ივანიშვილი სიტყვით გამოსვლისას რეგიონში არსებულ მდგომარეობას და 2008 წლის ომს შეეხო:
“სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონში კიდევ არსებობს კონფლიქტების საშიშროება. უნდა აღვნიშნო, რომ კავკასია ჯერ კიდევ არ არის მშვიდობის ზონა. უფრო მეტიც, რეგიონი პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციის პროცესის ერთ-ერთ ურთულეს უბნად ჩამოყალიბდა. თვითონ განსაჯეთ, ამ მცირე ტერიტორიაზე ერთდროულად ორი სახელმწიფოთაშორისი და სამი რეგიონალური კონფლიქტია. არც ერთ მათგანს, ჯერჯერობით, გადაწყვეტის გამოკვეთილი პერსპექტივა არა აქვს”, – განაცხადა ივანიშვილმა. მისი თქმით, პრაქტიკული შედეგი საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ამ კონფლიქტების მოწესრიგების მიზნით ინიცირებულმა მექანიზმებმა ვერ მისცა, ამიტომ მათი მხარდაჭერა საქართველოს კვლავ სჭირდება.
ივანიშვილის თქმით, ნატოში გაწევრიანება საქართველოსთვის კვლავ ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. პრემიერ–მინისტრმა ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რაც მათ საქართველოს 2008 წლის ომის პერიოდში გაუწიეს:
“2008 წელი უმძიმესი იყო ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის მიერ იქნა ოკუპირებული. 2008 წლის აგვისტოში ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ განმეორებით იქნა ჩადენილი სასტიკი დანაშაული – ეთნიკური წმენდა, რაც აფხაზეთში 90-იანი წლების კონფლიქტებისას განხორციელდა. ეს დადასტურებულია არა ერთ საერთაშორისო დოკუმენტსა თუ განცხადებაში”, – აღნიშნა ივანიშვილმა.
პრემიერ–მინისტრის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საგარეო კურსი ცნობილია, საქართველომ საგარეო პოლიტიკაში ახალი კომპონენტი შეიტანა რუსეთთან დიალოგის დაწყების სახით:
“რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ჩემი სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნამ საშუალება მოგვცა კონკრეტული პრაგმატული ნაბიჯები გადაგვედგა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, ეკონომიკური და კულტურული კავშირები. მაგრამ ამასთან დაკავშირებით ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჟენევის მოლაპარაკებები არის ერთადერთი ფორმატი რუსეთთან კონფლიქტის შესახებ მოლაპარაკებების საწარმოებლად და ჩვენ ამ პროცესის ერთგული ვიქნებით”, – განაცხადა ივანიშვილმა. მისივე თქმით, თბილისსა და მოსკოვს შორის დაწყებულმა დიალოგმა არ უნდა შექმნას შთაბეჭდილება, რომ საქართველო დამოუკიდებლად აგვარებს რუსეთთან ურთიერთობას და აღარ საჭიროებს პარტნიორების მხარდაჭერას.
ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო მზად არის კვლავ შეიტანოს წვლილი ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში. მისი თქმით, საქართველო ISAF–ის მისიის სამხედრო კონტიგენტის ერთ–ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია და საქართველო დარჩება ავღანეთში, ნატოს ახალი მისიის ფარგლებში, 2014 წლის შემდეგაც.
ივანიშვილის განცხადებით, საქართველოში პროცესები რთულად მიმდინარეობს, თუმცა ნელ–ნელა შეიმჩნევა კონკრეტული შედეგები:
“ამის ნათელი დადასტურებაა პოლიტიკურ ძალებს შორის მიმდინარე დიალოგი, ერთობლივად მიღებული საპარლამენტო რეზოლუცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ, დაბოლოს, ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებსაც პარლამენტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
ივანიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ალიანსი სათანადოდ შეაფასებს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, ასახავს ამას კონკრეტულ გადაწყვეტილებაში და ამით წინ წასწევს ნატოში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას.