თალაკვაძე: კვალიფიციურ პარტიებს ვთავაზობთ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობის განახლებას

მმართველი პარტიის ლიდერი კვალიფიციურ ოპოზიციურ პარტიებს მიმდინარე კვირაში საკონსტიტუციო ცვლილებებზე დიალოგის განახლებას სთავაზობს. არჩილ თალაკვაძის თქმით, მნიშვნელოვანია, სტრასბურგში შეხვედრამდე კიდვ ერთხელ განიხილონ საკონსტიტუციო რეფორმის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი:

“ჩვენი გუნდი მზად არის, საშემოდგომო სესიამდე დარჩენილი დრო გამოიყენოს პოლიტიკური დიალოგისთვის. შესაბამისად, ყველა კვალიფიციურ ოპოზიციურ პარტიას ვთავაზობთ, მიმდინარე კვირაში შევიკრიბოთ და განვაახლოთ მსჯელობა საკონსტიტუციო ცვვლილებების შესახებ, ვინაიდან საქართველოში წარმოვადგენთ პოლიტიკურ პარტიებს, საზღვარგარეთ კი წარმოვადგენთ საქართველოს. ამიტომ მნიშვნელოვანია, სტრასბურგში შეხვედრამდე კიდევ ერთხელ განვიხილოთ  საკონსტიტუციო რეფორმის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი” – თქვა არჩილ თალაკვაძემ საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით კონსულტაციების დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. 

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს პოლიტიკური პარტიებისთვის კონკრეტული შეთავაზება არ გაუხმიანებია. მათ შორის არ უსაუბრია 2020 წლის არჩევნებზე ბარიერის შესაძლო გაუქმების შესახებ შეთავაზებაზე. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა საპარლამენტო უმრავლესობას ეს შეთავაზება გაეკეთებინა, გუშინ “ინტერპრესნიუსმა” გაავრცელა. დღეს, დღის განმავლობაში, საკუთარი პოზიცია ამ თემაზე არაერთმა პოლიტიკურმა პარტიამ დააფიქსირა. მათი ნაწილი მსგავს შეთავაზებას მკვეთრად ნეგატიურად აფასებდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.