები იყო ერთობლივი. ყველა ამ პირობებზე საუბრობდა, მაგრამ ზოგიერთ პარტიას შესაძლოა აწყობდეს კიდეც თუნდაც ის შემოთავაება, რაც გუშინ გაჟღერდა შერეული სისტემის ფარგლებში (უბარიერო სისტემა, რაც მომგებიანია მხოლოდ ხელისუფლებისთვის და არა თუნდაც სუსტი ოპოზიციური პარტიებისთვის).”

მისი თქმით, მსგავსი მოდელი უკვე არსებობდა ედუარდ შევარდნაძის პერიოდში, რაც ძალიან კარგად გამოიყენა შევარდნაძემ და მისმა ხელისუფლებამ.

“ამიტომ ჩვენი პირობაა: სამართლაინი პროპორციული საარჩევნო სისტემა, მანდატირების სამართლიანი გადანაწილების წესი არაუმეტეს 3%–იანი მუდმივი ბარიერისა და ბლოკების უფლების ქონის დატოვება. ამ სამი პირობის გარეშე ჩვენ აღარ შევალთ ხელისუფლებასთან დიალოგზე, თუ ამაზე არ წამოვლენ,” – ამბობს “რესბპულიკური პარტიის” ერთ–ერთი ლიდერი.

თამარ კორძაიას განცხადებით, მმართველი პოლიტიკური გუნდის ერთადერთი ინტერესია, საერთაშორისო საზოგადოებას შეუქმნას განცდა, თითქოს ის მზად არის კომპრომისებისთვის, მაგრამ ყველა მისი გახმიანებული წინადადება არ არის კომპრომისი:

“ეს ყველა პარტიამ აღნიშნა გუშინ. თუმცა ასევე შესაძლებელია, ხელისუფლება ცდილობდეს, მონახოს მასთან გარიგებაში შემსვლელი პოლიტიკური ძალები, რაც ერთი შეხედვით ცოტა რეალისტურად გამოიყურება, მაგრამ დაველოდოთ ამ შემთხვევაში მოვლენებს.”

მმართველი პარტიის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე კვალიფიციურ ოპოზიციურ პარტიებს მიმდინარე კვირაში საკონსტიტუციო ცვლილებებზე დიალოგის განახლებას სთავაზობს. არჩილ თალაკვაძის თქმით, მნიშვნელოვანია, სტრასბურგში შეხვედრამდე კიდვ ერთხელ განიხილონ საკონსტიტუციო რეფორმის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი.

მმართველი გუნდის შეთავაზებას საკონსტიტუციო ცვლილებებზე დიალოგის განახლებასთან დაკავშირებით კვალიფიციური ოპოზიციური პარტიების ნაწილი თანხმდება.

ნეტგაზეთის ინფორმაციით, თავისუფალი დემოკრატები, ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა არ აპირებს 3%–იანი მუდმივი ბარიერის მოთხოვნას. ჩვენი წყაროს ცნობით, თავისუფალ დემოკრატებს 3–ის ნაცვლად 5%–იანი ბარიერი სურთ, ხოლო ევროპული საქართველო უბარიერო საარჩევნო სისტემას თანხმდება. ამის შესახებ პოლიტიკური პარტიები, სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ გაავრცელებენ საერთო განცხადებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი